საზოგადოება

L — რუსების ლეგიონი, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძვის

4 მაისი, 2022 • 5601
L — რუსების ლეგიონი, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძვის

“შემოუერთდით ჩვენს შეიარაღებულ ბრძოლას პუტინისა და მისი რეჟიმის წინააღმდეგ!” — ვკითხულობთ მიმართვაში, რომელიც უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსებისაგან დაკომპლექტებული ლეგიონის ტელეგრამ არხზე მიმდინარე წლის მარტში გამოქვეყნდა.

რუსეთის მოქალაქეებისგან დაკომპლექტებული ლეგიონი, რომელზეც უკრაინის ხელისუფლებაშიც საუბრობენ, აერთიანებს როგორც ბრძოლისას დატყვევებულ რუს ჯარისკაცებს, ისე პოლიტიკურ დისიდენტებს.

ისინი მოუწოდებენ თანამემამულეებს, შეუერთდნენ წინააღმდეგობას, აღნიშნავენ რა, რომ ლეგიონის მიზანია, “გაანადგურონ პუტინის ტირანია” და მოუტანონ რუსეთს “თავისუფლება, დემოკრატია და კეთილდღეობა”.

“გავაცნობიერე, რომ ეს ნამდვილი გენოციდია”

5 აპრილს კიევში, სააგენტო “ინტერფაქს უკრაინის” ოფისში პრესკონფერენცია გამართა სამმა კაცმა, რომელთაც სამხედრო ფორმები ეცვათ და სახე შავი ნიღბებით ჰქონდათ დაფარული.

როგორც თქვეს, სამივე მათგანი ერთიანდება უკრაინის მხარეს მებრძოლ ლეგიონში “რუსეთის თავისუფლება”, რომელიც დაკომპლექტებულია რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებით, მათ შორის, უკრაინის მიერ დატყვევებული და შემდგომ გათავისუფლებული რუსი სამხედროებით.

ერთ-ერთი მათგანის განცხადებით, რომელმაც თავი წარადგინა რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფილ სამხედრო მოსამსახურედ, უკრაინაში ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციისთვის გამოგზავნეს, რის შემდეგაც ტყვედ ჩავარდა.

ამჟამად, როცა უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად იბრძვის, რუსეთის მიერ წარმოებულ სამხედრო კამპანიას მოიხსენიებს “გენოციდად” და  “სრულმასშტაბიან ომად სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ”, რომლის მიზანიც ხელისუფლების შეცვლა იყო.

მანვე აღნიშნა, რომ როგორც ომის პატიმარმა, ნახა რუსეთის არმიის მიერ მიწასთან გასწორებული ქალაქები — ბუჩა, ირპენი და გოსტომელი.

“გავაცნობიერე, რომ ეს ნამდვილი გენოციდია და გადავწყვიტე, შევერთებოდი ლეგიონს “რუსეთის თავისუფლება”, რათა მებრძოლა პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ, ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების ბედნიერი მომავლისთვის”.

ლეგიონის “რესეთის თავისუფლება” წარმომადგენელთა პრესკონფერენცია კიევში

ის ასევე შეეხო რუსეთის შიგნით არსებულ ვითარებას თავისუფლებების კუთხით და დასძინა:

“მინდა, ვიბრძოლო პუტინის უკანონო რეჟიმის წინააღმდეგ იმისათვის, რომ [რუსეთში] ადამიანებს ჰქონდეთ საშუალება, თავისუფლად ილაპარაკონ, თავისუფლად ისუნთქონ…”

პრესკონფერენციის მონაწილე კიდევ ერთი პირის თქმით,  რუსეთის სპეცდანიშნულების რაზმის სერჟანტი იყო, ამბობს, რომ “სამხედრო სწავლებაზე” გაგზავნეს, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მოატყუეს და რეალურად, ომში უშვებდნენ.

“კოლონებით მოძრაობისას ვიხილეთ პუტინის რეჟიმის მიერ ჩადენილი ყველა სისასტიკე”, — დასძინა მან და ახსენა მაროდიორობა, მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობები, სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა და სამოქალაქო პირთა “ცოცხალ ფარად” გამოყენება.

“მივიღე გადაწყვეტილება, რომ არ ჩავებმებოდი უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში და დავნებდებოდი.

დანებების შემდეგ, როგორც ომის პატიმარმა, გავიგე ლეგიონის “რუსეთის თავისუფლება” არსებობის შესახებ და შევუერთდი მას”, — დასძინა მან და რუსეთის არმიის სხვა მოსამსახურეებსაც მოუწოდა, შეუერთდნენ ლეგიონს.

მისივე სიტყვებით, უკრაინის მხარეს გადასვლის შემდეგ, თავდაპირველად, მარტივ დავალებებს იღებდნენ, “იარაღის გარეშე”, თუმცა შემდგომ მათდამი ნდობა გაიზარდა და მიიღეს როგორც ახალი დავალებები, ისე იარაღი.

გზავნილები, სიმბოლიკა და კრიპტოვალუტა

სანამ მედიისთვის პრესკონფერენციას გამართავდნენ, რუსული ლეგიონის შესახებ პირველი ცნობები მარტში გამოჩნდა სოციალურ მედიაში.

ლეგიონს აქვს არხი ტელეგრამზე, რომელზეც პერიოდულად ვრცელდება მიმართვები რუსეთის მოქალაქეების, მათ შორის, რუსეთის არმიის ჯარისკაცებისადმი, ისევე როგორც ცნობები ლეგიონის აქტივობების შესახებ.

“…იარაღით ხელში ვიბრძვით რუსეთის პუტინისგან გათავისუფლებისთვის. ჩვენ ვიბრძვით რუსების კანონიერი უფლებებისთვის: სიტყვის, შეკრების, გადაადგილების, პიროვნების თავისუფლებისთვის, თავისუფლების უფლებისთვის”, — ნათქვამია ერთ-ერთ მიმართვაში.

ლეგიონის წარმომადგენლები არაერთგზის მოუწოდებენ რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს, დატოვონ არმიის რიგები და შეუერთდნენ “რუსეთის თავისუფლებას”.

“ჩვენ ვგრძნობთ თქვენს დემორალიზებასა და ტირანის ამბიციებისათვის სიკვდილის ნების არქონას. გაიგეთ, რომ ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის, არ გვსურს თქვენი განადგურება. გვსურს, დაგეხმაროთ, დაბრუნდეთ სახლში, ჩვენს განახლებულ რუსეთში, რუსეთში პუტინის გარეშე.

ვიცით, რომ უმეტესობა წყევლით პუტინს და რუსეთის ამ სამარცხვინო ომს. ვიცით, რომ ბევრი თქვენგანი ეძებს გზებს იმისათვის, რომ დაითხოვონ რუსეთის არმიიდან. იფიქრეთ, იმოქმედეთ და შემოუერთდით ლეგიონს. იცით, როგორც უნდა დაგვეკონტაქტოთ”, — დაწერა ლეგიონმა 12 აპრილს.

ლეგიონში ამბობენ, რომ მათი სიმბოლოების შემცველი სტენსილები უკვე გამოჩნდა რუსეთის ტერიტორიაზე, ეს ფოტო კი მოსკოვის რეგიონშია გადაღებული

მოწოდებების გარდა, “რუსეთის თავისუფლება” მსურველებს კონკრეტულ ინსტრუქციებსაც აწვდის, თუ როგორ უნდა გაწევრიანდნენ ლეგიონში. მათი თქმით, ამის გაკეთება რუსებს შეუძლიათ “უახლოეს ევროპულ ქვეყანაში მოქმედ უკრაინის საელჩოში რეგისტრაციის” გზით.

