საზოგადოება

ტეხასის დაწყებით სკოლაში თავდამსხმელმა, სულ მცირე, 19 ბავშვი მოკლა

25 მაისი, 2022 •
ტეხასის დაწყებით სკოლაში თავდამსხმელმა, სულ მცირე, 19 ბავშვი მოკლა

აშშ-ში, შტატ ტეხასის ქალაქ უვალდში თავდამსხმელი დაწყებით სკოლაში შეიჭრა, სადაც, სულ მცირე, 19 ბავშვი და 2 მასწავლებელი მოკლა. არიან დაჭრილებიც. ბავშვების ნაწილს ჯერ კიდევ ეძებენ.

ეს მასობრივი სროლის ყველაზე დიდი მსხვერპლია ბოლო 10 წელიწადში. მანამდე, 2012 წელს, კონექტიკუტის სკოლა სენდი ჰუკში თავდასხმას 26 ადამიანი ემსხვერპლა, რომელთა შორის 20 ბავშვი იყო.

CNN სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით წერს, რომ თავდამსხმელი 18 წლის სალვადორ რამოსია, რომელმაც სკოლაში შეჭრამდე საკუთარ სახლში ბებია მოკლა. ამასთანავე, რამდენიმე დღით ადრე ინსტაგრამზე გამოაქვეყნა სროლისას გამოყენებული იარაღი.

რამოსი პოლიციელებმა ადგილზევე მოკლეს. ამ დრომდე არსებული ცნობებით, ის მარტო მოქმედებდა.

სალვადორ რამოსის ინსტაგრამი. წყარო: CNN

საავადმყოფო, სადაც დაჭრილები გადაიყვანეს, აცხადებს, რომ ათი წლის ორი და ცხრა წლის ერთი გოგო ახლა კრიტიკულ მდგომარეობაში არიან.

2022 წელს ეს უკვე 39-ე შემთხვევაა, როდესაც აშშ-ში, მხოლოდ სასწავლებლებში — სკოლებში, კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში — მასობრივი სროლა მოხდა. ორგანიზაცია, Gun Violence Archive-ს მონაცემებით, 24 მაისის მდგომარეობით, რომელიც წელიწადის 144-ე დღეა, წელს აშშ-ში, ჯამში, 212 მასობრიცი სროლა მოხდა.

აშშ-ის პოლიტიკოსთა დიდი ნაწილი, განსაკუთრებით დემოკრატიული პარტიიდან, მასობრივი სროლების ამ მზარდ ტენდენციას კონსტიტუციის მეორე შესწორებას უკავშირებს. ამ ჩანაწერის თანახმად, მოქალაქეებს აქვთ უფლება ატარონ იარაღი და გამოიყენონ ის თავდაცვის მიზნით.

ამ ჩანაწერების კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კონსტიტუციის ეს ნაწილი ბევრ შტატში თითქმის დაურეგულირებელია, შესაბამისად, მსგავსი ტრაგედიები არც თუ ისე იშვიათია.

ტეხასში სროლის შემდეგ სენატორმა ქრის მერფიმ სენატს სიტყვით მიმართა, სადაც თქვა, რომ არც ერთ ბავშვს არ უნდა ეშინოდეს. „ეს არსად არ ხდება გარდა ამ ქვეყნისა, სადაც სკოლაში მიმავალი ბავშვები ფიქრობენ, რომ მათ შეიძლება დღეს ესროლონ“.

„მე მზად ვარ ვემუდარო ჩემს რესპუბლიკელ კოლეგებს, რათა ერთად ვიპოვოთ გამოსავალი,“.

გარეკანი ფოტოს წყარო: ნიკი გრისვორლდი

მასალების გადაბეჭდვის წესი