ახალი ამბებისაზოგადოება

ექსკურსიები რეგულირების მიღმა – ვინ უნდა დაიცვას მოსწავლეთა უსაფრთხოება

27 მაისი, 2019 •
ექსკურსიები რეგულირების მიღმა – ვინ უნდა დაიცვას მოსწავლეთა უსაფრთხოება

27 მაისს ლაგოდეხის ნაკრძალში წყალში ჩავარდნილი 16 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. გოგო, რომელსაც მაშველები მთელი ღამისა და დილის განმავლობაში ეძებდნენ, ნაკრძალში კლასელებთან ერთად ექსკურსიაზე იმყოფებოდა. როგორ არეგულირებს სახელმწიფო სასკოლოს ექსკურსიების საკითხს როგორც საკანონმდებლო ისე პრაქტიკულ დონეზე და ვინ უნდა დაიცვას მოსწავლეთა უსაფრთხოება?

საექსკურსიო ჯგუფი, რომელშიც 17 ბავშვი იმყოფებოდა, “ნინოსხევის ჩანჩქერამდე” სალაშქრო ბილიკით მივიდა. ნაკრძალის ადმინისტრაციის თქმით, ჯგუფი რეინჯერმა გააფრთხილა, რომ კონკრეტული ადგილი სახიფათოა და ალტერნატიული გზა შესთავაზა. თუმცა ექსკურსიის ორგანიზატორებმა უარი განაცხადეს.

სკოლაში კი ამბობენ, რომ ეს იყო არა ზრდასრულთა დაუდევრობა, არამედ უბედური შემთხვევა. მათი თქმით, მოზარდი წყალში შემთხვევით ჩავარდა. მისი გადარჩენა ფიზკულტურის მასწავლებელმა სცადა, თუმცა – უშედეგოდ.

უფლებადამცველების აზრით, ლაგოდეხის შემთხვევა სისტემურ ხარვეზს აჩვენებს, კერძოდ კი, იმ საკანონმდებლო გარემოს, სადაც ექსკურსიები რეგულირების მიღმა რჩება და არ არსებობს ეფექტიანი სტანდარტი, რომელიც ბავშვთა უსაფრთხოებას დაიცავდა.

რა მოხდა ლაგოდეხის ნაკრძალში – სხვადასხვა წყაროს მიხედვით

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლაგოდეხის ნაკრძალში, მდინარეში მოზარდი ჩავარდა, 26 მაისს, საღამოს გავრცელდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანახმად, „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ „ნინოსხევის ჩანჩქერთან“ სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, ერთ-ერთი მათგანი კი მდინარეში ჩავარდა და სწრაფმა დინებამ გაიტაცა.

ამ ინფორმაციას ადასტურებენ ლაგოდეხის ნაკრძალის ადმინისტრაციაში. როგორც მისი დირექტორი გიორგი სულამანიძე ამბობს, ექსკურსიის შესახებ მათ წინასწარ არ მიუღით ინფორმაცია სკოლის წარმომადგენლებისგან. ექსკურსიის წარმომადგენლებს წინასწარ არც ის უკითხავთ, თუ რომელი სალაშქრო ბილიკით იყო მოძრაობა მიზანშეწონილი.

“დაცულ ტერიტორიაზე შესვლა არის უფასო და მას რამდენიმე შესასვლელი აქვს, მათ შორის, ორი ბილიკი ქალაქ ლაგოდეხიდან, ერთი – ჩანჩქერიდან, ერთი კი – მაჭის ციხიდან. ცენტრალური შესასვლელთან არის საინფორმაციო დარბაზი და ადმინისტრაცია, სხვა ბილიკებზე კი მოქმედებენ რეინჯერები. ასევე, მაჭის ციხესთან და გურგენიანთან 24-საათიანი სარეინჯერო სადგურები დგას. ნაკრძალში შესვლის დროს ჩვენ ყოველთვის ვიწერთ, თუ რამდენი ადამიანი შედის ტერიტორიაზე და გავცემთ ინფორმაციას უსაფრთხოების ნორმების შესახებაც.

ამ შემთხვევაში, მოსწავლეთა ჯგუფი პირდაპირ ჩანჩქერის ბილიკიდან მოვიდა. ბილიკის დასაწყისში მათ შეხვდა რეინჯერი და უთხრა, რომ ბილიკი ცუდ მდგომარეობაშია, არ არის საჭირო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, არც ხიდი, ხოლო წყლის დონე მაღალია. რეინჯერმა აუხსნა, რომ იქ შესვლა რეკომენდირებული არ იყო და ასევე უთხრა, რომ თუ მაინც შევიდოდნენ და სურვილი ექნებოდათ, დაეხმარებოდა მათ და გიდს გააყოლებდა. ამაზე მან უარი მიიღო. რეინჯერს უთხრეს, რომ ჯგუფს თან სამი მასწავლებელი და ექიმიც ახლდა და დახმარება არ სჭირდებოდათ”, – ამბობს გიორგი სულამანიძე.

მისივე ინფორმაციით, საექსკურსიო ჯგუფი ჩანჩქერამდე მშვიდობიანად მივიდა, ტრაგედია კი შემდგომ მოხდა. ნაკრძალის ადმინისტრაციის დირექტორი აღწერს, რომ ჩანჩქერთან ახლოს, რელიეფიდან გამომდინარე, “ჯაკუზის ფორმის” საცურაო ადგილია შექმნილი. მისი თქმით, ბავშვები, მათ შორის, 16 წლის გარდაცვლილი გოგო, ამ ადგილას წყალში საცურაოდ შევიდნენ.

“ამ საცურაო ადგილზე წყალი ერთი ნაპირიდან მეორისკენ ჩაედინება. როგორც ჩანს, გოგო მოჰყვა დინებაში, დინებამ კი მორევამდე მიიყვანა, რომელიც დიდი კლდის ქვეშ შედიოდა. სწორედ აქ გაუჩინარდა მოზარდი და ვეღარანაირად ვერ მოხერხდა მისი გარდარჩენა”, – ამბობს დირექტორი და ამატებს, რომ გადატვირთული პერიოდისა და ხალხმრავლობის გამო, ნაკრძალში რეინჯერები უფრო აქტიურად, თითქმის 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, მუშაობს ცხელი ხაზი, ფეისბუკ-გვერდი და 112-საც შეუძლია ნაკრძალის ადმინისტაციაში ზარის გადამისამართება.

ამასთანავე, ყველა ბილიკის დასაწყისში არის ვიზიტორთა ქცევის წესები გამოკრული. აქ შეუძლია გაეცნოს ადამიანს, თუ როგორ უნდა მოიქცეს, ვთქვათ, ცეცხლი არ დატოვოს ან კლდის პირას არ იაროს და ა.შ. ეს არ არის მხოლოდ ექსკურსია, ეს არის ლაშქრობა, საპასუხისმგებლო მოგზაურობა. სწორედ ამიტომ, საჭიროა წესები, რეინჯერებს არ აქვთ უფლება გადაადგილება აუკრძალონ ვინმეს”, – ამბობს დირექტორი.

ნაკრძალის ადმინისტრაციის დირექტორისგან განსხვავებით, სხვა გარემოებების შესახებ ჰყვება სკოლის დირექტორი, ბადრი ჯავახიშვილი.

ნეტგაზეთთან მოკლე ინტერვიუში ის ამბობს, რომ ბავშვებს თან არ ახლდათ მშობლები, თუმცა ექსკურსიაში მონაწილეობდნენ 2 პედაგოგი, დამრიგებელი და ექიმი.

“მე იქ არ ვყოფილვარ და მხოლოდ ის ვერსია მაქვს, რასაც მასწავლებლები და მოსწავლეები მიყვებიან. მათი თქმით, ბავშვი იყო ჩაცმული და გზიდან ჩავარდა წყალში.

ჩვენი სკოლის მოსწავლეები საცურაოდ არ შესულან მდინარეში, ბავშვს ფეხი დაუცურდა და მისი დახმარება სპორტის მასწავლებელმა სცადა, თუმცა ვერ შეძლო”, – გვიყვება ბადრი ჯავახიშვილი.

