საზოგადოება

მილიონობით ევრო — კანდიდატობის შემთხვევაში როგორ დაეხმარება EU ქართველ ფერმერებს

16 ივნისი, 2022 • 1472
მილიონობით ევრო — კანდიდატობის შემთხვევაში როგორ დაეხმარება EU ქართველ ფერმერებს

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება, გარდა იმისა, რომ ეს არის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ერთ-ერთი საკვანძო ეტაპი, ასევე მოიაზრებს ევროკავშირისგან ამ ქვეყნებისათვის გამოყოფილ პრაქტიკულ, კერძოდ კი, ფინანსურ მხარდაჭერასაც.

ევროკავშირი ამას აკეთებს, მათ შორის, გაწევრიანებამდელი მხარდაჭერის ინსტრუმენტის (IPA) ფარგლებში, რომელიც სხვა განზომილებებთან ერთად, ასევე, მოიცავს სოფლის მეურნეობისა და აგრარული პროგრამების მხარდაჭერას.

სწორედ ამ მიზნისთვის, IPA-ს ფარგლებში არსებობს „გაწევრიანებამდელი მხარდაჭერის ინსტრუმენტი სასოფლო განვითარებისთვის“ (IPARD), რომელიც ამჟამად მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებში განხორციელებულ პროექტებს აფინანსებს.

როგორ მუშაობს IPARD

IPARD-ის მეშვეობით, ევროკავშირი ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას უწევს კანდიდატ ქვეყნებს , რათა:

  • ამ ქვეყნების სოფლის მეურნეობის სექტორი და ზოგადად სასოფლო სივრცე უფრო მდგრადი გახადოს;
  • ევროკავშირის საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკასთან დაახლოოს კანდიდატი ქვეყნები.

ამჟამად ევროკავშირი ამ პროგრამით მხარს უჭერს ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, სერბეთსა და თურქეთს, ანუ იმ ქვეყნებს, რომლებიც არიან კანდიდატები და არ არიან პოტენციური კანდიდატები.

კიდევ ერთი ქვეყანა, რომელიც არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და წარსულში იღებდა დაფინანსებას IPARD-იდან, მაგრამ დღეს აღარ იღებს, არის მონტენეგრო. მიზეზი ისაა, რომ ქვეყანამ მანამდე გამოყოფილი თანხის ათვისება ვერ შეძლო.

2014-2020 წლებში IPARD-ის მუშაობა ევროკავშირის ბიუჯეტიდან თითქმის 1 მილიარდი (946 მილიონი) ევროთი დაფინანსდა. გარდა ევროკავშირისა, პროგრამის თანადაფინანსება უშუალოდ ბენეფიციარ ქვეყნებზეც მოდის.

შედეგად, 2014-2020 წლების ბიუჯეტი მილიარდ 154 მილიონი ევრო იყო, რაც შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • ალბანეთი – 71 მილიონი ევრო;
  • მონტენეგრო – 39 მილიონი ევრო;
  • ჩრდილოეთ მაკედონია – 60 მილიონი ევრო;
  • სერბეთი – 175 მილიონი ევრო;
  • თურქეთი – 801 მილიონი ევრო.

შედარებისთვის, ალბანეთი, მონტენეგრო და ჩრდ. მაკედონია საქართველოზე გაცილებით პატარა ქვეყნებია, როგორც მოსახლეობით, ისე ტერიტორიის ფართობით.

საქართველოზე მცირედით დიდია სერბეთი, თუმცა ზომიდან გამომდინარე, მაინც მცირე ქვეყნების ჯგუფში ერთიანდება. ჩამონათვალში ყველაზე მოზრდილი ქვეყანა თურქეთია, რომელზეც, შესაბამისად, დაფინანსების ყველაზე დიდი წილი მოდის.

IPARD ამ ქვეყნებში ახორციელებს, აფინანსებს ან თანამონაწილეობს (ფერმერებთან და ბენეფიციარ ქვეყნებთან ერთად) ისეთ პროექტებს, რომელთა მიზანიც სასოფლო-სამეურნეო სექტორში საწარმოებისთვის და კერძო პირებისთვის ფინანსური დახმარებაა, მათ შორის შენობა-ნაგებობების ასაგებად, გადამამუშავებელი დანადგარების შესაძენად, მარკეტინგისთვის, ბიზნესის დივერსიფიკაციისა და განვითარებისთვის, ორგანული და ბიომეურნეობების მოსაწყობად და ასე შემდეგ.

მაგალითები ალბანეთიდან – ფოტოები

ფერმერი ართან ჟაპუნი, რომელმაც ევროკავშირის დახმარებით ახალი ტრაქტორი შეიძინა

ქათმის გადამამუშავებელი საწარმო, რომელმაც საწარმოო ინვენტარი განაახლა – „Arna shpk“

მეღვინე ლიბონიკე ნურელარი, როლმაც ახალი გამოსახდელი კასრები შეიძინა 

როგორ ეხმარება ამჟამად ევროკავშირი საქართველოს

ამჟამად საქართველოში ევროკავშირი ENPARD-ის პროგრამის საშუალებით უჭერს მხარს სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებას.

პროგრამას სამი მიზანი აქვს:

  • სოფლის მეურნეობის ინსტიტუტების ეფექტიანობის გაუმჯობესება და მათი დახმარება სოფლის მეურნეობის სექტორის რეფორმირების პროცესში
  • სოფლის მოსახლეობის ცხოვრებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება ფერმერთა თანამშრომლობისა და რესურსებზე წვდომის უნარების გაძლიერებით;
  • სოფლად, განსაკუთრებით ქალებისა და ახალგაზრდებისთვის, გარემოს და კულტურული მემკვიდრეობის სათანადო პატივისცემით, დივერსიფიცირებული სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობების ხელშეწყობა.

მხარდაჭერის ბიუჯეტი 234.5 მილიონი ევროა, რაც 2013-2025 წლებზეა (14 წელი) გადანაწილებული.

როგორც წესი, ქვეყნებისთვის,-მას შემდეგ, რაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუს იღებენ,- იზრდება დახმარება, რომელსაც ევროკავშირისგან, მათ შორის, სოფლის მეურნეობის სფეროს გასაუმჯობესებლად, იღებენ.


ევროკომისია ხვალ, 17 ივნისს წარადგენს საკუთარი მოსაზრებების დოკუმენტს, რომელიც შეიმუშავა EU-კითხვარზე საქართველოს მიერ მომზადებულ პასუხებზე დაყრდნობით. ამაზე დაყრდნობით მოგვიანებით ევროპული საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, მიენიჭოს თუ არა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი