საზოგადოება

ექსკურსიები გამკაცრდა: რამდენად დაიცავს ახალი რეგულაციები უსაფრთხოებას

9 მაისი, 2022 •
ექსკურსიები გამკაცრდა: რამდენად დაიცავს ახალი რეგულაციები უსაფრთხოებას

სასკოლო ექსკურსიის ჩასატარებლად მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს მხოლოდ 1 დღე აქვთ, სკოლიდან საექსკურსიო ობიექტამდე მანძილი კი არ უნდა აღემატებოდეს 150 კმ-ს: აღნიშნულის შესახებ ნათქვამია განათლების სამინისტროს რეკომენდაციებში, რომელთა ძალითაც კიდევ უფრო გამკაცრდა ექსკურსიის წესები.

ადამიანები, რომელთაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, აკრიტიკებენ ხსენებულ დათქმებს და არ ესმით, როგორ გააუმჯობესებს ხსენებული დათქმები ექსკურსიის უსაფრთხოების ხარისხს. საუბარია იმაზეც, რომ მსგავსი რეგულაციების მიღებამდე სამინისტრომ აზრი უნდა ჰკითხოს იმ ადამიანებსაც, რომელთაც მათი დაცვა მოეთხოვებათ.

“არ უტოვებს პედაგოგს არჩევანის საშუალებას”

გასულ კვირას გასაჯაროებული რეგულაციებიდან ზოგიერთი აქამდეც მოქმედებდა. 2019 წლის მაისში, ლაგოდეხის ნაკრძალში 16 წლის მოზარდის დაღუპვის შემდეგ, ის წესები, რაც მანამდე მხოლოდ რეკომენდაციების სახით არსებობდა, სავალდებულოდ შესასრულებელი გახდა.

წლების წინ გაწერილ რეკომენდაციებს შორისაა ვალდებულებები ავტოტრანსპორტის გამართულობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის, ექსკურსიის მონაწილეთათვის დაგეგმილ ღონისძიებებზე ინფორმაციის მიწოდების, მოსწავლეთა მშობლების წერილობითი თანხმობის შესახებ.

თუმცა, რამდენიმე დღის წინ წარმოდგენილი სია მოიცავს რამდენიმე ახალ რეკომენდაციასაც, რომელთა შორისაცაა შემდეგი დათქმა:

“მოსწავლეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ექსკურსია უნდა განხორციელდეს მხოლოდ ერთ დღეში, ღამისთევის გარეშე, ლოკაციის შერჩევა უნდა მოხდეს ისე, რომ მანძილი სკოლიდან ლოკაციამდე არ აღემატებოდეს 150 კმ-ს. მნიშვნელოვანია, ექსკურსიის დროს არასრულწლოვნები არ მოხვდნენ მდინარისა და წყალსაცავების მიმდებარე ტერიტორიაზე, მეწყერსაშიშ და სხვა დაუცველ ტერიტორიებზე”.

თბილისში მოქმედი “ვალდორფის სკოლის” პედაგოგი ნინია გოლიაძე ერთ-ერთია კრიტიკოსთა შორის, რომელთაც არ ესმით, როგორ იზრდება ექსკურსიის უსაფრთხოების ხარისხი სკოლიდან ლოკაციამდე მანძილის დაწესებითა თუ ექსკურსიაზე ღამისთევით წასვლის შეზღუდვით.

“შეშფოთებული ვარ, არც ვიცი, რა უნდა გავაკეთო. მთელი ეს დაგეგმვა, რაც მქონდა მეხუთე კლასთან, ფაქტობრივად, ჩაშლილია”, — აღნიშნავს გოლიაძე მას შემდეგ, რაც ახალ რეგულაციებს გაეცნო.

როგორც პედაგოგი ჰყვება, ვალდორფის სკოლაში ექსკურსიები სკოლიდან ახლო მანძილზე გასვლით იწყება, კლასიდან კლასამდე კი აღნიშნული მანძილი იზრდება და მეხუთე კლასიდან მასწავლებლებს ღამისთევით ექსკურსიების დაგეგმვის საშუალებაც აქვთ.

ნინო გოლიაძე

“მე ვარ მეხუთე კლასის მასწავლებელი და წელს, გაზაფხულიდან, უკვე დაგეგმილი მაქვს ღამისთევით გასვლები. [ეს ღონისძიებები] უნარების განვითარებას უწყობს, გუნდურ გასვლებს უწყობს ხელს.

[ბავშვები] ერთმანეთის გვერდში დგომას, ბარიერებისა და შიშის გადალახვას, მეგობრობას, საკვების ერთად მომზადებას, ბუნებრივ პირობებში [მოვალეობების] განაწილებას სწავლობენ…”, — დასძენს ის.

კილომეტრაჟის საკითხზე საუბრისას პედაგოგი დასძენს, რომ მის სკოლაში ექსკურსიები სასწავლო პროცესზეა მიბმული და ბავშვები იმ ადგილების სანახავად მიჰყავთ, რომელთა შესახებაც, მაგალითად, ისტორიის გაკვეთილებზე, დროის კონკრეტულ მონაკვეთში აქვთ საუბარი.

ნინია გოლიაძეს მიაჩნია, რომ ხსენებული რეკომენდაცია ამ პროცესს ხელს უშლის და “არ უტოვებს პედაგოგს იმის არჩევანის საშუალებას, რომ თავად გადაწყვიტოს, რომელი ადგილის მონახულებაა პრიორიტეტული მისი კლასისთვის”.

“…განათლების სამინისტრო უხეშად ერევა მასწავლებლის მიერ შედგენილ პროგრამაში. მე თუ მიმყავს მოსწავლეები, პირობითად, კახეთიდან ჩარგალში და მანძილი აღემატება 150 კმ-ს, მასწავლებელმა ამ დროს ზუსტად იცის, რომ ვაჟა-ფშაველას გამო მიჰყავს მოსწავლეები იქ.

ამ დროს სამინისტრო გეუბნება, რომ შენ თუ, პირობითად, [ლაგოდეხში] ხარ, ვერანაირად ვერ მოხვდები ჩარგალში, მაგრამ ვინც გორში სწავლობს, ის მოხვდება. ცოტა აბსურდთან გვაქვს საქმე”, — დასძენს ის.

ნინია გოლიაძე ზოგიერთ რეგულაციაში, მაგალითად,  ავტოტრანსპორტის უსაფრთხოებასთან და პირველად სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებულ ნორმებში პრობლემას ვერ ხედავს და ამბობს იმასაც, რომ აქამდე მოქმედი რეკომენდაციების შესაბამისად, ექსკურსიებზე გასვლის წინ ყოველთვის იღებდა მშობლებისგან წერილობით ნებართვას.

თუმცა, მისი აზრით, ახლად გამოცემული ზოგიერთი რეკომენდაცია “აბსურდია” და უსაფრთხოების კუთხით ვითარებას ვერ შეცვლის.

“ძალიან ბევრი რამ უნდა გავითვალისწინოთ”

სასკოლო ექსკურსიას, რომელიც ძირითადად შემეცნებითი და გასართობი მიზნებით იგეგმება, უსაფრთხოების რისკები მართლაც ახლავს თან. 2019 წლის მაისში მომხდარი ინციდენტი ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებულია ამ კუთხით.

მაშინ 16 წლის მოზარდი ლაგოდეხის ნაკრძალში, მდინარეში საცურაოდ შევიდა, რის შემდეგაც დინებამ გაიტაცა. პროკურატურამ დაღუპული მოზარდის ორ მასწავლებელს გულგრილობის მუხლით წარუდგინა ბრალი.

მანამდე, 2018 წლის ივნისში, გომბორის გზაზე ავტოავარიაში  მოყვა მიკროავტობუსი, რომელსაც ექსკურსიაზე მიმავალი სკოლის მოსწავლეები და მათი ახლობლები გადაჰყავდა. ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა.

ახალი რეგულაციების შეფასებისას, ექსკურსიების თანმდევ რისკებზე 139-ე საჯარო სკოლის პედაგოგი, მაია ივანიშვილიც ამახვილებს ყურადღებას:

“ძალიან ბევრი რამ უნდა გავითვალისწინოთ. პირველ რიგში, ამინდი, [რომლის გაუარესებაც] ხელს შლის ორგანიზებულ ექსკურსიას… [ამასთან] ერთი ექიმი უნდა იყოს აუცილებლად ექსკურსიაზე… შეიძლება, ადამიანმა გაიღვიძოს და კარგად იყოს, თუმცა [შემდეგ] გაუარესდეს ჯანმრთელობის მდგომარეობა”.

პედაგოგი მიესალმება შეზღუდვას, რომლის თანახმადაც არასრულწლოვანი არ უნდა მოხვდეს მდინარეებისა და წყალსაცავების მიმდებარედ და აღნიშნავს, რომ დაბალი კლასების მოსწავლეების შემთხვევაში 150 კმ-იან შეზღუდვასაც ეთანხმება, ვინაიდან ეს მათთვის “საკმაოდ შორი გზაა და ვერ უძლებენ ამხელა მგზავრობას”.

ლაგოდეხის ნაკრძალი, სადაც  2019 წლის მაისში მოზარდი დაიღუპა. ფოტო:დაცული ტერიტორიების სააგენტო

მეორე მხრივ, არ ფიქრობს, რომ ასეთი შეზღუდვა, ორდღიანი ექსკურსიის აკრძალვასთან ერთად, უფროსკლასელებსაც უნდა დაუწესდეთ, თუმცა აღნიშნავს, რომ მათ ექსკურსიებს რამდენიმე პასუხისმგებელი პირი სჭირდება.

თავად მაია ივანიშვილი დაბალი კლასების მასწავლებელია, თუმცა უსიამოვნო გამოცდილების მაგალითებზე საუბრისას იხსენებს თავისი შვილის ექსკურსიას, რომელზეც თავადაც იმყოფებოდა. როგორც ჰყვება, მოსწავლეს ალკოჰოლი და მოსაწევი უპოვეს.

მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად, გარდა პასუხისმგებელი პირების თანხლებისა, პედაგოგის აზრით, მოსწავლეები გამგზავრებამდე უნდა შემოწმდნენ და  მიეწოდოთ ინფორმაცია, რისი წაღება შეუძლიათ ექსკურსიაზე და რისი — არა.

როგორც ჰყვება, მოსწავლეებთან ერთად გეგმავს ექსკურსიების მარშრუტებს, გამგზავრებამდე კი შესაბამის ობიექტზე რეკავს და ამოწმებს, რამდენად გამართულია ადგილზე საგზაო ინფრასტრუქტურა. მაია ივანიშვილი იხსენებს, რომ ერთ-ერთ შემთხვევაში, როცა ასე არ მოხდა, მოუწია, პოლიციის თანხლებით მისულიყო დანიშნულ ადგილამდე, ვინაიდან გზა სახიფათოდ ეჩვენა.

“იმ გზებზე [უნდა] გააქტიურდეს პატრული, სადაც არის ღირსშესანიშნაობები და სადაც აქტიურად მოძრაობენ ექსკურსიის მონაწილეები. სახელმწიფომ უნდა გაააქტიუროს მეთვალყურეობა”, — აღნიშნავს ის.

ამასთან, პედაგოგის აზრით, მნიშვნელოვანია, სკოლებს განათლების სამინისტრო დაეხმაროს სამედიცინო მუშაკებით, რომლებიც ექსკურსიების მონაწილეებს გაჰყვებიან. როგორც ამბობს, სკოლას აღნიშნულის რესურსი ყოველთვის არ აქვს, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ ზოგჯერ რამდენიმე ექსკურსია დროში ემთხვევა ერთმანეთს.

“…ძალიან ახლოს მივდიოდით და უფრო ცუდი შემთხვევა მოხდა”

წლებია, ლადო აფხაზავა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლებას ასწავლის და არაერთი სასკოლო ექსკურსიის ორგანიზებაში მიუღია მონაწილეობა.

სკოლასა და ექსკურსიის ლოკაციას შორის ხსენებული მანძილის დადგენის ლოგიკას ვერც ის ხვდება და დასძენს, რომ ზოგიერთ ექსკურსიაზე ინციდენტები სკოლიდან 150 კმ-ზე გაცილებით ახლოს მომხდარა.

“ხშირად მომხდარა, რომ სკოლიდან ახლოს საფრთხე შეიძლება უფრო იყო, ვთქვათ, ვიდრე დიდ მანძილებზე. ეს შემთხვევებზეა დამოკიდებული.

მგონი, საერთოდ არ იყო ეს ჩანაწერი საჭირო, მაგრამ თუ დოკუმენტს სჭირდებოდა რაიმე კონკრეტიკა, ეს არ ვიცი. კანონმდებელი არ ვარ”, — ეუბნება “ნეტგაზეთს” აფხაზავა, რომელიც 2018 წელს მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტი გახდა.

ლადო აფხაზავა 

საკითხზე საუბრისას ლადო აფხაზავა სხვა პრობლემასაც უსვამს ხაზს: მისი თქმით, საწვავის ფასის გაზრდამ ავტომატურად იმოქმედა ექსკურსიებისათვის გასაწევ ხარჯებზეც და შესაძლოა, არათუ 150 კმ-ზე, არამედ ნაკლებ მანძილზე წასვლაც პრობლემური იყოს:

“ქუთაისში რომ წავიდეთ, ლანჩხუთიდან ადრე ღირდა 200 ლარი, ვთქვათ. ახლა უკვე 500 ლარი მითხრეს ქუთაისის მოვლა. აქედან გამომდინარე, ძალიან ძვირია და გინდ დავწეროთ კილომეტრაჟი და გინდ არა, მაინც ვერ მივდივართ და რა აზრი აქვს, თუნდაც, დებულებას… მე მინდა ის, რაც მართლა ცვლილებას მოიტანს”.

“თუ გვეცოდინებოდა, რის საფუძველზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება…”

რეკომენდაციების შემუშავების პროცესში მეგი კავთუაშვილისთვის მთავარი ის არის, რომ სამინისტრომ “ამჯერადაც ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არავითარი განხილვა არ მომხდარა იმ ადამიანებთან, რომელთაც უნდა აღასრულონ” ის.

ორგანიზაციის “მშობლები განათლებისთვის” დამფუძნებელი ახალ რეგულაციებს სრულფასოვნად ვერ აფასებს, რადგან მისთვის ბუნდოვანია, რა გახდა მათი მიღების საფუძველი:

“თუ ჩვენ გვეცოდინებოდა, რის საფუძველზე იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა, მივესალმოთ ამას. მაგრამ ახლა ვიცით, რომ რაღაცას გვიკრძალავენ, თუმცა არ ვიცი, რატომ. შესაბამისად, ვერანაირად ვერ მივესალმები ისეთ შეზღუდვას, რომელიც არ ვიცი, რატომ უნდა შევასრულო.

კითხვებს, რასაკვირველია, მიჩენს თითოეული მათგანი. მაგალითად, რატომ 150 და არა 160 ან 130 კმ?

იქნებ ჯობდა, რომ დაწყებით საფეხურზე ყოფილიყო უფრო ნაკლები მანძილი დასაშვები, მაგრამ საშუალო საფეხურზე მიგვეცა საშუალება ბავშვებისთვის, რომ წასულიყვნენ ორ-დღიან ექსკურსიაზე, რაც ძალიან დამკვიდრებული პრაქტიკაა?”, — აღნიშნავს ის.

