საზოგადოება

რატომ ახსენებენ საქართველოს EU-ს გზაზე სლოვაკეთის მაგალითს

10 ივნისი, 2022 • 2717
რატომ ახსენებენ საქართველოს EU-ს გზაზე სლოვაკეთის მაგალითს

მიმდინარე დღეებში ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით საქართველოს განაცხადზე გადაწყვეტილების მოახლოების ფონზე, ზოგიერთმა ევროპარლამენტარმა თბილისს სლოვაკეთის მაგალითი შეახსენა. ცენტრალური ევროპის ეს ქვეყანა ახლა ევროკავშირის წევრია, თუმცა ამ შედეგისთვის მარტივად არ მიუღწევია.

ევროპარლამენტიდან საქართველოს ახსენებენ, რომ 90-იანი წლების ბოლოს სლოვაკეთი არ მიიწვიეს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებზე, რისი მთავარი მიზეზიც ქვეყნის მაშინდელი მთავრობის არადემოკრატიული პოლიტიკა იყო.

ამ სტატიაში მოკლედ გიამბობთ, რა ხდებოდა 90-იანი წლების სლოვაკეთში.

“მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, არ გაიმეორონ მეჩიარის შეცდომები”

საქართველოს ევროინტეგრაციის კონტექსტში სლოვაკეთის მაგალითმა გაიჟღერა როგორც ევროპარლამენტარების — ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიანეს — წერილში, ისე ევროპარლამენტში გამართული დებატებისას, რომელიც საქართველოში მედიის მდგომარეობას ეხებოდა.

კუბილიუსმა და იუკნევიჩიანემ გაიხსენეს 1997 წელი, როდესაც ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის რამდენიმე სახელმწიფო (პოლონეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვენია, ესტონეთი, კვიპროსი) ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოსალაპარაკებლად მიიწვიეს. მათ შორის არ იყო სლოვაკეთი, რომელსაც იმ დროს პოპულისტი პრემიერ-მინისტრი, ვლადიმირ მეჩიარი მართავდა.

“იმ დროს სლოვაკების აბსოლუტური უმრავლესობა მტკიცედ უჭერდა მხარს მათი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. თუმცა მხოლოდ სახალხო მხარდაჭერა არ არის საკმარისი გაწევრიანებისთვის.

დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა საკმარისად უნდა იყოს ფესვგადგმული აპლიკანტ ქვეყანაში მოლაპარაკების პროცესის დასაწყებად”, — აღნიშნეს ევროპარლამენტარებმა წერილში.

ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიანე 

ანდრიუს კუბილიუსმა სლოვაკეთი ახსენა 8 ივნისსაც, როცა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დებატებში მონაწილეობდა. მან თქვა, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირის წევრობას, თუმცა ამისთვის “მხოლოდ ხალხის სურვილი არ არის საკმარისი”.

კუბილიუსმა  გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება, აღნიშნა რა, რომ ქვეყანაში მედიის თავისუფლება ხდება მსხვერპლი საქართველოს ფორმალური თუ ჩრდილოვანი ხელმძღვანელობის მიზანმიმართული პოლიტიკისა, რომელიც მართლმსაჯულების პოლიტიზებას გულისხმობს. შემდეგ კი დასძინა:

“ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა პოსტკომუნისტური ქვეყნები მსგავსი სიტუაციის წინაშე დგანან. 1997 წელს სლოვაკეთი არ მოიწვიეს მოლაპარაკებებზე, რადგან სლოვაკეთის პოპულისტი პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ მეჩიარი ანგრევდა დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების ფასეულობებს”.

მეჩიარი და 90-იანების სლოვაკეთი

თანამედროვე სლოვაკეთის ისტორია იწყება 1993 წლიდან, როდესაც ჩეხეთისა და სლოვაკეთის ფედერაციული რესპუბლიკა მშვიდობიანად გაიყო ჩეხეთად და სლოვაკეთად. ქვეყნის ლიდერი გახდა ნაციონალისტური პარტიის “მოძრაობა დემოკრატიული სლოვაკეთისთვის”(HZDS) თავმჯდომარე ვლადიმირ მეჩიარი.

მეჩიარი, რომელიც ჯერ კიდევ ფედერაციული რესპუბლიკის გაყოფამდე აირჩიეს სლოვაკეთის პრემიერად, ჩეხეთისაგან მეტი დამოუკიდებლობის მნიშვნელობას უსვამდა ხაზს და მოსახლეობას არწმუნებდა, რომ სწორედ ეს უნდა ყოფილიყო პასუხი როგორც სლოვაკების ეკონომიკურ პრობლემებზე, ისე ეროვნული იდენტობის ძიების მრავალსაუკუნოვან პროცესზე.

სლოვაკეთის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების წელი კიდევ ერთი, რეგიონისთვის მეტად მნიშვნელოვანი მოვლენით შევიდა ისტორიაში: დაფუძნდა ევროკავშირი, რომელმაც 4 წლის შემდეგ, ლუქსემბურგის სამიტზე, გაწევრიანებისთვის მოსალაპარაკებლად მიიწვია 6 აპლიკანტი ქვეყანა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან. მათ შორის არ იყო სლოვაკეთი.

“სლოვაკეთში ჯერ კიდევ არის უფსკრული საკონსტიტუციო ტექსტებსა და პოლიტიკურ პრაქტიკას შორის. კომისია შეშფოთებულია, რომ კანონის უზენაესობა და დემოკრატია ჯერ კიდევ არ არის საკმარისად ღრმად ფესვგადგმული.

ეს მოითხოვს მეტ ღიაობას საპირისპირო შეხედულებებისადმი, სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებასა და მათი ინდივიდუალური როლების პატივისცემას კონსტიტუციურ წესრიგში”, — წერია ევროკომისიის ანგარიშში, რომელიც 1997 წელს მომზადდა.

ვლადიმირ მეჩიარი. ფოტო: Michaela Rinova/Pravo

ევროპარლამენტის ვებგვერდის თანახმად, დამოუკიდებლობის შემდეგ, ვლადიმირ მეჩიარმა დაიწყო ძალაუფლების გადანაწილება მისდამი ლოიალურ პირთა ხელში, პრესის თავისუფლებები შეილახა, ეკონომიკური რეფორმები შენელდა, ურთიერთობები კი გაუარესდა როგორც მეზობლებთან, ისე დასავლეთთან.

მთავრობაში მზარდმა ავტორიტარულმა ტენდენციებმა განაპირობა ის, რომ მმართველი პარტიის წევრებმა პარლამენტის დატოვება დაიწყეს.

მეჩიარის გუნდში შიდა არეულობის ფონზე, 1994 წელს, სლოვაკეთის სათავეში მემარცხენე და მემარჯვენე პარტიებით დაკომპლექტებული კოალიცია მოვიდა, თუმცა, მცირე ხნით: იმავე წელს მეჩიარი კვლავ დაბრუნდა ხელისუფლებაში, ამჯერად — უფრო მკვეთრად ნაციონალისტური მთავრობით.

მთავრობის გაცხადებული საგარეო პოლიტიკური მიზანი ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება იყო, თუმცა იმავე პერიოდში სლოვაკეთში განვითარებულმა მოვლენებმა ეჭვქვეშ დააყენა აღნიშნული კურსი.

როგორ შორდებოდა სლოვაკეთი ევროატლანტიკურ სივრცეს

გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch მეჩიარის ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო პერიოდის აღწერისას საუბრობს როგორც საარჩევნო სისტემით მანიპულაციაზე, ისე დამოუკიდებელ მედიაზე შეტევასა და იმაზე, რომ მიუხედავად საერთაშორისო დაგმობისა, მთავრობამ ვერ აღკვეთა ძალადობა სლოვაკეთში მცხოვრები ბოშათა თემის მიმართ.

ამ საკითხებზე მეჩიარის მთავრობას მანამდეც მწვავედ აკრიტიკებდნენ, ერთ-ერთი მოწინავე პრობლემა კი პრესის თავისუფლების ხელყოფა იყო. როგორც საერთაშორისო მედია წერდა, მეჩიარის მუდმივი პრობლემები სლოვაკეთის გაზეთებთან, სასამართლოს გამოყენების მცდელობა გამოხატვის ჩასახშობად და სახელმწიფო მედიის ხელმძღვანელ პირთა საკუთარი პოლიტიკური მოკავშირეებით ჩანაცვლება დასავლეთის კრიტიკასაც იწვევდა.

პრემიერ-მინისტრ მეჩიარის კურსს მწვავედ აკრიტიკებდა ქვეყნის იმჟამინდელი პრეზიდენტი მიხაილ კოვაჩიც. ამ ფონზე, 1995 წლის აგვისტოში, პრეზიდენტის შვილი სლოვაკეთიდან გაიტაცეს, ავსტრიაში გადაიყვანეს და პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებასთან დატოვეს.

არსებობს მოსაზრება, რომ გატაცებაში მეჩიარის ხელი ურევია და მას ამ ფორმით პრეზიდენტ კოვაჩის შერცხვენა სურდა, ვინაიდან იმ პერიოდში გერმანიას პრეზიდენტის შვილზე დაკავების საერთაშორისო ორდერი ჰქონდა გაცემული, თაღლითობის ერთ-ერთ საქმეში მისი სავარაუდო მონაწილეობის გამო(მოგვიანებით ორდერი გაუქმდა, ბრალდებები კი — მოიხსნა).

ავსტრიაში ძალით გადაყვანილი უმცროსი კოვაჩი მართლაც დააკავეს, თუმცა სასამართლომ უარი თქვა გერმანიაში მის ექსტრადირებაზე, აღნიშნა რა, რომ საზღვარზე გადაყვანისას ადამიანის უფლებები დაირღვა.

ავსტრიის სასამართლომ 1995 წელს დაადგინა, რომ გატაცება, სავარაუდოდ, სლოვაკეთის საიდუმლო სამსახურის მონაწილეობით მოხდა, მეჩიარმა კი რამდენიმე წლის შემდეგ ამნისტია გამოაცხადა სლოვაკეთის საიდუმლო სამსახურის უფროსისა და სხვა 12 პირის მიმართ, რამაც, ერთი მხრივ, გამოძიებას შეუშალა ხელი, მეორე მხრივ კი, გააღრმავა ეჭვი საქმეში ხელისუფლების მონაწილეობაზე. თავად მეჩიარი აღნიშნულს დღემდე უარყოფს.

საიდუმლო სამსახურის აგენტი, რომელმაც საქმეზე ჩვენება მისცა, სიცოცხლის ხელყოფის შიშით საზღვარგარეთ გაიქცა, მისი მეგობარი კი, რომელიც გაქცევაში დაეხმარა, 1996 წელს მანქანის აფეთქებისას დაიღუპა.

 მიხაილ კოვაჩი პრეზიდენტის რანგში ბოლო პრესკონფერენციისას, რომლის დროსაც კვლავ გააკრიტიკა მეჩიარის კაბინეტი. კოვაჩმა დასძინა, რომ მთავრობა მას მტრად აღიქვამდა და არასდროს იღებდა მის წინადადებებს. 25.02.1998 ფოტო: EPA

გახმაურებული ინციდენტის შემდეგ მეჩიარი კიდევ რამდენიმე წლით დარჩა ხელისუფლებაში და მისი ძალაუფლება მხოლოდ გაძლიერდა. New York Times წერდა, რომ იმ დროს რუსეთთან ყველაზე კარგი ურთიერთობა, “ვარშავის პაქტის” ყოფილი სახელმწიფოებიდან, სწორედ სლოვაკეთს ჰქონდა.

დასავლელ ჟურნალისტებთან ინტერვიუებში ის ყოველთვის ამბობდა, რომ ნატო-ში გაწევრიანება სურდა, თუმცა რუს ჟურნალისტებთან, საუკეთესო შემთხვევაში, “ნელ-თბილი” რიტორიკით საუბრობდა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე.