კითხვაზე, წინასწარ დარეკეს თუ არა სკოლის წარმომადგენლებმა ნაკრძალში მოგზაურობის დასაგეგმად და ინფორმაციის მისაღებად, დირექტორი პასუხობს, რომ ამის წინაპირობა არ არსებობდა.

მომხდარზე რეალობა ახლა შსს-მ უნდა გაარკვიოს, რომელიც ფაქტს იძიებს.

რამდენად სახიფათოა „ნინოსხევის ჩანჩქერის” ბილიკი?

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ლაგოდეხის ნაკრძალში სულ რამდენიმე ტურისტული ბილიკია, კერძოდ:

  1. 1. როჭოს ჩანჩქერი;
  2. “ნინოსხევის ჩანჩქერი”(დიდი ჩანჩქერი);
  3. მაჭის ციხე;
  4. შავი კლდეების ტბა;
  5. ბუნების შემეცნებითი ბილიკი.

“ნინოსხევის ჩანჩქერი” ერთ-ერთი ბილიკია, რომლით სარგებლობასაც სააგენტო ამჟამად მოსახლეობას არ ურჩევს.

განცხადებაში, რომელიც სააგენტომ 26 მაისს გაავრცელა, ნათქვამია, რომ მარშრუტზე მდინარე ადიდებულია და ინფრასტრუქტურა კი დაზიანებული, ამიტომ აჯობებს, მოლაშქრეებმა ალტერნატიული ბილიკებით იარონ.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, “ნინოსხევის ჩანჩქერის” ბილიკი 8.5 კილომეტრის სიგრძის საშუალო სირთულის საფეხმავლო ბილიკია, თუმცა ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო ამ ბილიკით სარგებლობისგან თავს თავად მოლაშქრეებიც იკავებენ. ინციდენტის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ფეისბუკზე არაერთი მოლაშქრე წერდა, რომ ამ ადგილას გადაადგილება პრობლემური იყო. ერთ-ერთი ასეთი მოლაშქრე დავით ცაბოშვილია.

ნეტგაზეთთან ის ამბობს:

“ნინოსხევის ჩანჩქერის” ბილიკი ღია და გახსნილია ყველასთვის. როგორც წესი, აქ ყველას უშვებენ და ბილიკი რთული არ არის, მაგრამ სირთულეებს ქმნის ინფრასტრუქტურის, თუნდაც, ხიდების არარსებობა, რაც უკვე წლებია გრძელდება. აქ, მაგალითად, მდინარეზე ხიდების ნაცვლად მორებია გადებული და ეს, რა თქმა უნდა, ხშირად იწვევს ტრავმებს.

ზოგადად, ყველა მარშრუტზე, რომელიც უფასოა საქართველოში, ყველგან მსგავსი პრობლემა არსებობს. ამიტომ აქ არავის ვურჩევდი მდინარის ადიდების დროს ლაშქრობას”, – ამბობს მოლაშქრეთა კლუბ “იეტის” დამაარსებელი დავით ცაბოშვილი.

ექსკურსიები რეგულირების გარეშე – ვინ უნდა დაიცვას ბავშვების უსაფრთხოება

ლაგოდეხის ნაკრძალში მომხდარ ინციდენტს განათლების სამინისტროში ეხმაურებიან და ამბობენ, რომ საკითხის ირგვლივ მოკვლევა დაიწყო. მოკვლევის შემდეგ კი დადგინდება, ვისი პასუხისმგებლობაა 16 წლის გოგოს გარდაცვალება.

ეკატერინე ხუციშვილი, ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსი, ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ ექსკურსიებთან დაკავშირებით სამინისტრო ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში და ბოლოს სკოლებს სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტს უგზავნის, რომელიც ექსკურსიების გამართვის დროს უსაფრთხოების დაცვის ვალდებულებებს აწესებს.

რეკომენდაციის მიხედვით, სამინისტრო მოუწოდებს სკოლებს, რომ მათ ჰქონდეთ სრულფასოვანი ინფორმაცია ექსკურსიაში მონაწილე ბავშვებსა და ლოკაციაზე, ხოლო სატრანსპორტო საშუალება სრულიად გამართული უნდა იყოს. ამასთანავე, სამინისტრო ამბობს, რომ ბავშვებს ექსკურსიზე ერთი ექთანი მაინც უნდა ახლდეს თან.

სამინისტროს რეკომენდაციათა ნუსხა ითვალისწინებს შემდეგს:

ტრასპორტირება – განხორციელდეს იმ ოფიციალური გადამზიდავების (მეწარმე ფიზიკური ან იურიდიული პირის) მიერ, რომლებსაც გავლილი აქვთ ტექდათვალიერება; სასურველია, სატრანსპორტო საშუალება დაზღვეული იყოს (ჰქონდეს მგზავრების დაზღვევა); სატრანსპორტო საშუალებას უნდა ჰყავდეს კვალიფიციური (შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე) მძღოლი;

გადამზიდავი კომპანია იღებს პასუხისმგებლობას მგზავრობის უსაფრხოებაზე და ტრანსპორტის გამართულობაზე და ტექნიკური გამართვიანობის დამადასტურებელ დოკუმენტს წარუდგენს სკოლის ადმინისტრაციას; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანთათვის უზრუნველყოფილ იქნეს ტრანსპორტირება მათი საჭიროების გათვალისწინებით;

რამდენიმე ავტოსატრანსპორტო საშუალებით არასრულწლოვანთა გადაადგილების შემთხვევაში, მიზანშეწონილია ღონისძიების პერიოდის და ადგილმდებარეობის შეტყობინება მუნიციპალიტეტისათვის, პოლიციისათვის, სახანძრო-სამაშველო დანაყოფისა და სასწრაფო დახმარების სამსახურისათვის;

არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლების თანხმობა – იმ პირთა შორის, რომლებიც იღებენ არასრულწლოვნებზე მზრუნველობის პასუხისმგებლობას, უნდა იყოს სულ მცირე ერთი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელსაც გავლილი აქვს „პირველადი (ექიმამდელი) სამედიცინო დახმარების კურსი“;

ღონისძიების ორგანიზატორს უნდა ჰქონდეს მშობლის/მშობლების (მეურვეების, არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლების) თანხმობა ან/და ხელშეკრულება (სასურველია ნოტარიულად დამოწმებული ფორმით), სადაც განისაზღვრება მხარეთა უფლებამოსილება;

ღონისძიების ხელმძღვანელის/ორგანიზატორის მიერ დაქირავებულ პერსონალთან (ლიდერ/ინსტრუქტორებთან), გადამზიდავთან, არასრულწოლვანთა განთავსებისა და კვების ობიექტთან ურთიერთობები და მხარეთა პასუხისმგებლობა დარეგულირებული უნდა იყოს ხელშეკრულებით.

ამ რეკომენდაციებს ექვემდებარება არა მხოლოდ სკოლის მიერ ორგანიზებული სასწავლო ექსკურსიები, არამედ მშობელთა მიერ ორგანიზებული მოსწავლეთა ნებისმიერი ჯგუფური ტრანსპორტირება;

ეკატერინე ხუციშვილი ამბობს, რომ დოკუმენტი სკოლებში რეკომენდაციის სახითაა დაგზავნილი, თუმცა მათი შესრულება აუცილებელია. მისივე თქმით, რეკომენდაციათა ნაწილს, კერძოდ კი, ტრანსპორტირების საკითხს, პირველი ივნისიდან სატრანსპორტო მოძრაობის კანონიც დაარეგულირებს.

დანარჩენი რეგულაციების გამკაცრებაზე კი, მისი თქმით, სამინისტრო მუშაობს და დროთა განმავლობაში სხვა საკანონმდებლო ცვლილებებსაც დანერგავს. ამასთანავე, ეკატერინე ხუციშვილი განმარტავს, რომ ექსკურსიების შესახებ წესები “ბავშვთა უფლებების კოდექსშიც” შევა, რომელიც 2020 წლისთვის უნდა მიიღონ.

