საზოგადოება

ფრაზის „Русский корабль…“ რეალური ავტორი გავათავისუფლეთ — უკრაინა

24 მაისი, 2022 • 1124
ფრაზის „Русский корабль…“ რეალური ავტორი გავათავისუფლეთ — უკრაინა

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ცნობილი ფრაზის „Русский военный корабль, иди на хуй“ ავტორი რუსეთის ტყვეობიდან გაათავისუფლეს. ზმეინის კუნძულის სასაზღვრო რაზმის ხელმძღვანელის ბოგდან გოცკის ცნობით, ფრაზის ავტორი არის არა საზღვაო ქვეითი რომან გრიბოვი, არამედ მესაზღვრე, რომლის სახელიც ჯერ არ სახელდება.

უკრაინული BBC-ის ინფორმაციით, უშიშროების ძალები მიზანმიმართულად არ უარყოფდნენ მითს იმის შესახებ, რომ ეს ფრაზა მანამდე გათავისუფლებულმა საზღვაო ქვეითმა რომან გრიბოვმა თქვა, რათა ტყვეობაში დარჩენილთათვის საფრთხე არ შეექმნათ.

„შემოგვთავაზეს დიდი ხელფასი, მუშაობა, სტაბილურობა. მაშინვე გაირკვა განწყობა და რატომ მოვიდნენ. მოვიდნენ ჩვენი ტერიტორიის წასაღებად. ჩვენ, როგორც შეიარაღებული ქვედანაყოფი, ვიცავდით ზმეინის კუნძულს. ერთ-ერთ ჯარისკაცს მოთმინება ამოეწურა და რუსულ გემს მიმართულება მისცა. ის ჩემი ხელქვეითია. მხოლოდ ჩვენ, მესაზღვრეებს გვქონდა წვდომა რადიოსადგურთან. ამ ფრაზის ავტორი თვე-ნახევრი ტყვეობაში იმყოფებოდა“, — განაცხადა გოცკიმ.

2022 წლის 24 თებერვალს რუსულ გემს, რომელიც ზმეინის კუნძულს მიადგა და მესაზღვრეებს ჩაბარება მოსთხოვა, უკრაინელმა მესაზღვრემ მათ უპასუხა: „Русский военный корабль, иди на хуй“. აუდიოჩანაწერი ამ ფრაზით მთელ მსოფლიოში გავრცელდა და უკრაინის წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა. 24 მარტს უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს. შედეგად გათავისუფლდა რომან გრიბოვი, რომელიც ლეგენდარული ფრაზის ავტორად თავდაპირველად ჩერკასის რეგიონული საბჭოს დეპუტატმა ვალერი დანილევსკიმ დაასახელა. 29 მარტს, ჩერკასის სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ იგორ ტაბურეცმა რომან გრიბოვი მედლით დააჯილდოვა. გრიბოვის ავტოგრაფები იყიდებოდა, მან არაერთი ინტერვიუ მისცა, სადაც ფრაზის ავტორობას არ უარყოფდა.

BBC News Ukraine-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა ანდრეი დემჩენკომ სიტუაცია იმით ახსნა, რომ ბევრი ადამიანი დარჩა ტყვეობაში, მათ შორის მესაზღვრეები და ნებისმიერი წინააღმდეგობა ან დადასტურება ფრაზის ავტორობის შესახებ, შესაძლოა, მათთვის დამაზიანებელი ყოფილიყო.

„თუ ვსაუბრობთ რომან გრიბოვზე, რომელიც ითვლებოდა ფრაზის ავტორად, ეს იყო ერთგვარი შენიღბვის ოპერაცია მათთვის, ვინც დარჩა [ტყვეობაში]“, — ამბობს დემჩენკო.

მისი თქმით, ფრაზის რეალური ავტორი ახლა თავისუფალია, თუმცა უსაფრთხოების მიზნით, მისი ვინაობა მოგვიანებით დასახელდება. დემჩენკო ირწმუნება, რომ ამჯერად ეს არ არის შენიღბვის ოპერაცია.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/407564/

 

მასალების გადაბეჭდვის წესი