საზოგადოება

ანტიდასავლური, მანიპულაციური კვლევა, რომელიც „საზოგადოებას ყოფს“

14 ივნისი, 2022 • 1295
ანტიდასავლური, მანიპულაციური კვლევა, რომელიც „საზოგადოებას ყოფს“

მანიპულაციური, პროფესიულ სტანდარტებს აცდენილი კვლევა, რომლის მიზანიც ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორისკის გამყარება და საზოგადოების გახლეჩაა — ასე აფასებენ საქართველოში მომუშავე ავტორიტეტული სოციოლოგები და არასამთავრობო ორგანიზაციები ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებულ კვლევას.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა „იმედისთვის“ მოამზადა ქართულმა კვლევითმა ორგანიზაცია „გორბმა“, რომელიც წინა წლებში არჩევნებზე სწორედ ამავე ტელეარხისთვის ატარებდა ეგზიტპოლებს. კვლევის შედეგები 13 ივნისს სწორედ „იმედის“ ეთერით გააცნეს მაყურებლებს.

შეკითხვების ნაწილში აღნიშნული იყო, რომ კონკრეტული ძალები საქართველოში “მეორე ფრონტის გახსნით” არიან დაინტერესებული. ამასთან, გამოთქმული იყო ვარაუდი, რომ შესაძლოა, დასავლეთმა საქართველოს მოსთხოვოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმა და აღნიშნული იყო, რომ ამას ეწინააღმდეგება მმართველი პარტია.

„გორბის“ კვლევაში საკითხის მსგავსი ფორმით გამოჩენას წინ უძღოდა რამდენიმე კვირის განმავლობაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის, დეპუტატებისა და სხვა თანამდებობის პირების თითქმის იდენტური შინაარსის განცხადებები და მინიშნებები.

საქართველოზე ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუციის შემდეგ კი „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა მხარდამჭერებმა ანტიდასავლური პროპაგანდა მსგავსი მესიჯებით კიდევ უფრო გაააქტიურეს.

რა ვიცით კვლევის შესახებ

როგორც „იმედი“ აცხადებს, „გორბმა“ აღნიშნული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა მათი დაკვეთით 2022 წლის 2 ივნისიდან 7 ივნისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, ჩაატარა. კვლევის ფარგლებში ტელეფონით გამოკითხეს 1001 ადამიანი, კვლევის ცდომილების ზღვარი კი +/- 3 პროცენტს შეადგენს.

კვლევაში დასმული იყო შემდეგი შეკითხვები: „ყველაზე მეტად ვინ არის დაინტერესებული მეორე ფრონტის გახსნით რუსეთთან“, „თუ დასავლეთი მოსთხოვს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმას, როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია“, „ეთანხმებით თუ არა ქართული ოცნების პოლიტიკას, არ მოხდეს საქართველოს ჩართვა რუსეთ-უკრაინის ომში“ და სხვა.

„იმედის“ ცნობით, პასუხები კითხვებზე შემდეგნაირად გადანაწილდა:

კითხვა 1:

კითხვა 2:

კითხვა 3:

ტელეკომპანია არ აკონკრეტებს კვლევის დანარჩენ დეტალებს, მათ შორის, არც იმას, კითხვები დახურული სახის იყო თუ ღია.

ნეტგაზეთი დამატებითი დეტალების გასარკვევად დაუკავშირდა „გორბსა“ და ტელეკომპანია „იმედს“. „გორბის“ ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ მსგავს საკითხებზე კომპანიის დირექტორი აკეთებს განცხადებებს და შეგვპირდნენ, რომ დაგვირეკავდნენ, თუმცა ამ დრომდე მათგან პასუხი არ მიგვიღია. რაც შეეხება „იმედს“,  ტელეკომპანიის დირექტორთან, მაკა ლომიძესთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა ჩვენს სატელეფონო ზარს და მოკლე-ტექსტურ შეტყობინებას არ უპასუხა.

რა პრობლემა აქვს კვლევას

სოციოლოგები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კვლევა არ აკმაყოფილებს პროფესიულ სტანდარტებს, რადგან მსგავსად ფორმულირებული კითხვები თავადვე შეიცავს პასუხებს და ამასთან, არ ემყარება რეალობას და ჰიპოთეზური ხასიათისაა.

