საზოგადოება

გვარამიას განაჩენი დაუსაბუთებელია, შეიწყალეთ – ომბუდსმენი პრეზიდენტს

8 ივნისი, 2022 • 972
გვარამიას განაჩენი დაუსაბუთებელია, შეიწყალეთ – ომბუდსმენი პრეზიდენტს

სახალხო დამცველი ნიკა გვარამიას საქმისა და სასამართლოს განაჩენის შესწავლის შემდეგ აცხადებს, რომ სასამართლოს მსჯელობა დაუსაბუთებელია როგორც მსჯავრდების, ისე სასჯელის განსაზღვრის კუთხით.

ამის გამო იგი მიმართავს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და მოუწოდებს, შეიწყალოს ნიკა გვარამია.

„რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, – რომელიც ამჟამად „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორია, – 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გამოაცხადა.

„რეკლამების გაყიდვის ეპიზოდი“

სახალხო დამცველი წერს, რომ განაჩენის თანახმად, ნიკა გვარამიამ ჩაიდინა საწარმოს, „რუსთავი 2-ის“ დამაზიანებელი მოქმედება იმით, რომ 2015 წელს, კომპანიის მართვის დროს, შეცვალა რეკლამის გაყიდვასთან დაკავშირებული ხელშეკრულების პირობები, რითიც კომპანიამ არ მიიღო უფრო მეტი შემოსავალი.

„ცხადია, ნებისმიერი სამეწარმეო გადაწყვეტილება არ შეიძლება გახდეს სახელმწიფოს სისხლისსამართლებრივი შეფასების საგანი. ჩვეულებრივი სამეწარმეო გადაწყვეტილების გამო პირის დასჯა არღვევს კანონიერების პრინციპის მთავარ ელემენტს – ნორმის განჭვრეტადობას. სამწუხაროდ, სასამართლოს საერთოდ არ განუხილავს, თუ რა შემთხვევებში წარმოშობს კორპორატიული დარღვევა დანაშაულს და პირდაპირ ასკვნის, რომ დირექტორმა არა მხოლოდ დაარღვია ფიდუციური ვალდებულება, არამედ ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება“, – წერს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ „დაუშვებელია მენეჯერის დასჯა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის, როცა სასამართლო ვერ ასაბუთებს მის პირად დაინტერესებას, თაღლითობას, ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას, ან სხვა დანაშაულებრივ ქმედებას“.

მანქანის ეპიზოდი

ეს ეპიზოდი შეეხება „რუსთავი 2-ის“ სარეკლამო ეთერის გაყიდვას საბაზრო ფასზე ნაკლებ ოდენობად 3 თვის განმავლობაში. სასამართლოს თანახმად, ამის მიზანს წარმოადგენდა დირექტორის პირადი დაინტერესება, რომ სანაცვლოდ რეკლამის განმთავსებელი კომპანიისგან მის მეუღლეს მფლობელობაში მიეღო ავტომანქანა.

„სამწუხაროდ, ამ ეპიზოდთან დაკავშირებით განაჩენში ვერ ვხვდებით ფიდუციური მოვალეობებისა და საკორპორაციო-სამართლებრივი საკითხების თუნდაც გაკვრით ხსენებასაც კი. ერთადერთი, რასაც სასამართლო ადგენს, ის არის, რომ კომპანიის მიერ დადებული ხელშეკრულება საბაზრო ფასზე ნაკლებ ანაზღაურებას ითვალისწინებდა. სამეწარმეო განსჯის წესისა და ხელშეკრულების დადების საკორპორაციო შინაარსში შესვლის გარეშე, გაუგებარია, თუ როგორ შეუძლია სასამართლოს, მხოლოდ ფასებს შორის სხვაობის დადგენით, გამოიტანოს დასკვნა, რომ ხელშეკრულების დადება კომპანიის ინტერესებს უხეშად აზიანებდა“, – წერს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენი აცხადებს, რომ „სრულად დაუსაბუთებელია“ კონკრეტული სასჯელის სახისა და ზომის გამოყენების მართებულობა.

„სასამართლო მხოლოდ ერთი წინადადებით შემოიფარგლა სასჯელის სახის (თავისუფლების აღკვეთა) განსაზღვრის დასაბუთების დროს და საერთოდ არ მიუთითა, თუ რატომ შეუფარდა ბრალდებულს 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა და რატომ არ გამოიყენა მეტი ან ნაკლები ოდენობა, რასაც სსკ 220-ე მუხლის დისპოზიცია ითვალისწინებდა“, – წერია ანგარიშში, რომელიც 8 ივნისს გამოქვეყნდა.

სახალხო დამცველი ასევე მიუთითებს გარემოებაზე, რომ სასამართლომ „მანქანის ეპიზოდში“ არ გამოიყენა ჯარიმა (რომელიც გამოიყენა პირველ ეპიზოდში) ან შინაპატიმრობა და დანიშნა საპატიმრო სასჯელი ეპიზოდში, სადაც გამოწვეული ზიანი პირველ ეპიზოდთან შედარებით დაახლოებით 100-ჯერ ნაკლები იყო.

„აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2017-2021 წლებში ამ მუხლით მსჯავრდებისას საპატიმრო სასჯელი არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა გამოყენებული“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

„ფულის გათეთრების ეპიზოდი“ –

ომბუდსმენის თქმით, ეს ეპიზოდი განაჩენის ერთადერთი მონაკვეთია, სადაც სასამართლოს მსჯელობა შეიცავს მითითებებს საერთაშორისო-სამართლებრივ ნორმებზე.

თუმცა ეს სწორედ ის ეპიზოდია, სადაც ნიკა გვარამია გამართლდა.

„საბოლოო ჯამში, სასამართლომ ყველა მნიშვნელოვან სამართლებრივ კითხვაზე პასუხს თავი აარიდა. შესაბამისად, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენი, სამართლებრივი მსჯელობის, ანალიზისა და თანმიმდევრულობის უკიდურესი სიმწირის გამო, შეიძლება შეფასდეს, როგორც არსებითად დაუსაბუთებელი“, – აცხადებს ომბუდსმენი.

სახალხო დამცველის აპარატის მომზადებული ანალიტიკური დოკუმენტის თანახმად, სასამართლომ „საერთოდ არ იმსჯელა, თუ რა შემთხვევებში შეიძლება გახდეს მენეჯერის გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივად რელევანტური და რატომ იყო ეს შემთხვევა ამ განზომილების მქონე, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველს მოცემულ საქმეზე წარდგენილი ჰქონდა დეტალური სამართლებრივი მსჯელობისა და არგუმენტაციის შემცველი სასამართლოს მეგობრის მოსაზრება“.

„გარდა ამისა, ფაქტობრივი გარემოების განხილვისას სასამართლო დაეყრდნო ფარული საგამოძიებო მოქმედებით მიღებულ ინფორმაციას. დაბოლოს, მოსამართლემ არ დაასაბუთა გამოყენებული საპატიმრო სასჯელის არც სახე და არც ზომა“, – წერს ომბუდსმენი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, – ვინაიდან, ომბუდსმენის თანახმად, „წინამდებარე განაჩენი წარმოადგენს კონსტიტუციით, ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით განმტკიცებული კანონიერების პრინციპისა და დასაბუთებულობის სტანდარტის უხეშ დარღვევას, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე“, – სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული შეწყალების უფლებამოსილება.


მასალების გადაბეჭდვის წესი