საზოგადოება

რატომ სურთ აქტივისტებს რუსეთის დროშიდან წითელი ფერის წაშლა

31 მარტი, 2022 • 3103
რატომ სურთ აქტივისტებს რუსეთის დროშიდან წითელი ფერის წაშლა

თბილისში, ვლადიმერ პუტინისა და ომის საწინააღმდეგო არაერთ აქციაზე, მრავალგზის გამოჩნდა თეთრ და ლურჯ ფერებში გადაწყვეტილი დროშა. უცხო თვალისთვის მისი იდენტიფიცირება რთულია, ვინაიდან, ოფიციალურად, არცერთ ქვეყანას არ განასახიერებს.

თეთრ-ლურჯ-თეთრი დროშის იდეა თავიანთი სახელმწიფოს ქმედებებით უკმაყოფილო რუსებს ეკუთვნით. გადაწყვიტეს, რუსეთის ამჟამინდელი დროშისგან განსხვავებით, თავიანთი სიმბოლოდან წითელი ფერი გაექროთ.

“ნეტგაზეთი” შეეცადა, გაერკვია, რა დატვირთვა აქვს აღნიშნულ ფერებს და როგორ გავრცელდა პუტინის მოწინააღმდეგე იმ რუსებს შორის, რომლებიც ფიქრობენ, რომ რუსეთის მოქმედი დროშა “სისხლის, ომისა და აგრესიის სიმბოლოდ” არის ქცეული.

საიდან იწყება დროშის ისტორია

თეთრ-ლურჯ-თეთრი დროშის ესკიზები სოციალურ მედიაში სპონტანურად გავრცელდა მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ.

ომის გასაპროტესტებლად აქციები მსოფლიოს მრავალ ქალაქში 24 თებერვლიდანვე იმართებოდა და დემონსტრაციებში რუსეთის მოქალაქეებიც მონაწილეობდნენ.

მათ შორის იყო კაი კატონინა — ბერლინში მცხოვრები რუსი დიზაინერი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ პუტინის ხელისუფლების ქმედებების მოწინააღმდეგე რუსებს გამაერთიანებელი სიმბოლო სჭირდებოდათ.

კაი კატონინა თეთრ-ლურჯ-თეთრი დროშით. ფოტოები: Facebook/Kai Katonina

მისი თქმით, ეს მას შემდეგ გააცნობიერა, რაც ნახა, როგორი გაკვირვება გამოიწვია ჟურნალისტებს შორის ბერლინში, ომის საწინააღმდეგო აქციაზე, რუსების გამოჩენამ შემდეგი შინაარსის პლაკატებით: “მე ვარ რუსი და ვეწინააღმდეგები ომს”.

“გაკვირვებულნი იყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ ბერლინის მთელი რუსულენოვანი საზოგადოება იყო [დემონსტრანტთა] შორის — მათ შორის ბელარუსელები და ბევრი რუსი.

ნათელი გახდა, რომ უნდა მოგვენიშნა ჩვენი თავი, როგორც რუსები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ომს… ფართო კონსენსუსი იყო, რომ რაიმე სახის სიმბოლო გვჭირდებოდა”, — ეუბნება კატონინა გამოცემა “მედუზას”.

მცირე ხნის შემდეგ, 28 თებერვალს, კატონინამ “ფეისბუკზე” თეთრ-ლურჯ- თეთრი დროშის ესკიზი გამოაქვეყნა. ის ჰგავს რუსეთის სახელმწიფო დროშას ერთი მთავარი განსხვავებით: გამქრალია, როგორც აქტივისტი უწოდებს, “წითელი, სისხლიანი ზოლი”.

პოსტები თეთრ-ლურჯ-თეთრი დროშის შესახებ სოციალურ მედიაში

აღმოჩნდა, რომ ალტერნატიულ სიმბოლოზე სხვა ადამიანებიც ფიქრობდნენ. იმავე პერიოდში სოციალურ მედიაში კიდევ ერთმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა ესკიზი, რომელიც ასევე თეთრ და ლურჯ ფერებშია გადაწყვეტილი.

“მომავლის ლამაზ, საპარლამენტო რუსეთს ჯერ არ აქვს თავისი სიმბოლო. როგორც მოგწონთ ეს დროშა, დე-სოვეტიზებული, სისხლის, ომის კულტისა და იმპერიული ამბიციების შერევის გარეშე”, — წერს “ტვიტერის” ანონიმი მომხმარებელი, რომელიც თავს არტ მენეჯერად და PR სპეციალისტად წარადგენს.

დროშის იდეა სწრაფად გავრცელდა სოციალურ ქსელებში, სულ მცირე ხნის შემდეგ კი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში გამართულ დემონსტრაციებზე გამოჩნდა.

“ამ იდეას შეეძლო, გაეერთიანებინა ადამიანები”

სოციალურ ქსელებში გავრცელებიდან მალევე, რუსმა აქტივისტებმა დროშები ამობეჭდეს და თბილისში, ტორონტოში, ვილნიუსსა და სხვა ქალაქებში გამართულ საპროტესტო აქციებზე გამოიტანეს.