მეჩიარი, ოპოზიციისა და მედიის მსგავსად, არც უმცირესობათა უფლებებს სწყალობდა: მან მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც კრძალავდა უნგრული ენის ოფიციალურ გამოყენებას და ამ ფორმით ზღუდავდა უნგრელ სლოვაკთა უფლებებს, რომლებიც მოსახლეობის 10%-ს წარმოადგენდნენ.

გარდა ზემოხსენებული პროცესებისა, მეჩიარის მთავრობის წლები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების უგულებელყოფის შემთხვევებითაც აღინიშნა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა უკავშირდება 1997 წლის რეფერენდუმს, რომელიც ეხებოდა სლოვაკეთის ნატო-ში გაწევრიანებას, ქვეყნის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსებას და პრეზიდენტის არჩევის წესს. ბოლო კითხვა ასე ჟღერდა:

“ეთანხმებით თუ არა იმას, რომ სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი პირდაპირ უნდა აირჩიონ სლოვაკეთის რესპუბლიკის მოქალაქეებმა…?”

მთავრობამ, სასამართლოს გადაწყვეტილების დარღვევით, ბოლო კითხვა ბიულეტენიდან ამოიღო. ის აშკარად შეეცადა, ამ კითხვის ამოღებით შეენარჩუნებინა უკვე არსებული კანონი, რომლის თანახმადაც ახალ პრეზიდენტს მეჩიარის მიერ კონტროლირებადი პარლამენტი ირჩევდა. უკმაყოფილების, ბოიკოტისა და, ჯამში, დაბალი აქტივობის გამო, კენჭისყრის შედეგები ანულირდა.

აღნიშნულის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ამომრჩევლის უფლებები დაირღვა. მეჩიართან დაპირისპირებულმა პრეზიდენტმა კოვაჩმა, რომელიც ჯერაც იკავებდა თანამდებობას, განმეორებითი რეფერენდუმი დანიშნა. თუმცა კოვაჩის ვადის ამოწურვის შემდეგ პრეზიდენტის უფლებამოსილებათა ნაწილი მეჩიარმა გადაიბარა, გააუქმა რეფერენდუმი და კოვაჩის ვაჟის საქმესთან დაკავშირებული ამნისტიაც სწორედ ამ დროს გამოსცა.

2017 წლის აპრილში სლოვაკეთის პარლამენტმა გააუქმა ხსენებული ამნისტია. იმავე წელს დაიწყო გამოძიება მეჩიარის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტზე. სლოვაკური მედიის თანახმად, გამოძიება რამდენჯერმე შეწყდა და განახლდა.

თამაშგარე მდგომარეობიდან ევროკავშირის წევრობამდე

სლოვაკეთის შიდაპოლიტიკურმა პროცესებმა მკვეთრად აზარალა ქვეყნის პოზიციები ევროპაში და მის მზარდ იზოლაციას შეუწყო ხელი:

“ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში” სლოვაკეთის გაწევრიანება საბაზრო რეფორმების უკმარისობის გამო გადაიდო, 1997  წელს კი ქვეყანა არც ნატო-ში გასაწევრიანებლად მიუწვევიათ მადრიდის სამიტზე და არც ევროკავშირში გასაწევრიანებლად — ლუქსემბურგის სამიტზე.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას გარკვეული ეკონომიკური წარმატებები ჰქონდა და ცხოვრების სტანდარტით ზოგიერთ სხვა კანდიდატ სახელმწიფოზე მაღლა იდგა, შიდაპოლიტიკური სტაბილურობის ნაკლებობა და დემოკრატიის დეფიციტი ხელის შემშლელ ფაქტორებად რჩებოდა.

ევროკომისიის 1997 წლის ანგარიშში მოცემულია პრობლემების გრძელი ჩამონათვალი სლოვაკეთში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის კუთხით. დოკუმენტის მიხედვით, დემოკრატია ვერ ჩაითვლება სტაბილურად, თუკი ინსტიტუციების უფლებებსა და მოვალეობებს თავად მთავრობა აყენებს ეჭვქვეშ.

ახალგაზრდა ქალი კუთვნილ ბიულეტენს იღებს სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებისთვის გახსნილ ერთ-ერთ უბანზე ბრატისლავაში. 26.09.1998 ფოტო: EPA 

“1997 წელს ევროკავშირისა და ნატოს გაფართოების მიღმა დატოვება იყო ქვეყნის იდენტობის კრიზისის ერთ-ერთი მთავარი წყარო, რომელიც საბოლოოდ პოლიტიკური ცვლილებებით დამთავრდა”, — ვკითხულობთ “გერმანიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოების”(DGAP) ანალიზში.

მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები 90-იანების მიწურულს სლოვაკეთში მართლაც მოხდა, თუმცა არც ამ პროცესს ჩაუვლია მარტივად. “ბრატისლავის თავისუფალი მეცნიერებების საერთაშორისო სკოლის” რექტორი სამუელ აბრაამი წერდა, რომ ოპოზიციონერები უკვე ჩამოშორებულნი იყვნენ აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო თანამდებობებს, რომლებიც, ჩვეულებრივ, ოპოზიციისთვის იყო განკუთვნილი.

ხელისუფლება აღნიშნულს არ დასჯერდა: 1998 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე თვეებით ადრე მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც ამა თუ იმ წინასაარჩევნო კოალიციაში შემავალ თითოეულ პარტიას 5%-იანი ბარიერი დაუწესდა. ეს მაშინ, როცა მანამდე არსებული კანონი მთლიანად კოალიციის მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობას ეფუძნებოდა და არა თითოეული სუბიექტისა ცალ-ცალკე.

შემდგომ აღმოჩნდა, რომ კანონმა შესუსტების ნაცვლად გააძლიერა ოპოზიციური “სლოვაკეთის დემოკრატიული კოალიცია”(SPD) , რომელსაც მემარჯვენე და მემარცხენე, მათ შორის, პატარა პარტიები აკომპლექტებდნენ: კოალიციის სუბიექტები ერთ პარტიად გაერთიანდნენ და არჩევნებში სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად დაამარცხეს მმართველი ძალა.

ოპოზიციური პარტიის “სლოვაკეთის დემოკრატიული კოალიცია” ლიდერები ზეიმობენ ერთ-ერთი ეგზიტპოლის შედეგებს ბრატისლავაში. 26.09.1998 ფოტო: EPA

მეჩიარის ეპოქა დასრულდა. პრემიერის პოსტი ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, მიკულაშ ძურინდამ დაიკავა.

“ახალ მთავრობას მიკულაშ ძურინდას მეთაურობით ძალიან რთული ამოცანა ჰქონდა – მას უნდა გამოესწორებინა სლოვაკეთის შელახული საერთაშორისო იმიჯი და დაემტკიცებინა, რომ მეჩიარის ეპოქის ყველა ხარვეზი გამოსწორებული იყო.

მათ მიაღწიეს წარმატებას და სლოვაკეთი არის ევროკავშირის წარმატებული წევრი ქვეყანა 2004 წლიდან”, — დასძენენ ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუნკევიჩიანე ღია წერილში.

სლოვაკეთი ევროკავშირს 2004 წლის პირველ მაისს, ჩეხეთთან, ესტონეთთან, კვიპროსთან, ლატვიასთან, ლიეტუვასთან, უნგრეთთან, მალტასთან, პოლონეთთან და სლოვენიასთან ერთად შეუერთდა. ეს იყო ყველაზე დიდი გაფართოება ევროგაერთიანების ისტორიაში.

მთავარი ფოტო: ვლადიმირ მეჩიარის პარტიის მხარდამჭერები წინასაარჩევნო ღონისძიებაზე, მეჩიარის სურათებით ხელში. 23.09.1998 (EPA)

მასალების გადაბეჭდვის წესი