მეგი კავთუაშვილის ინფორმაციით, რეკომენდაციები რესურსცენტრებმა სკოლებს მიმდინარე კვირაში გაუგზავნეს, რის შემდეგაც მის ორგანიზაციას მიმართეს მშობლებმა, რომელთაც აინტერესებდათ, ეს მართლაც სამინისტროს გადაწყვეტილება იყო თუ “დირექცია ირიდებს თავიდან პასუხისმგებლობას”.

“ესეც მიუთითებს იმაზე, რომ ეს მშობლები არ ენდობიან დირექციას, იმდენად ჩატეხილია ხიდი სკოლასა და მშობლებს შორის. მეორე ის, რომ დირექციას აკმაყოფილებს პასუხი — ზემოდან აგვიკრძალეს…”, — აღნიშნავს კავთუაშვილი.

მეგი კავთუაშვილი. ფოტო: Facebook/Megi Kavtuashvili 

მისივე სიტყვებით, მშობლებისთვის მთავარი სწორედ უსაფრთხოებაა:

“ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ საერთოდ ავკრძალოთ ექსკურსიები და საერთოდ აღარ წავიყვანოთ, საერთოდ სახლებში იყვნენ და სკოლებშიც არ გავიდნენ, რათა უსაფრთხოდ იყვნენ.

მეორე ვარიანტი გვაქვს, რომ ჩამოვყალიბდეთ, როგორ მივდივართ უსაფრთხოდ ზღვაზეც, მთაშიც, ბარშიც და მინდორზეც. იქნებ ამაზე ემუშავა სამინისტროს, რომ ასეთი ტიპის ხელშეწყობა ჰქონოდათ სკოლებს, რომ მათ შეძლებოდათ, ბავშვი წაიყვანონ ყველგან, სადაც მისი განვითარებისთვის უკეთესო გარემოა.

…სკოლის ფანჯრებიდან ძალიან ვიწროდ ჩანს ცხოვრების ხედები. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ბავშვები ვატაროთ ყველგან, სადაც შეგვიძლია, ვატაროთ. უბრალოდ, ეს უნდა მოხდეს უსაფრთხოების ნამდვილად უპრეცედენტო ზომების დაცვით”.

ბოლო წლებში გაწერილი დათქმებიდან კავთუაშვილი აღნიშნავს ნორმას, რომელიც ტრანსპორტის გამართულობას არეგულირებს და დასძენს, რომ მიესალმება მას. თუმცა ისურვებდა, შესაბამისი დოკუმენტაცია არა მხოლოდ სკოლას, არამედ მშობელსაც წარედგინოს ექსკურსიის ორგანიზატორის მიერ.

დაემორჩილებიან თუ არა სკოლები ხსენებულ რეგულაციებს? მეგი კავთუაშვილი ხაზს უსვამს, რომ მსგავს ნორმებს, ოფიციალურად, რეკომენდაციის სახე აქვს, თუმცა მათი შესრულება სავალდებულოა.

შესაბამისად, ის მიიჩნევს, რომ სკოლებს მოუწევთ, დაემორჩილონ ახალ წესებს, თუმცა რეკომენდაციების გვერდის ავლით მაინც მოეწყობა ექსკურსიები.

კითხვას, რა არის ამ მოცემულობიდან გამოსავალი, ის ასე პასუხობს:

“გამოსავალი ისაა, რომ როდესაც ასეთი გადაწყვეტილება მუშავდება სამინისტროში, როგორმე, მის მიღებამდე, შეიძლება თავიანთი ფეისბუკ გვერდის მომწონებლები მაინც გამოჰკითხონ, მშობლები… ან უბრალოდ რაღაც ორკაციანი ზუმ შეხვედრა გააკეთონ, სადაც ისაუბრებენ, რომ ჩვენ ამას ვფიქრობთ და თქვენ რას ფიქრობთ; მერე ეს უკუკავშირები როგორმე გააანალიზონ და ასახონ ამ გადაწყვეტილებებში”.

“ნეტგაზეთი” შეეცადა, ზოგიერთი რეკომენდაციის კრიტიკაზე განათლების სამინისტროს პასუხი მოესმინა, თუმცა უწყებამ არ გვიპასუხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი