საზოგადოება

რას წარმოადგენს კამპანია „გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ“

27 მაისი, 2022 • 1530
რას წარმოადგენს კამპანია „გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ“

“ჩვენი სამშობლოსთვის ისტორიული ეტაპი დგება. რამდენიმე კვირაში გადაწყდება, როგორი იქნება ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი”, — ასე იწყება საზოგადოების წარმომადგენელთა მანიფესტი, რომელიც ახალი კამპანიის, “გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ” პრეზენტაციაზე წაიკითხეს.

სანამ ევროკომისია წარმოადგენს მოსაზრებას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე, კამპანიის ინიციატორები აპირებენ, მოქალაქეებს შეხვდნენ და ესაუბრონ, რა სჭირდება ქვეყანას ევროგაერთიანებისკენ მრავალწლიანი სწრაფვის წარმატებით დასაგვირგვინებლად.

“დღეს დადგა დრო, როდესაც ჩვენ, ამ ქვეყნის ყველა ცოცხალმა თაობამ, როგორი იმედგაცრუებულები და დაღლილებიც არ უნდა ვიყოთ, უნდა გადავწყვიტოთ:

გვინდა თუ არა საქართველომ, მისმა ხალხმა, უძველესმა კულტურამ და დაუღალავმა სწრაფვამ განვითარებისკენ ახალი მუხტი შეიძინოს და ჩვენი, როგორც სახელმწიფოს და ერის გზა გაგრძელდეს”, — აღნიშნულია მანიფესტში, რომელიც მწერალმა ლაშა ბუღაძემ წაიკითხა.

კამპანიის პრეზენტაციის მონაწილეთა შორის იყვნენ ხელოვანები, ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვები.

“ეს ყველაფერი იქნება არამხოლოდ ექსპერტულ წრეებში დისკუსია, არამედ საზოგადოებასთან საუბარი… როცა კონკრეტულ თემაზე [გვექნება] საუბარი, რა თქმა უნდა, მოვიწვევთ შესაბამისი სფეროს ექსპერტებს და ისინი ესაუბრებიან საზოგადოებას ამა თუ იმ საკითხებთან დაკავშირებით…

რეგიონებშიც გვექნება შეხვედრები მოქალაქეებთან და სხვადასხვა ჯგუფთან”, — დასძენს ეკა გიგაური, “საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს” თავმჯდომარე.

გიგაურის თქმით, ინიციატივა ეკუთვნით საზოგადოების წევრებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია მოითხოვს მოქალაქთა გაერთიანებას, “მიუხედავად განსხვავებული მოსაზრებებისა”.

“ეს არ არის არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივა”, — აღნიშნავს ის და ამატებს:

“ვინც შეიძლება იყოს დაღლილი, ვისაც მოჰბეზრდა ეს დაპირისპირება, ერთმანეთის ლანძღვა, ერთმანეთის წინააღმდეგ საუბრები, ყველას მოვუწოდებ, შემოგვიერთდეს ამ ინიციატივაში”.

“[საუბრები] იქნება საგარეო პოლიტიკასთან, სასამართლოსთან, სიღარიბის დაძლევასთან მიმართებით… ასევე, როგორი არჩევნები უნდა ჩავატაროთ იმისთვის, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია დაჩქარდეს”.

ერთ-ერთი, ვინც მანიფესტის ტექსტს ადგილზე ისმენდა, მხატვარი გია ბუღაძე იყო. ინიციატივას შეუერთდა, რადგან, როგორც ამბობს, “საქართველოს გადარჩენა და წინსვლა მხოლოდ ევროპასთან არის დაკავშირებული”.

“დღეს გვაქვს საოცარი პერიოდი, როცა არამხოლოდ ფანჯარა, არამედ კარი გაიღო ევროპისკენ და ჩვენი ხელისუფლება მზად არ არის. მზადყოფნა კი არა, საერთოდ საწინააღმდეგო ორიენტაციის ხელისუფლება გვყავს.

ამიტომ, საზოგადოება უნდა იყოს მზად, რომ ჩვენ გადავდგათ ეს ნაბიჯი ევროპისკენ. საქართველოს წინსვლის საშუალება მხოლოდ ევროპისკენ აქტიურად გადადგმული ნაბიჯებია.

მე ალბათ ყველაზე ხანდაზმული ვარ აქ მოსულ ადამიანებს შორის, მაგრამ რომ ვუყურებ ამ ახალგაზრდებს, ვხედავ ადამიანებს, რომლებიც ენერგიას ასხივებენ და მათთან დგომა მართლაც ახალგაზრდულ ენერგიას მანიჭებს; ევროპულ ენერგიას, თუ შეიძლება, ასე ითქვას”, — უთხრა მან “ნეტგაზეთს”.

კამპანიას ექნება გვერდი “ფეისბუკზე” და განთავსდება ფორმაც, რომლის შევსება — და შესაბამისად, კამპანიაში გაერთიანება — ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ამა თუ იმ ღონისძიების წინ ინიციატორები დაუკავშირდებიან მოქალაქეებს, რომლებიც ხსენებულ ფორმებს შეავსებენ.

“რა გვინდა ჩვენ? ჩვენ გვინდა თავისუფალი, სახელმწიფოებრივი, დამოუკიდებელი საქართველო, სადაც ადამიანის უფლებები, სამართლიანი სასამართლო, გაუყალბებლად მოსული ხელისუფლება მერიტოკრატიული მმართველობა გვექნება.

განა მარტო ამ ღონისძიებას უნდა შემოვუერთდეთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ აქეთ ვიაროთ. 30 წელი ვიარეთ, ჩვენი საზოგადოება ძალიან წინ არის წასული და ძალიან ჩამორჩება ხელისუფლება. ჯობია, საზოგადოებამ აიღოს ეს ინიციატივა”, — ამბობს სამოქალაქო აქტივისტი არინა თავაქარაშვილი.

მომღერალი ნინო ქათამაძე, რომელიც ასევე იმყოფებოდა პრეზენტაციაზე, “ნეტგაზეთს” ეუბნება:

“…მე ვცხოვრობ ამ ინიციატივით. ვფიქრობ, რომ [ევროკავშირი] არის ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც იძლევა საშუალებას დამოუკიდებლად, ბიძაშვილებისა და სხვა ნათესავების გარეშე განვითარებისა, სწორი განათლების მიღების და ხარისხიანი ცხოვრებისა”.

კამპანიის მანიფესტის მიხედვით, “ქართველი ხალხი მკაფიოდ ვირჩევთ ევროპულ გზას”, რადგან:

  • საქართველო თავისუფალი ადამიანების თავისუფალი ქვეყანაა;
  •  საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი;
  •  ხელისუფლება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით იცვლებოდეს;
  •  კანონი უზენაესი და ადამიანის უფლებები აღიარებული და დაცული იყოს;
  •  მოქალაქე სამართალს დამოუკიდებელ და კვალიფიციურ სასამართლოში პოულობდეს;
  •  სიტყვის თავისუფლება ხელშეუხებელი და დაცული იყოს;
  •  სიღატაკე აღარ არსებობდეს;
  •  სახელმწიფო ებრძოდეს და ამარცხებდეს კორუფციას;
  •  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა და ბუნება იყოს დაცული.

განცხადების ავტორების თქმით, ეს წინაპრების, თავისუფლებისთვის, სახელმწიფოებრიობისა და განვითარებისთვის ბრძოლის ღირსეული გაგრძელებაა, რამაც საქართველო თავისუფალი სამყაროს ნაწილად უნდა აქციოს, ხოლო ქვეყნის მოქალაქეებისთვის უსაფრთხო, მშვიდობიანი და ღირსეული ცხოვრება უზრუნველყოს:

“მომავალი თაობები სწორედ იმით განგვსჯიან – თუ რა გავაკეთეთ – თუ რა გააკეთე შენ – როცა ქვეყნის ბედი წყდებოდა.

მხოლოდ იმ ხალხს დაუმკვიდრებია თავისუფალი და სამართლიანი ქვეყანა, რომელიც უამრავი განსხვავების და უთანხმოების მიუხედავად, ერთიანი ყოფილა იმაში, რომ სწორედ ასეთი ქვეყანა ეკუთვნის და ნაკლებს ვერ დასჯერდება.

დავდგეთ ერთად და გადავდგათ ნაბიჯი ევროპისაკენ“, – აცხადებენ ხელმომწერები.

ივნისის პირველ ნახევარში ევროკომისია საქართველოსთვის, მოლდოვისა და უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მოსაზრების დოკუმენტს წარადგენს, რომელზე დაყრდნობითაც მოგვიანებით გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო მიიღებს.

5 პასუხი, რომელიც ბრიუსელიდან შეიძლება მივიღოთ კანდიდატის სტატუსზე

მასალების გადაბეჭდვის წესი