საზოგადოება

ევროპარლამენტი საქართველოში მედიის უფლებების შელახვაზე რეზოლუციას განიხილავს

2 ივნისი, 2022 •
ევროპარლამენტი საქართველოში მედიის უფლებების შელახვაზე რეზოლუციას განიხილავს

ევროპარლამენტი 6-9 ივნისის პლენარულ სესიაზე საქართველოში მედიის უფლებების შელახვაზე იმსჯელებს.

„მედიის თავისუფლების დარღვევები და ჟურნალისტების უსაფრთხოება საქართველოში“ — ასე ჰქვია რეზოლუციას, რომელზეც ევროპარლამენტში დებატები 8 ივნისს გაიმართება, 9 ივნისს კი კენჭი ეყრება.

საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის გადაწყვეტილების მოლოდინში არიან – გახდებიან თუ არა წევრობის კანდიდატები. მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტი აპლიკანტი ქვეყნის გაწევრიანების პროცესში გადაწყვეტილების მიმღები სტრუქტურა არ არის, მის მიერ გამოხატული მხარდაჭერა მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალია.

ევროპარლამენტმა უკრაინის მიერ განაცხადის გაკეთებიდან მეორე დღესვე, 1 მარტს უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდა, იმუშაონ უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. 5 მაისს მსგავსი რეზოლუცია მიიღო ევროპარლამენტმა მოლდოვის განაცხადთან დაკავშირებითაც. რეზოლუციაში ევროპარლამენტი მიესალმება მოლდოვის განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე და აცხადებს, რომ ევროკავშირმა მას კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭოს. საქართველოსთან დაკავშირებით მსგავსი რეზოლუცია ევროპარლამენტს ჯერ არ მიუღია.

„მოლდოვის რეზოლუცია რაც მიიღეს, ის რეზოლუცია იყო, რასაც ჩვენ სექტემბერში ველოდებით ასოცირების იმპლემენტაციაზე“, – განუცხადა „ნეტგაზეთს“ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა 31 მაისს.

დღეს, 2 ივნისს ევროპარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგს დაემატა საქართველოზე რეზოლუცია, რომლის სახელწოდებიდან ირკვევა, რომ ის შეეხება  არა საქართველოში ზოგადად არსებულ მდგომაროებას ან ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებს, არამედ მედიის მდგომაროებას.

ევროპარლამენტმა მოლდოვისა და უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციები უკვე მიიღო, საქართველოზე – არა. რატომ?

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი