საზოგადოება

მღვრიე წყალში თევზის დაჭერა — რატომ სურს ერდოღანს სირიაში ახალი ოპერაციის დაწყება

25 მაისი, 2022 • 2039
მღვრიე წყალში თევზის დაჭერა — რატომ სურს ერდოღანს სირიაში ახალი ოპერაციის დაწყება

შესაძლოა, თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში, ქურთების წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაცია დაიწყოს. რეგიონის მკვლევართა განცხადებით, ანკარა საკუთარი მიზნების მისაღწევად, შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებით სარგებლობას ცდილობს.

სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებაზე ერდოღანმა მას შემდეგ ისაუბა, რაც მანამდე ფინეთსა და შვედეთს დაემუქრა, რომ ნატოში მათ გაწევრიანებას არ დაუშვებს, რადგან ისინი, მათ შორის, ქურთულ ორგანიზაციებს უჭერენ მხარს, რომლებიც თურქეთში რადიკალებად და ტერორისტებად მიაჩნიათ.

ბოლოს, როდესაც თურქეთმა სირიაში ფართომასშტაბიანი სამხედრო კამპანია წამოიწყო, დასავლეთის კრიტიკისა და სანქციების ქარცეცხლში გაეხვა, რომელთა დიდი ნაწილიც, კვლავაც შენარჩუნებულია.

მაგრამ რა მოხდება ახლა, როდესაც ფინეთსა და შვედეთს თურქეთის „დახმარება“ სჭირდებათ, რატომ იწყებს თურქეთი ახალ შეტევას და როგორი იქნება ამაზე დასავლეთის რეაქცია? რა შიდა და საგარეო ფაქტორები განაპირობებს ერდოღანის სურვილს, რომ კიდევ უფრო გააფართოოს „ბუფერული ზონა“, რომელიც სირიის ჩრდილოეთით, ქურთებით დასახლებულ ტერიტორიებზე შეიქმნა.

ერდოღანის განცხადება და ვითარება ჩრდილოეთ სირიაში

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მისი ქვეყანა მალე დაიწყებს სირიაში სამხედრო ოპერაციას, რომლის მიზანიც იქ უკვე არსებული ორი ბუფერული ზონის გაერთიანება და ამ გზით სირიის საზღვარზე 30-კილომეტრიანი „უსაფრთხო ზონის“კიდევ უფრო გაზრდა იქნება.

პრეზიდენტს ოპერაციის შესახებ დამატებითი დეტალების შესახებ არ უსაუბრია.

სირიაში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ, თურქეთმა ქვეყნის ჩრდილოეთში რამდენიმე ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია განახორციელა, რის შემდეგაც ორი, ერთმანეთისგან გამოყოფილი ბუფერული ზონა შექმნა.

გარდა ორი ბუფერული ზონისა, სირიაში, თურქული ჰათაის ოლქის მეზობლად, შექმნილია სირიელი მეამბოხეებისა და რადიკალურ-ტერორისტული ორგანიზაციების ანკლავი ქალაქ იდლიბის მიმდებარედ, სადაც ასევე არიან თურქეთის მოკავშირე სირიული გასამხედროებული ორგანიზაციები, რომლებიც წარსულში მონაწილეობდნენ თურქეთის მიერ წამოწყებულ სამხედრო ოპერაციებში.

კონტროლის ზონები სირიაში – წყარო janes conflict monitor

პირველი ბუფერული ზონა ალეპოს მუჰაფაზას (რეგიონის) ჩრდილოეთში, აფრინისა და ალ-ბაბის საქალაქო და სასოფლო დასახლებებს აერთიანებს, სადაც ისტორიულად ქურთი მოსახლეობა ცხოვრობს. მეორე ბუფერული ზონა კი შედარებით აღმოსავლეთით, ელ-ჰასაქისა და რაკის მუჰაფაზებში მდებარეობს და აქაც აერთიანებს იმ ტერიტორიებს, სადაც ქურთები და არაბები ცხოვრობენ.

ორივე ბუფერული ზონა თურქეთმა ქურთულ YPG-სთან ბრძოლების შედეგად მოიპოვა, რომელიც, ანკარის თანახმად, ქურთისტანის მუშათა პარტიასთან, PKK-სთან დაახლოებული ტერორისტული ჯგუფია.

ჩრდილოეთ სირიაში, იმ ტერიტორიაზე, რომელსაც YPG და ამავე ქურთული დაჯგუფებების მიერ დომინირებული სირიის თავდაცვის ძალები აკონტროლებენ და რომელიც ცნობილია როჟავას სახელით, შექმნილია ჩრდილო და აღმოსავლეთ სირიის ავტონომიური ადმინისტრაცია, რომელიც ერაყში შექმნილი ქურთისტანის (ქურთეთის) ავტონომიური რეგიონის შემდეგ, მეორე ქურთული ავტონომიური ოლქია, თუმცა განსხვავებით ერაყისა, მისი არსებობა სირიული კონსტიტუციით არ არის გარანტირებული.

ავტონომიური ადმინისტრაცია დემოკრატიული ფედერალიზმის იდეებს იზიარებს, თურქეთის თანახმად კი იგი სირიის ტერიტორიიდან თურქეთში ტერორიზმის ხელშეწყობითაა დაკავებული.

2019 წლის თურქული ინტერვენციის შემდეგ, იმ ქალაქთა ნაწილში, რომლებსაც მანამდე მხოლოდ ქურთული ძალები აკონტროლებდნენ, ასადის მებრძოლებიც შევიდნენ.

კონტექსტი — „მსოფლიოს სირიისთვის არ სცალია“ და არჩევნები თურქეთში

გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, გიორგი სანიკიძის განცხადებით, თურქეთი სარგებლობს შექმნილი ვითარებით, რადგან დღეს სირიის საკითხი გადასულია მეორე ფლანგზე.

„თურქეთი ცდილობს მღვრიე წყალში თევზის დაჭერას“, — ამბობს გიორგი სანიკიძე ნეტგაზეთთან ინტერვიუში.

მისი მოსაზრებით, თურქეთი ყოველთვის ცდილობდა, რომ პოზიციები გაემყარებინა და როგორმე მოესპო ქურთული წინააღმდეგობის კერები.

„მეორე მომენტია, რომ სირია, როგორც ერთიანი სახელმწიფო, დღეს არ არსებობს. ჯერჯერობით არც იმის კონტურებია, თუ როგორი იქნება ამ ტერიტორიის მომავალი მოწყობა. ძალიან ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესია ამ რეგიონში“, — აცხადებს სანიკიძე.

გიორგი სანიკიძე

აღმოსავლეთმცოდნე გიორგი სანიკიძე

მისი თქმით, თურქეთის ქცევა, რომ იგი ცდილობს ისარგებლოს შექმნილი ვითარებით, გამოწვეულია რამდენიმე მიზეზით, მათ შორის იმით, რომ შეუძლებელია უკრაინის ომის გამო, რუსეთი იყოს აქტიური სირიაში.

„მეორე, დასავლეთი უფრო გადართულია საკუთარ, უფრო მნიშვნელოვან პრობლემებზე, ხოლო მესამე საკითხია ის, რომ თურქეთის მთავარი პრობლემა, გამოწვევა, არის ქურთული სეპარატიზმი და ცდილობს, რომ მას არ მისცეს გაღვივების შესაძლებლობა“, – აცხადებს იგი.

სანიკიძის განცხადებით, ფინეთთან და შვედეთთან შექმნილი დაპირისპირებისას თურქეთი მზადაა კომპრომისისთვის, თუმცა სანაცვლოდ, თავადაც მოითხოვს დათმობებს, ხოლო სირიასთან დაკავშირებული გააქტიურებული მოვლენები მას მომგებიან სიტუაციაში აყენებს.

მკვლევარი აცხადებს, რომ სირიაში სამხედრო კამპანიის წამოწყება ჯდება თურქეთში მოახლოებული საარჩევნო პერიოდის კონტექსტშიც.

„ძნელია იმის თქმა, თუ ვის ექნება უპირატესობა მომავალ არჩევნებში. შესაძლოა არჩევნებისა და ერდოღანის ბედი პატარა პარტიებმა გადაწყვიტონ.

ამიტომ საერთო მტრის წინააღმდეგ მოსახლეობის დარაზმვა, რომ თურქეთის ინტერესებს საფრთხე ემუქრება, ხოლო ამ საფრთხეების გამკლავება მხოლოდ ერთიანობაშია, ეს ბუნებრივია ჯდება ერდოღანის რიტორიკაში.

[ამ რიტორიკის თანახმად, საჭიროა] დაირაზმოს თურქული საზოგადოება, ამ დარაზმვისთვის საჭიროა იყოს ძლიერი ხელისუფლება, ხოლო ძლიერი ხელისუფლება არის ერდოღანი“, – აცხადებს სანიკიძე.

თურქეთში საპარლამენტო არჩევნები მომდევნო წელს, 18 ივნისს გაიმართება.

დასავლეთის გამოხმაურება

სირიაში შესაძლო ოპერაციის დაწყებას ამერიკის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა „შემაშფოთებელი უწოდა“.

მისი განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია უახლესი ცნობებით ჩრდილოეთ სირიაში შესაძლო გაზრდილი სამხედრო აქტიურობის შესახებ, უფრო კონკრეტულად კი ამ აქტივობების მშვიდობიან მოსახლეობაზე გავლენებით.

„ჩვენ ვგმობთ ნებისმიერ ესკალაციას. მხარს ვუჭერთ ამჟამინდელი საზავო ხაზების შენარჩუნებას. გვჯერა, რომ გადამწყვეტია ყველა მხარისთვის, შეინარჩუნონ და პატივი სცენ სირიაში სტაბილურობის გაძლიერებისთვის შექმნილ ცეცხლის შეწყვეტის ზონებს და იმუშაონ ამ კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტისკენ”, – განაცხადა ნედ პრაისმა.

მისივე განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები აღიარებს თურქეთის ლეგიტიმურ შეშფოთებას ქვეყნის სამხრეთი საზღვრის შესახებ, მაგრამ ნებისმიერი შეტევა გამოიწვევს რეგიონული სტაბილურობის რღვევას და რისკის ქვეშ დააყენებს ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ შექმნილ კოალიციაში მონაწილე ამერიკული ძალებს.

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის წარმომადგენელმა, სტეფან დიუჟარიკმაც განაცხადა, რომ სირიაში კონფლიქტის გადაწყვეტა შესაძლოა მხოლოდ პოლიტიკური გზებით.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ სირიის ტერიტორიულ მთლიანობას და რაც ახლა სირიას სჭირდება, ნამდვილად არ არის სამხედრო ოპერაცია. რაც ახლა მას სჭირდება არის პოლიტიკური გადაწყვეტა… ჰუმანიტარული მხარდაჭერა და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ“, – განაცხადა დიუჟარიკმა.


ფინეთს-შვედეთსა და თურქეთს შორის არსებული დაპირისპირების შესახებ, იხილეთ მასალა ნეტგაზეთის არქივიდან:

მასალების გადაბეჭდვის წესი