სოციოლოგიის დოქტორი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერიტეტის სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულების ხელმძღვანელი იაგო კაჭკაჭიშვილი ნეტგაზეთთან ინტერვიუში ამბობს, რომ კვლევის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი — შეკითხვები — მანიპულაციური ხასიათისაა და ორი ძირითადი სტანდარტის დარღვევითაა დასმული. კერძოდ, მისი თქმით:

  1. შეკითხვები არ უნდა იყოს ისე დასმული, რომ რესპონდენტს გარკვეული პასუხის გაცემისკენ უბიძგებდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს პასუხი მიკერძოებულია და დამკვეთის ინტერესების გატარებას ემსახურება;
  2. კითხვები არ უნდა დაისვას ჰიპოთეზურ ვითარებაზე, ანუ წარმოსახვით მომავალზე ყოველგვარი რეალური საფუძვლის გარეშე.

“აქ თითქოს ფაქტად აღებულია, რომ დასავლეთი ხელისუფლებას ახალი ფრონტი გახსნას სთხოვს. კითხვა კი შეიცავს სიტყვებს „თუ მოსთხოვს“, მაგრამ ეს არაფერს ეფუძნება. არანაირი წინაპირობა, რომ დასავლეთი ომის დაწყებას და ახალი კონფლიქტის გაჩაღებას ითხოვს არ არსებობს. მაშ, რატომ ვსვამთ ამ შეკითხვას?

კვლევის ინსტრუმენტი ყოველთვის უნდა მოერიდოს ისეთი ჰიპოთეზური შეკითხვების დასმას, რომელიც ფანტაზიის სფეროში იკეტება. ეს პროფესიული სტანდარტების ანაბანაა. აქ ორივე სტანდარტი დარღვეულია“, — განმარტავს კაჭკაჭიშვილი.

ამასთან, იაგო კაჭკაჭიშვილი აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების ფუნქცია მხოლოდ განწყობების აღწერა არაა, არამედ ის თავად ახდენს მნიშვნელოვან გავლენას საზოგადოების განწყობებზე და საზოგადოებრივი ცნობიერების ფორმირებაც შეუძლია.

იაგო კაჭკაჭიშვილი

მისი შეფასებით, „იმედის“ დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში გახმიანებული შეკითხვები ანტიდასავლურ პროპაგანდას ამყარებს, რომლის მიხედვითაც, თითქოს „დასავლეთი საქართველოს ომში ჩართვის მომხრეა“.

კაჭკაჭიშვილის თქმით, ანტიდასავლური განწყობების გამყარების გარდა, კვლევის კიდევ ერთი მისია ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკის გამყარებაა საზოგადოებრივი აზრით:

„ხელისუფლებას სურს აჩვენოს, რომ ეს ანტიდასავლური რიტორიკა და პოლიტიკა არ არის მხოლოდ ხელისუფლების წიაღში გაჩენილი მოძრაობა, არამედ, თითქოს, ის და საზოგადოება ერთიანია, თითქოს, ის გამოხატავს იმ განწყობებს, რაც საზოგადოებაში არსებობს.

ეს გამოკითხვა არის ანტიდასავლური პროპაგანდის, ქადაგების თუ პოლიტიკის ნაწილი და მას არაფერი საერთო არ შეიძლება ჰქონდეს მეცნიერებასთან, ობიექტურობასთან, მიუკერძოებლობასთან, პროფესიული სტანდარტების დაცვასთან და ა.შ.“, — მიიჩნევს იაგო კაჭკაჭიშვილი, რომელიც სოციოლოგიის მიმართულებით უკვე ათწლეულებია ეწევა კვლევით და პედაგოგიურ საქმიანობას როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო უნივერსიტეტებში.

აღნიშნულ საკითხზე იაგო კაჭკაჭიშვილის აზრს იზიარებს ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციის, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC – საქართველო) დირექტორი კობა თურმანიძეც. ნეტგაზეთთან საუბრისას ის განმარტავს, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩატარებისას კითხვის დასმას საკუთარი წესი აქვს:

„ჯერ უნდა გავიგოთ, რამდენად არის აქტუალური რაიმე საკითხი და შემდეგ დავიწყოთ მუშაობა, როგორ მოვახერხოთ კითხვის ფორმულირება ისე, რომ გავიგოთ რესპონდენტის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ.

თუ საკითხი არ დგას ასე, შეკითხვას საერთოდ არ აქვს აზრი, როგორი ფორმულირებითაც არ უნდა იყოს ის. ჩემი აზრით, არცერთი შეკითხვა არ არის რეალობის ან მოსალოდნელი რეალობის ამსახველი“, — განმარტავს თურმანიძე.

მისი თქმით, „იმედის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევა მმართველი პარტიის მხრიდან გამოთქმული „გარკვეული მესიჯების“ გაგრძელებაა. მისი თქმით, ეს პროპაგანდის ნაწილია და კვლევასთან საერთო არაფერი აქვს.

„პირიქით, ეს საზოგადოების დაბნევისკენ, გახლეჩისკენ და მანიპულაციისკენაა მიმართული“, — მიიჩნევს თურმანიძე.

კობა თურმანიძე

მისი შეფასებით, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ამ მანიპულაციებმა საზოგადოებაზე გავლენა მოახდინოს, რადგან არსებობს ბევრი მონაცემი, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს მოსახლეობა პროდასავლურია.

რაც შეეხება კვლევის შინაარს, მისი თქმით, პრობლემურია ისიც, რომ საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია, შეკითხვები ღია იყო თუ დახურული.

„რთულად წარმომიდგენია, რომ რესპონდენტს ასე ღიად დაუსვეს კითხვა და თვითონ მოიფიქრა პასუხები. სავარაუდოდ, მიაწოდეს „მეორე ფრონტის გახსნაში დამნაშავეები“ და შემდეგ ზოგმა ერთი ამოირჩია, ზოგმა მეორე“, — განმარტავს თურმანიძე.

კვლევას მანიპულაციად აფასებს და მისი კითხვების პრორუსულ პროპაგანდასთან თანხვედრაზე საუბრობს „სამართლიანი არჩევნებიც“ (ISFED). ამის შესახებ განცხადება ორგანიზაციამ დღეს, 14 ივნისს გამოაქვეყნა. ISFED-ის შეფასებით, კითხვების ნაწილის ფორმულირება ვალიდობის სტანდარტს არ შეესაბამება, აცდენილია აქტუალობას, მიზნად ისახავს საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას და პროპაგანდის ინსტრუმენტს წარმოადგენს:

„იმედის დაკვეთით ჩატარებული კვლევის ეს ნაწილი, თავისი აბსურდულობით, აქამდე შეფარვით მიმდინარე ანტიდასავლური რიტორიკის საზოგადოებრივ აზრზე მოხვევის მცდელობას წარმოადგენს.

წარმოდგენილი კვლევა ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი პროპაგანდის მეთოდების არაერთ ტექნიკას აერთიანებს, როგორიცაა შიშის დანერგვა, ადამიანების არარსებული არჩევანის წინაშე დაყენება, მტრის ხატის შექმნა, საზოგადოებრივი აზრისა და განწყობების მანიპულაცია და მოტყუება“, —ნათქვამია ISFED-ის განცხადებაში.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კვლევა მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ევროპარლამენტის რეზოლუციის საპასუხოდ „ხელისუფლების წარმომადგენლები მსგავსი რიტორიკით და მინიშნებებით ყოველდღიურად აკეთებენ საჯარო განცხადებებს”. ISFED მიიჩნევს, რომ ეს კვლევა არის მცდელობა, ხელისუფლების წარმომადგენლების მსგავსი დამოკიდებულებები საზოგადოების მხრიდან ლეგიტიმურად წარმოაჩინონ.

ორგანიზაციისვე შეფასებით, აღნიშნული აშკარად წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ გაცხადებულ არჩევანთან დაპირისპირების მცდელობას და ეწინააღმდეგება კონსტიტუციურად გამყარებულ პროევროდასავლურ საგარეო პოლიტიკურ კურსს.

მასალების გადაბეჭდვის წესი