საზოგადოება

დუმამ საქართველო რუსული მედიისადმი მტრულ ქვეყნებში დაასახელა

23 მაისი, 2022 • 7287
დუმამ საქართველო რუსული მედიისადმი მტრულ ქვეყნებში დაასახელა

რუსეთის დუმის სპეციალური კომისიის შეფასებით, საქართველო რუსული მედიის დისკრიმინაციით ლიდერ ქვეყნებს შორისაა.

სახელმწიფო დუმის უცხო სახელმწიფოების მიერ რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევის ფაქტების გამომკვლევი კომისიის თავმჯდომარის ვასილი პისკარევის თქმით, ბოლო ხუთი წლის ანალიზმა აჩვენა, რომ ლატვია, საფრანგეთი, მოლდოვა, პოლონეთი, ლიტვა, უკრაინა, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საქართველო, გერმანია, კანადა, ესტონეთი, რუმინეთი ყველაზე აგრესიულად იქცევიან რუსული მედიის მიმართ. ამასთნ, ლატვია, უკრაინა და საფრანგეთი ლიდერები გახდნენ „რუსული მედიის მიმართ დისკრიმინაციული ქმედებების“ რაოდენობის მიხედვით.

„რუსული მედიის დისკრიმინაციის საპასუხოდ სარკისებური ზომების შესახებ კანონპროექტი იქნება ჩვენი პასუხი“, — ამბობს პისკარევი.

მისი თქმით, რამდენიმე წელია დასავლეთი აწარმოებს მასობრივ კამპანიას რუსული მედიის დისკრედიტაციისა და მათი მუშაობისთვის გაუსაძლისი პირობების შესაქმნელად. საუბარია როგორც ოფიციალურ ღონისძიებებზე აკრედიტაციაზე უარის თქმაზე, საბანკო სერვისებზე დაბრკოლებების შექმნაზე და მაუწყებლობის შეწყვეტაზე, ასევე, საზღვარზე დაკავებებზე და ჟურნალისტების სისხლისსამართლებრივ დევნაზე. ამ კონტექსტში პისკარევმა გაიხსენა „რია ნოვოსტის“ მთავარ რედაქტორ კირილ ვიშინსკის და Sputnik Media-ს საინფორმაციო პორტალის ხელმძღვანელ ელენა ჩერიშევას მიმართ აღძრული საქმეები უკრაინასა და ესტონეთში.

“დასავლეთი, სიმართლის სიტყვის შიშით, არა მხოლოდ კრძალავს დღეს ჩვენს მედიას მათ ქვეყნებში, არამედ აწესებს საკუთარ ცენზურას ჩვენს საინფორმაციო სივრცეში, ბლოკავს რუსეთის მოქალაქეებს რუსულ მედიასაშუალებებზე სოციალურ ქსელებში და YouTube-ის ვიდეო სერვისზე”, — დასძინა მან.

მისი თქმით, შეთავაზებული საპასუხო ზომებს შორისაა, უცხოური მედიასაშუალებების რეგისტრაციისა და ლიცენზიის გაუქმების შესაძლებლობა, თუ ისინი ავრცელებენ უკანონო ინფორმაციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი