საზოგადოება

უკრაინაზე ჩემი პოზიციის გამო მამაჩემმა პოლიციაში დამასმინა – სტუდენტი რუსეთიდან

6 მაისი, 2022 • 4258
უკრაინაზე ჩემი პოზიციის გამო მამაჩემმა პოლიციაში დამასმინა – სტუდენტი რუსეთიდან

რუსეთის მოქალაქე, მოსკოვში მცხოვრები ელვინა ხალიტოვა ამბობს, რომ უკრაინაში ომის კრიტიკის გამო მამამ პოლიციაში დაასმინა. ახალგაზრდა ქალი ამის შესახებ გამოცემა Proekt-ს უყვება.

ელვინა 22 წლის სტუდენტია და, როგორც თავად ჰყვება, მთელი შეგნებული ცხოვრება აქტივიზმითაა დაკავებული. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აქტიურად აქვეყნებს ვიდეოებს სოციალურ ქსელ Twitch-ზე და წერს Telegram-ის საკუთარ არხზე. ორივეგან აკრიტიკებს პუტინსა და ომს უკრაინაში.

სწორედ სოციალურ ქსელში აქტივობის გამო მამამისმა ელვირა პოლიციაში დაასმინა, თქვა, რომ მისი შვილი „რუსების მკვლელობისკენ“ მოუწოდებს. თავდაპირველად პოლიცია იმ სახლში მივიდა, სადაც ელვირა რეესტრის მიხედვითაა ჩაწერილი. გოგო იმ დღეს იმ მისამართზე არ იმყოფებოდა.

რაც შეეხება პოლიციაში მიმართვას, ელვირას მამამისის პოლიციელთან საუბრის აუდიოჩანაწერიც აქვს. ჩანაწერში ისმის:

-გამარჯობა, პოლიციიდან გაწუხებთ თქვენი მომართვის თაობაზე.
-ჩემი ქალიშვილი ჯერ არ დაგიკავებიათ, არა?!
-და რისთვის უნდა დავაკავოთ?
-რას ნიშნავს?! ანუ რუსების მოკვლა ნორმალურია?
-მოწოდება.. ამიტომ უნდა გამოგკითხოთ ჯერ თქვენ. კონკრეტულად რა დაინახეთ? თქვენი ქალიშვილი მოუწოდებს ამისკენ? თუ რა?
-დიახ. უნდა სასწრაფოდ გაამტვრიოთ კარი.
-რის საფუძველზე უნდა გავამტვრიოთ კარი? იმიტომ, რომ თქვენ რაღაც განაცხადეთ?
-თქვენი დედა.. გაამტვრიეთ!

ელვირა ჰყვება, რომ მამამისი ბოლო წლებია აქტიურად უყურებს რუს პროპაგანდისტულ მედიას, მათ შორის, ვლადიმერ სოლოვიოვსა და სხვებს.

საბოლოოდ, საქმე გაფრთხილებით დასრულდა. ელვირას მოუწია პოლიციის განყოფილებაში განმარტებით წერილის დაწერა, სადაც განაცხადა, რომ არ მოუწოდებია რუსების მოკვლისკენ.

როგორ გამოიწვია უკრაინაში ომმა რუსეთის შიგნით დასმენების ტალღის აგორება მეზობლებსა და ნათესავებს შორის, ნახეთ მედიაგამოცემა Proekt-ის ვიდეო. ომის დაწყების შემდეგ რუსეთში არაერთი ახალი კანონი მიიღეს, რომელიც “რუსეთის არმიის” დისკრედიტაციისთვის და “დეზინფორმაციის” გავრცელებისთვის მოქალაქეებისა და მედიასაშუალებების დასჯას ითვალისწინებს. აკრძალულია უკრაინაში მიმდინარე პროცესების ომად მოხენიებაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი