საზოგადოება

რას ხატავენ ომგამოვლილი უკრაინელი ბავშვები

18 მაისი, 2022 • 1765
რას ხატავენ ომგამოვლილი უკრაინელი ბავშვები

უკრაინაში დატოვებული სახლები, გზა, რომელიც არსად მიდის, ბოროტი რუსი ჯარისკაცი, ტანკები — ეს მხოლოდ ჩამონათვალია, იმ ნამუშევრებიდან, რომლებსაც ომგამოვლილი უკრაინელი ბავშვები საქართველოში ხატავენ ან ძერწავენ.

არტ თერაპია ხელოვნების გზით ემოციების გადმოცემას გულისხმობს და ბავშვებს შიშებისა და სტრესის დაძლევაში ეხმარება, ეს კი ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათივე კეთილდღეობისთვის.

ომის ტრავმასთან გამკლავებაში საქართველოში ჩამოსულ ათობით ლტოლვილ ბავშვს ნინიკო მელიმონაძე და მაიკო აფხაზიშვილი ეხმარებიან. ახლა მათ ორი ჯგუფი ჰყავთ, თითო ჯგუფში, დაახლოებით, 15-მდე ბავშვია, მათი ასაკი 3-დან 13 წლამდე მერყეობს.

ნინიკო მელიმონაძე ბავშვთა და მოზარდთა გეშტალტ თერაპევტია, ასევე ბავშვთა არტ თერაპევტი, ხოლო მაიკო აფხაზიშვილი სპეციალური მასწავლებელი მეტყველებისა და არტ თერაპევტია, ის ასევე მუშაობს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან.

მუშაობა ომგამოვლილ ბავშვებთან

ომის დაწყებიდან მალევე საქართველოში მომუშავე ფსიქოლოგებმა სპეციალური ჯგუფი შექმნეს, რომლის მიზანია უკრაინელი მოქალაქეთა დახმარება. სწორედ „ფსიქოლოგიური დახმარება – საქართველომ“ შესთავაზა ნინიკო მელიმონაძესა და მაიკო აფხაზიშვილს, რომ ბავშვებისთვის არტ თერაპიის სესიები ჩაეტარებინათ. ორივე მათგანი ნეტგაზეთთან ინტერვიუში ამბობს, რომ ინიციატივას სიხარულით დასთანხმდა.

„არტ თერაპიისას ხდება ხელოვნების გამოყენება ემოციური რეგულირებისთვის, რა დროსაც ვიყენებთ სხვადასხვა პროექციულ ტექნიკას. როგორც წესი, ბავშვი პირდაპირ არ მოგიყვება თავის პრობლემებზე, ამიტომ ინტერაქციული გზით ვცდილობთ, იმ თემებზე საუბარს, რაც ბავშვს აწუხებს, რათა საბოლოოდ, ეს ყველაფერი დავძლიოთ.

წარმოიდგინეთ, წამლის აბი რომ გავახვიოთ ტკბილეულის შესახვევში, დაახლოებით იგივეა,“ — ამბობს მაიკო აფხაზიშვილი.

მაიკო აფხაზიშვილი. ფოტო: პირადი ფეისბუკგვერდიდან

რაც შეეხება სიმპტომებს, რომელიც ამ ბავშვებს აღენიშნებათ, ნინიკო მელიმონაძე გვიხსნის, რომ ეს სტრესული პერიოდი ბავშვებში სხვადასხვანაირად ვლინდება:

„მაგალითად, ზოგი ძალიან ბევრ ლაპარაკობს, ვერ ჩერდება, ზოგი კი პირიქით, იკეტება. ზოგს ჰიპერაქტიური ფონი აქვს მომატებული, ერთი ბავშვი კი, რომ მივედით, საერთოდ არავისთან არ ლაპარაკობდა, იზოლირებულად იჯდა.

ასევე სხვადასხვა ხმის მიმართ არიან სენსიტიურები, ესიზმრებათ კოშმარები ან საერთოდ ვერ სძინავთ ღამით, ზოგი მშობლისგან ვიცი, რომ კუჭს-ნაწლავის მოქმედება შეეცვალათ, ზოგს დაეწყო სხვა სახის პრობლემებიც…“.

ნინიკო მელიმონაძე. ფოტო: პირადი ფეისბუკგვედიდან

ფსიქოლოგები ახლა ბავშვთა ორ ჯგუფთან მუშაობენ, პირველი ჯგუფი სასტუმრო „აურაშია“ და ისინი საქართველოში ჯერ კიდევ მარტში ჩამოვიდნენ. ჩვენთან ინტერვიუში ორივე ფსიქოლოგი ამბობს, რომ ამ ჯგუფში ბავშვებმა ომის ტრაგედიებს შედარებით გამოასწრეს, მეორე ჯგუფი კი საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა – „იქ უფრო მძიმე სიტუაციაა, რადგან არიან ბავშვები, ვის ეზოშიც ჩამოვარდა ჭურვები. ძალიან დასტრესილები იყვნენ“.

ბავშვებთან მუშაობა იწყება მათი გაცნობით. როგორც ფსიქოლოგები ჰყვებიან, თავიდან მათ „თავისუფალ აქტივობას“ აძლევენ და აკვირდებიან. შემდეგ კი, უკვე ბავშვთა საჭიროებებისა და ასაკის მიხედვით, იწერება ინდივიდუალური პროგრამა.

„შიშის ჩამორეცხვა“

არტ თერაპიის დროს ბავშვები სხვადასხვა მასალას იყენებენ, იქნება ეს თიხა, პლასტილინი, საღებავები თუ სხვა. ერთ-ერთი მეთოდი, რომელსაც ნინიკო მელიმონაძე და მაიკო აფხაზიშვილი შიშებზე მუშაობის დროს მიმართავენ, შიშების „ჩამორეცხვაა“.

ასეთ დროს ბავშვი მყარ, გამჭვირვალე ფურცელზე ხატავს შიშს, შემდეგ კი წყლის ქვეშ ატარებს – „ტექნიკის გამოყენება ხდება რამდენჯერმე და ყველა ჯერზე შეიძლება ბავშვმა სხვადასხვა რამ დახატოს, ან იგივე, თუ იმდენად ძლიერია შიში. და ამ პროცესში ხდება გათავისუფლება“.

უკრაინელი ბავშვს ხელში უჭირავს გამჭვირვალე მყარი ფურცელი, რომელზეც თავისი შიში დახატა. ფოტო: მაიკო აფხაზიშვილი

„ასევე, ვმუშაობთ პოლარობებზე – როგორია კარგი, როგორია ცუდი, როგორია მხნე და ა.შ. გარდა ამისა, ვახატვინებთ სახლს სხვადასხვა ოთახით, რომელიც სხვადასხვა ხასიათს აღნიშნავს, შემდეგ კი ვეკითხებით – აი ახლა შენ რომელ ოთახში ხარ ან რომელ ოთახში იქნებოდი? ასევე ძალიან მოსწონთ თიხის მეშვეობით ამ ბრაზისა და შიშის განადგურება, ბრაზს ძერწავენ ხოლმე, შემდეგ კი სრესენ. ყოველთვის ვცდილობთ, პროცესი დადებითი განწყობით დავასრულოთ, რაღაც პოზიტიური ელემენტი ბოლოსკენ მაინც უნდა იყოს,“ – ამბობს ნინიკო მელიმონაძე.

„ორბიზის კაცუნა“

უკრაინელი ბავშვები მუშაობენ თიხაზე არტ თერაპიის დროს. ფოტო: მაიკო აფხაზიშვილი

მაიკო აფხაზიშვილი: არის ასეთი ტექნიკა, რომელსაც „ორბიზის კაცუნას“ ვეძახით [ორბიზი: პატარა სათამაშო ბურთულები, რომლებიც წყალში იბერება]. ორბიზებითა და სხვადასხვა ფქვილით, კრახმალით უნდა გაავსო ბუშტები მერე უნდა დაუხატო სახე და დაარქვა სახელი. ანუ ქმნი კაცუნას და როგორც ზემოთ აღვნიშნე – ერთგვარი გადატანით ახერხებ იმის გაგებას, თუ რა აწუხებს ბავშვს. კაცუნას რომ შექმნიან, მერე ვეკითხებით – აი, რას ფიქრობს ის, როგორ აზროვნებს, რა აწუხებს და სხვა. ამ დროს ბავშვი თითქოს კაცუნაზე ჰყვება, მაგრამ რეალურად საკუთარ თავზე საუბრობს,“

„რუსი ჯარისკაცის სახე“

მაიკო აფხაზიშვილი: იქ იყო ბავშვი, რომელსაც კირილი ერქვა. მან შექმნა რუსი ჯარისკაცის სახე, რომელიც იყო ძალიან ბოროტი, ყველას ხოცავდა. „გაშვება“ როცა ვთხოვე ამ კაცუნას – თუ გინდა, გაანადგურე ან მოიშორე-მეთქი – ვერ გაუშვა. აქვე აღვნიშნავ, რომ კირილი სწორედ ის ბავშვია, რომელიც ცოტა ჩაკეტილი იყო.. საბოლოოდ მოვახერხეთ რომ გახსნილიყო.. ბოლოს თქვა ნელ-ნელა წამებით მოკვდესო. ეს მეტყველებს დაგროვილ ნეგატიურ მუხტზე, რომელიც უნდა გამოთავისუფლდეს, მოხდეს ვენტილაცია,“

„ორბიზის“ ბოროტი კაცუნები. ფოტო: მაიკო აფხაზიშვილი

„გზა, რომელიც არსად მიდის“

ნინიკო მელიმონაძე: რომ მივედი ოდესის ქუჩაზე [სადაც ბავშვთა მეორე ჯგუფს უტარდებათ სესიები] და ეს ბავშვები რომ დავინახე.. ჩემზეც ძალიან იმოქმედა იმან, რომ ერთმა ბავშვმა გზა დახატა და მითხრა, არ ვიცი, ეს გზა სად მიდისო.. დავინახე, რომ ყველამ დამიხატა ცხოველი, ერთი მიყვებოდა თუთიყუშზე, რომელიც მარიუპოლში უშუქობაში გაიყინა.

მათი თვალები, ეს ისტორიები – ამ ყველაფერმა ძალიან იმოქმედა, ბავშვი რომ მეუბნება, ბომბი ჩამოვარდა ეზოშიო და არ იცის, ბებია და ბაბუა ცოცხალი არის თუ არა… ერთი გოგო გვიყვებოდა ჭურვის ჩამოვარდნის შემდეგ ნამსხვრევები როგორ მოხვდა მის კატას, როგორ დაუსისხლიანდა ფეხები, როგორ დაუმუშავეს მას შემდგომ ჭრილობები, მაგრამ საბოლოოდ, ვერ წამოიყვანეს და როგორ ნერვიულობდა, თუ გადარჩაო,“.

ბავშვი ხატავს სახლს უკრაინაში. ნახატის მარცხნივ არის გზა, რომელიც „არსად მიდის“. ფოტო: ნინიკო მელიმონაძე

„სახლი ხაკოვში“

მაიკო აფხაზიშვილი: ბავშვმა, რომლის ეზოშიც ჭურვი ჩამოვარდა , ხარკოვიდან იყო. დახატა სახლი, რომლის კარებიც შუშის იყო, მერე გააფერადა სულ სხვადასხვა ფერებით და თქვა, რომ ხარკოვი მაინც არის ფერადოვანი ქალაქიო. ამ ბავშვს ჰყავდა ასევე და, რომელმაც დახატა იგივე სახლი, უბრალოდ სხვადასხვანაირად.

ემოციური იყო ასევე ისიც, რომ ბავშვებს არ აქვთ არანაირი სტაბილურობის განცდა და არ იციან რა იქნება. მაგალითად, ჩვენ ვეუბნებოდით ვიზიტის დროს, რომ კვირაში ერთხელ მივდივართ, ერთმა გვიპასუხა, თუ კიდევ სხვა ქვეყანაში არ წაგვიყვანეს, აუცილებლად მოვალო. ბევრი მიდის, ზოგი გავლითაა საქართველოში და ეს არასტაბილურობის განცდა აქვთ, რადგან არ იციან, მომდევნო დღეს რა მოხდება,“.

უკრაინელი ბავშვების მიერ დახატული სახლები

მასალების გადაბეჭდვის წესი