საზოგადოება

ჩვენ უნდა მოგვეწვია ზელენსკი საქართველოს პარლამენტში — ზურაბიშვილი

2 ივნისი, 2022 • 1342
ჩვენ უნდა მოგვეწვია ზელენსკი საქართველოს პარლამენტში — ზურაბიშვილი

„ჩვენ უნდა მოგვეწვია ზელენსკი საქართველოს პარლამენტში“, — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“.

მისი თქმით, საქართველო ევროპული ქვეყნების იმ უმცირესობაშია, რომლის პარლამენტისთვისაც უკრაინის პრეზიდენტს არ მიუმართავს მიმდინარე ომის პერიოდში.

პრეზიდენტის შეფასებით, საქართველომ უკრაინის მხარდაჭერი არაერთი ნაბიჯი გადადგა, მათ შორის ფინანსურ სანქციებთან მიმართებაში, ხოლო ეროვნული სანქციები დაწესებას მისგან არავინ ითხოვს. ზურაბიშვილის თქმით, ასევე, არასწორია საუბარი იმაზე, რომ ვინმე საქართველოსგან მეორე ფრონტის გახსნას ელის.

„არ არის მოთხოვნა ჩვენი პარტნიორებისგან მეორე ფრონტის გახსნაზე. უკრაინელები, ზოგიერთი, ვინც მთავრობაში არიან, ამის სურვილი რომ მოვისმინეთ, ეს გასაგებია, როცა ომში ხარ და გინდა, რომ ამ სიტუაციაში იყო გამარჯვებული, ეძებდე საიდან შეიძლება იყოს რაღაცა ფორმის შვება… შეიძლება რაღაცები თქვა, მაგრამ საუბარი, რომ მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნაა, არასწორია, რადგან პარტნიორებიდან და ჩვენი მეგობრებიდან არ წამოსულა ასეთი მოთხოვნა. არ მგონია, ვინმე იყოს ამ ქვეყანაში ომის მომხრე… არ არსებობს მეორე ფრონტის საფრთხე. არ არსებობს ომის პარტია თუ პარტიები საქართველოში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ, ტოტალურად მორალურად სოლდიარული უკრაინასთან“, — დასძინა ზურაბიშვილმა.

ქმედებებზე უფრო მეტად, ზურაბიშვილის აზრით, საქართველოს უკრაინისადმი მეტი მორალური სოლიდარობა ევალება.

„მე მგონია, რომ 26 მაისის დღეს, რომელიც იყო ევროინტეგრაციის ეგიდის ქვეშ, პარლამენტის ფასადზე, სადაც იყო ევროპული და, ცხადია, ქართული დროშა, შეიძლებოდა, ასევე, ყოფილიყო უკრაინის და მოლდოვის დროშები. თუ ეს ტრიო ერთად მიდის ევროინტეგრაციის მიმართულებით და თუ უკრაინა არის მთავარი, თუ რატომ მიდის დაჩქარებულად ევროინტეგრაციის პროცესი, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ ვიყოთ მადლიერები“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მან არ უპასუხა კითხვას, შესთავაზა თუ არა მთავრობას უკრაინის და მოლდოვის დროშების პარლამენტის ფასადზე გადმოფენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი