საზოგადოება

მოსკოვი შეისწავლის მედვედჩუკის “აზოვის” მებრძოლებში გაცვლის შესაძლებლობას — სლუცკი

21 მაისი, 2022 • 1581
მოსკოვი შეისწავლის მედვედჩუკის “აზოვის” მებრძოლებში გაცვლის შესაძლებლობას — სლუცკი

რუსი დეპუტატი ლეონიდ სლუცკი, რომელიც უკრაინასთან მომლაპარაკებელი დელეგაციის წევრია, დასძენს, რომ მოსკოვი აპირებს, შეისწავლოს უკრაინის მიერ დაკავებული ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის, ვიქტორ მედვედჩუკის “აზოვის” მებრძოლებში გაცვლის საკითხი. ინფორმაციას სააგენტო “ინტერფაქსი” ავრცელებს.

ლეონიდ სლუცკი “რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის” წევრი და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეა.

“ჩვენ შევისწავლით მედვედჩუკის აზოველებზე გაცვლის შესაძლებლობას; არა ჩვენ, “ლიბერალ-დემოკრატიული პარტია”, არამედ ის ხალხი მოსკოვში, ვისაც აქვს ასეთი უფლებამოსილება”, —  თქვა სლუცკიმ დონეცკში შაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მანამდე, აპრილში, რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ამბობდა, რომ მედვედჩუკის გაცვლა სამხედრო ტყვეებში არ განიხილებოდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პარასკევს განაცხადა, რომ „აზოვსტალს“ სრულად აკონტროლებენ მას შემდეგ, რაც ტყვედ აიყვანეს იქ მყოფი 2 500-მდე პირი, მათ შორის, 36-ე ქვეითთა ბრიგადის მეთაური სერგეი ვოლინა და „აზოვის“ პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებამდე დენის პროკოპენკომ მიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ გასცა ბრძანება მარიუპოლის დაცვის შეწყვეტაზე, რათა გადაარჩინონ ჯარისკაცთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ქარხნის ბოლო დამცველებს, რომლებიც ადგილზე რჩებოდნენ, მიეცათ ნებართვა, დაეტოვებინათ ტერიტორია.

“დღეს ბიჭებმა მიიღეს მკაფიო სიგნალი სამხედრო სარდლობისგან, რომ მათ შეუძლიათ გავიდნენ და გადაარჩინონ თავიანთი სიცოცხლე”, — დასძინა ზელენსკიმ პარასკევს.

„აზოვსტალი“ 21 აპრილიდან რუსეთის ძალების მიერ სრულ ბლოკადაში იყო მოქცეული და განუწყვეტლივ იბომბებოდა.


უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატს და პრორუსული პარტიის – „ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის“ – ლიდერს, ვიქტორ მედვედჩუკს, რომელიც უკრაინაში პრორუს ოლიგარქად მიიჩნევა, შინაპატიმრობა აქვს შეფარდებული. ის მიმდინარე წლის აპრილში დააკავეს.

მედვედჩუკი ბრალდებულია სახელმწიფო ღალატსა და ეროვნული რესურსების ძარცვის მცდელობაში, ასევე, ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში დახმარებაში.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს მედვედჩუკის გაცვლას სთავაზობდა უკრაინელი ტყვეებში. კრემლი, რომელიც პოლიტიკურ დევნად მიიჩნევს მედვედჩუკის დაკავებას, ამბობდა, რომ თვალყურს მიადევნებდა მის ბედს, თუმცა ასევე დასძენდა, რომ მედვედჩუკი რუსეთის მოქალაქე არ არის და არ აქვს კავშირი უკრაინაში მიმდინარე „სპეცოპერაციასთან“.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. მიწასთანაა გასწორებული არაერთი უკრაინული ქალაქი და დაღუპულია ათასობით ადამიანი, მათ შორის, ბავშვები.

მასალების გადაბეჭდვის წესი