მათივე თქმით, დახმარების მსურველებს შეუძლიათ, კრიპტოვალუტით შესწირონ თანხა ლეგიონს. შესაბამისი რეკვიზიტები, სოციალური მედიის გარდა, წარმოდგენილი იყო 5 აპრილის პრესკონფერენციაზეც.

ლეგიონმა თავის სიმბოლოდ თეთრ-ლურჯ-თეთრი დროშა აირჩია. აღნიშნულ დროშას ვლადიმერ პუტინისა და ომის მოწინააღმდეგე რუსები იყენებენ. მათ გადაწყვიტეს, რუსეთის ამჟამინდელი დროშისგან განსხვავებით, თავიანთი სიმბოლოდან წითელი ფერი გაექროთ.

“რუსეთის თავისუფლების” კიდევ ერთი სიმბოლოა ლათინური ასო “L”, როგორც პირველი ასო სიტყვებში “Legion”(ლეგიონი) და “Liberty”(თავისუფლება).

ლეგიონი მოუწოდებს რუსეთსა და მის გარეთ მცხოვრებთ, თავიანთ ქალაქებში, საზოგადოებრივ ადგილებში გამოსახონ აღნიშნული ასო, გადაიღონ ფოტოები მის ფონზე და სოციალურ მედიაში გაავრცელონ ჰეშთეგი #Legion_Liberty.

“ეს მომავალში ხელს შეუწყობს დიალოგს”

დაუზუსტებელია, რამდენი ადამიანი ერთიანდება რუსეთის მოქალაქეებისგან დაკომპლექტებულ ლეგიონში. ჟურნალ TIME-ის თანახმად, სულ მცირე, რუსეთის ასეულობით მოქალაქე იბრძვის უკრაინის მხარეს.

“არცერთ რუსს უნდა გადმოეკვეთა საზღვარი იარაღით ხელში”, — ეუბნება გამოცემას 30 წლის რუსი IT სპეციალისტი, ფსევდონიმით “იანი”. ის საარტილერიო სამიზნეების იდენტიფიცირებას ცდილობს და უკრაინელ ჯარისკაცებს სამედიცინო მასალებით უზრუნველყოფს.

რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ იანი ტერიტორიული თავდაცვის ძალებს შეუერთდა კიევთან ახლოს. როგორც ამბობს, უკრაინაში რუსეთის ურალის რეგიონიდან 3 წლის წინ, მის ოფისში მოწყობილი რეიდის შემდეგ, დაპატიმრების რისკის გამო გადავიდა, მანამდე კი პუტინის საწინააღმდეგო აქციებს ესწრებოდა.

იანი, რომელიც თავს ანარქისტად წარადგენს, ამბობს, რომ მისი მიზანია, შეეწინააღმდეგოს რუსეთის აგრესიას და დაიცვას უკრაინა.

TIME-ის კიდევ ერთი რესპონდენტი , 25 წლის რუსი სტუდენტი ვიტია, ამბობს, რომ ასევე შეუერთდა უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალებს, უყვარს თავისი სამშობლო და იმედი აქვს, რომ ეს ომი შეარყევს რუსეთის რეჟიმს.

ფოტო ლეგიონის “რუსეთის თავისუფლება” ტელეგრამ არხიდან

რთული სათქმელია, რამდენი ემხრობა რუსეთში პუტინის პოლიტიკასა და ომს. საზოგადოებრივი აზრის ერთ-ერთი გამოკითხვით, ქვეყანაში ვლადიმერ პუტინი მოსახლეობის 80%-ის მოსწონს. თუმცა, ბუნდოვანია, მსგავსი გამოკითხვების მონაწილეთა რა ნაწილი აფიქსირებს თავის რეალურ დამოკიდებულებას ხელისუფლების მიმართ რუსეთში არსებული მკაცრი ცენზურის ფონზე, რომელიც უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა.

რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატის, ილია პონომარევის თქმით, იცის, რომ რუსეთში ათასობით ადამიანს სურს პუტინის არმიის წინააღმდეგ ბრძოლა.

“მათ არ სურთ თავიანთი თანამემამულე რუსების დახოცვა, თუმცა სურთ, დახოცონ პუტინისტები, რომლებიც ისეთივენი გახდნენ, როგორც ფაშისტები 80 წლის წინ”, — ამბობს პანომარევი WSJ-სთან საუბრისას. ის ერთადერთ დეპუტატი იყო დუმაში, ვინც 2014 წელს ყირიმის ანექსიის წინააღმდეგ მისცა ხმა.

კიდევ ერთი რუსი ოპოზიციონერი მარატ გელმანი გამოცემას ეუბნება, რომ შესაძლოა, უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსები არ წარმოადგენდნენ მნიშვნელოვან სამხედრო ძალას, თუმცა ხაზს უსვამს ამ უკანასკნელთა პოლიტიკურ მნიშვნელობას.

“როდესაც ცნობილი გახდება, თუ როგორ დაეხმარნენ რუსეთის მოქალაქეები უკრაინას აგრესორის მოგერიებაში, ეს მომავალში ხელს შეუწყობს რუსებსა და უკრაინელებს შორის დიალოგს. და ეს ხალხი შეიძლება შუამავალი გახდეს”, — აღნიშნავს გელმანი, რომელიც წარსულში რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის დირექტორის მოადგილე იყო.

“ასეთი ხალხი შეიძლება გახდეს ახალი რუსეთის საფუძველი”

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა გასულ კვირას თქვა, რომ თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური არხებით კიევმა 300-ზე მეტი განაცხადი მიიღო რუსეთის მოქალაქეებისგან, რომელთაც უკრაინის მხარეს სურთ ბრძოლა.

მისივე მტკიცებით, ლეგიონი “რუსეთის თავისუფლება” უკვე რუსეთის ტერიტორიაზეც ოპერირებს. Feigin Live-ის ეთერში მანვე თქვა, რომ უკრაინა აღნიშნულ პროცესს არ აკონტროლებს: მას ფედერაციის სხვადასხვა რეგიონის მცხოვრებნი უწევენ ორგანიზებას.

“მოდით, წარმოვიდგინოთ, რომ პუტინის რეჟიმი ოდესღაც შეწყვეტს არსებობას. ასეთი ხალხი შეიძლება გახდეს ახალი რუსეთის საფუძველი… ძალიან მნიშვნელოვანია ელემენტის ქონა, რომელსაც უკვე ექნება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ შეიარაღებული ბრძოლის გამოცდილება”, — დასძენს არესტოვიჩი.

ოლექსი არესტოვიჩი

პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, რუსეთის მოქალაქეებისგან დაკომპლექტებული ლეგიონის წევრებს ძალიან ფრთხილად ამოწმებენ და ამ დრომდე მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა დაამტკიცა, რომ მზადაა დავალების შესასრულებლად იარაღით ხელში.

2 მაისს, ამავე Youtube არხის ეთერში არესტოვიჩმა დასძინა, რომ იმ დღეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც რუსმა ჯარისკაცმა უკრაინულ მხარეს თავად მიაკითხა და თქვა, რომ ზემოხსენებულ ლეგიონთან ერთად სურს ბრძოლა.

“დიდი ხანია, ვეძებ შესაძლებლობას და ახლა მინდაო”, — თქვა პრეზიდენტის მრჩეველმა რუს ჯარისკაცზე საუბრისას.

აპრილის დასაწყისში უკრაინის რადამ მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც $1 მილიონით დაჯილდოვდება რუსი სამხედრო, რომელიც უკრაინას სამხედრო ხომალდით ან თვითმფრინავით ჩაბარდება. ამავე კანონით, ტანკის ფასი $100 000-ია, უფრო მცირე ზომის სამხედრო აღჭურვილობისა კი — $10 000.

ასევე გირჩევთ:

რატომ სურთ აქტივისტებს რუსეთის დროშიდან წითელი ფერის წაშლა

მასალების გადაბეჭდვის წესი