“რეკომენდაციათა შესრულების მონიტორინგს სამინსიტრო, სამწუხაროდ, ვერ განახორიცელებს, იმდენად ბევრია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და თითოეული სკოლიდან წასული მოსწავლეების რაოდენობა, რომ ცენტრალიზებულად მონიტორინგის განხორციელება შეუძლებელია.

თუმცა, კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ რეკომენდაციების შესრულებაზე პასუხისმგებლობა უშუალოდ ეკისრება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას”,- ამბობს ეკატერინე ხუციშვილი.

რაც შეეხება არასამთავრობო სექტორს, საია-ს იურისტის, ქეთი შუბაშვილის თქმით, სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს არავითარი იურიდიული ძალა  არ აქვს. იურისტი გვიყვება, რომ დღესდღეობით ქართული საკანონმდებლო სივრცე ამ კუთხით რეგულაციების გამკაცრებას საჭიროებს, ვინაიდან ბავშვების უსაფრთხოება და მათი ჯანმრთელობა ხშირად საფრთხის ქვეშ დგება.

“საჭიროება რომ არის რეგულაციების გამკაცრების, ამას სახელმწიფოც ნაწილობრივ აღიარებს, იმიტომ, რომ ბავშვთა უფლებების კოდექსში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნორმები გაიწერა. თუმცა ეს კოდექსი ჯერ მიღებული არ არის და მან მხოლოდ პირველი მოსმენა გაიარა”, – ამბობს ქეთი შუბაშვილი.

კანონპროექტში, რომლის შესახებაც იურისტი საუბრობს, ექსკურსიებთან დაკავშირებული წესები მართლაც გაწერილია. ამ ნორმებს დოკუმენტის 66-ე “საჯარო ღონისძიებებში ბავშვის უსაფრთხოების” მუხლი არეგულირებს.

იმ საკითხებს შორის, რომელსაც ეს კონკრეტული მუხლი ეხება, ღონისძიების დრო, ხანგრძლივობა, ადგილმდებარეობა და მონაწილე ბავშვთა ინფრომაციის აღრიცხვა შედის, რომელიც ღონისძიების ორგანიზატორმა პოლიციის, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურებს უნდა მიაწოდოს.

გარდა ამისა, კანონპროექტში წერია, რომ უნდა იყოს დაცული ადგილისა და საკვების ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები, ხოლო ღონისძიების ორგანიზატორებმა უნდა უზრუნველყონ გამართული ტრანსპორტი და საევაკუაციო გეგმა.

ასევე, დოკუმენტში ვკითხულობთ:

“თუკი ბავშვების ჯგუფური ტრანსპორტირების დროს დროებითი განთავსების ადგილებში და ორგანიზებულ ჯგუფებში ღონისძიების ორგანიზატორის მიერ არ არის უზრუნველყოფილი ექიმისა ან ექთნის 24-საათიანი მომსახურება, იმ პირთა შორის, რომლებიც იღებენ ბავშვების უსაფრთხოებაზე მეთვალყურეობის პასუხისმგებლობას, უნდა იყოს სულ მცირე ერთი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელსაც გავლილი აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი”.

ქეთი შუბაშვილის თქმით, კანონპროექტში გაწერილი წესები წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა, მათი აღსრულება და მონიტორინგი, შესაძლოა, ცალკე გამოწვევად იქცეს. რაც შეეხება დღეს არსებულ ვითარებას და ლაგოდეხში მომხდარ ფაქტს, იურისტი ამბობს:

“რეკომენდაციებს არ აქვს იურიდიული ძალა, ვინაიდან, ისინი კანონში გაწერილი არ არის და მათ აღსრულების მექანიზმი არ მოჰყვება. თუ, ვთქვათ, ვინმეს რაიმე პასუხისმგებლობა დაეკისრება, ეს იქნება სკოლის ან სამინისტროს ინდივიდუალური პასუხისმგებლობა. უშუალოდ ის დოკუმენტი, რომელზეც სამინისტრო საუბრობს, სამართლებრივ პასუხისმგებლობას ვერ გამოიწვევს”.

გარეკანი ფოტო: ”ნინოსხევის ჩანჩქერი”, დაცული ტერიტორიების სააგენტო

მასალების გადაბეჭდვის წესი