უკრაინაში, ლუგანსკის ოლქში მიმდინარე ბრძოლების დროს, რუსული არმიის გენერალ-მაიორი რომან კუტუზოვი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ “რადიო თავისუფლების” რუსული ბიურო და სხვა მედიასაშუალებები წერენ.
“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, სოფელ ნიკოლაევკას მახლობლად კუტუზოვის დაღუპვაზე ცნობებს ავრცელებენ კრემლის მომხრე ომის კორესპონდენტები და მწერალი ზახარ პრილეპინი, რომელიც სეპარატისტების მხარეს იბრძოდა.
ცნობებში აღნიშნულია, რომ ტერიტორიას, სადაც კუტუზოვი დაიღუპა, ამჟამად რუსული ჯარები და ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ქვედანაყოფები აკონტროლებენ.
გამოცემა Meduza-ს თანახმად, რომან კუტუზოვის დაღუპვაზე “რუსეთის ტელერადიომაუწყებლობის კომპანიის”(VGTRK) კორესპონდენტი ალექსანდრე სლადკოვიც საუბრობს.
5 ივნისს, საღამოს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიკოლაევკასა და ბელოგოროვკას მიდამოებში რუსულმა ჯარებმა ჩაატარეს “შეტევითი ოპერაციები” და განიცადეს “მნიშვნელოვანი დანაკარგები ცოცხალ ძალასა და აღჭურვილობაში”.
როგორც Meduza წერს, ჯერ არ არის ცნობილი, რომელ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობდა კუტუზოვი. ის რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე 2019 წელს იყო მოხსენიებული 29-ე კომბინირებული შეიარაღების არმიის დროებით მეთაურად, ხოლო 2017 წელს მე-5 არმიისა.
რუსეთი დაღუპულ სამხედროთა შესახებ ინფორმაციას უკვე სახელმწიფო საიდუმლოებად ასახელებს. მას არ განუახლებია ოფიციალური მონაცემები უკრაინაში დაღუპულთა შესახებ 25 მარტიდან, როდესაც განაცხადა, რომ 1,351 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა მისი სამხედრო კამპანიის დაწყების შემდეგ.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ 30 მაისს განაცხადა, რომ როგორც ჩანს, რუსეთმა უკრაინაში მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა საშუალო და უმცროსი რანგის ოფიცრებს შორის.
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო.
მას შემდეგ, რაც ვერ შეძლო ქვეყნის დედაქალაქის, კიევის დაკავება, მოსკოვმა გაააქტიურა სამხედრო კამპანია ქვეყნის აღმოსავლეთში და თქვა, რომ დონბასის “გათავისუფლებაზე” ფოკუსირდებოდა.
რუსული პროპაგანდისტული არხები არაერთგზის ცდილობენ, დაარწმუნონ აუდიტორია, რომ მოსკოვი თავისი სამხედრო მოქმედებებით აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრებ მოქალაქეებს იცავს.
რუსეთის მიერ წარმოებული ომის დროს მიწასთან გასწორდა არაერთი უკრაინული ქალაქი და დაიღუპა ათასობით ადამიანი, მათ შორის, ბავშვები.
მთავარი ფოტო: “რადიო თავისუფლების” რუსულენოვანი სამსახურის ტელეგრამ არხიდან