პროცესს დასაწყისშივე ადევნებდა თვალს მიტია მოროვოვ-შეინერი — რუსი დიზაინერი და ფოტოგრაფი, რომელმაც რუსეთი 2021 წლის სახელმწიფო დუმის არჩევნების პერიოდში, დაკავებების ტალღის ზრდის ფონზე დატოვა და მას შემდეგ თბილისში ცხოვრობს.

“უმეტესწილად, ეს იყო პანიკა”, — გვპასუხობს, როცა ვეკითხებით, რას გრძნობდა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომზე პირველი ცნობების მოსმენისას.

მიტია მოროვოვ-შეინერი. ფოტო: Facebook/Ekaterina Vinnichenko

გვიყვება, რომ უკრაინაში მისი არაერთი მეგობარი ცხოვრობდა. მიტიას თქმით, ერთ-ერთმა მოასწრო ქვეყნის დატოვება, თუმცა მეორემ ეს ვერ შეძლო და რუსეთის ძალების მიერ კიევის სატელევიზიო ანძის დაბომბვისას დაიღუპა.

მას შემდეგ, რაც მისმა სხვა ახლობლებმა შეძლეს უკრაინიდან გასვლა, დაიწყო ფიქრი, როგორ დახმარებოდა ომის საწინააღმდეგო მოძრაობას. თეთრ-ლურჯ-თეთრი დროშის გავრცელების შემდეგ, იდეაც დაებადა.

“დროშას, ამ იდეას შეეძლო, გაეერთიანებინა ადამიანები მშვიდობისკენ სწრაფვისთვის, უკრაინელთა დახმარებისთვის, ომის საწინააღმდეგო ჯგუფების ორგანიზებისთვის… ომის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. მე დიზაინერი ვარ, რა შემიძლია გავაკეთო? შემიძლია, შევქმნა ვიზუალი, სოციალური მედია და ეს არის, რაც გავაკეთე”, — გვიყვება მიტია.

თეთრ-ლურჯ-თეთრი დროშა თბილისში გამართულ აქციაზე, რომლითაც ომი და პუტინის პოლიტიკა გააპროტესტეს. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

დროშის პოპულარიზაციისთვის შექმნა ვებგვერდი, რომელიც ამჟამად 16 ენაზე, მათ შორის, ქართულად მუშაობს და ახალი სიმბოლოს შესახებ ძირითად ცნობებს მოიცავს. ამავე პერიოდში, მიტიამ შექმნა დროშის თემატური გვერდები “ფეისბუკზე”, “ტვიტერსა” და “ინსტაგრამზე”.

“თეთრ-ლურჯ-წითელი დროშა, რომელსაც ამჟამად იყენებს რუსეთის ფედერაციის მთავრობა, მთელ მსოფლიოში სისხლის, ომისა და აგრესიის სიმბოლოდ იქცა.

ჩვენ, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც არ ვუჭერთ მხარს ავტორიტარულ რეჟიმს და მათდამი დაქვემდებარებულ სამხედროებს, ვერ დავუშვებთ არსებული დროშის რუსეთის სიმბოლოდ გამოყენებას”, — ვკითხულობთ ვებგვერდზე.

მაინც, რას განასახიერებს დროშის ფერები?

ამავე საიტზე თეთრ-ლურჯ-თეთრი სიმბოლო მოხსენიებულია, როგორც “რუსეთის მშვენიერი მომავლის დროშა”, ვილნიუსში მოქმედი “თავისუფალი რუსეთის ფორუმი” კი მას “მშვიდობისა და თავისუფლების დროშას” უწოდებს.

მიტია მოროვოვ-შეინერის თქმით, დროშა თავიანთი ხელისუფლებით უკმაყოფილო რუსების ოცნებებს გამოხატავს თავისუფალ, დემოკრატიულ, ომის კულტისაგან დაცლილ რუსეთზე.

თეთრ-ლურჯ-თეთრი დროშა თბილისში გამართულ აქციაზე, რომლითაც ომი და პუტინის პოლიტიკა გააპროტესტეს. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

დიზაინერი ასევე ხაზს უსვამს, რომ დროშის იმ ვარიანტზე, რომელსაც თავად ანიჭებს უპირატესობას, შუა ზოლი არა მუქი ლურჯი, არამედ ლაჟვარდისფერია. ეს დეტალი, ისევე როგორც, ზოგადად, დროშის სიმბოლიზმი, ვებგვერდზე შემდეგნაირად არის ახსნილი:

  1. ახალი დროშა ჰგავს რუსეთის ამჟამინდელ დროშას, ოღონდ წითელი ზოლის გარეშე, რომელიც ომისა და სისხლის სიმბოლოა. ჩვენ წითელი თეთრით შევცვალეთ იმისათვის, რომ ხაზი გავუსვათ უკრაინასთან მშვიდობის დამყარების გარდაუვალობას.

    ამასთანავე, ამ ფერს ჩვენს სახელმწიფოში ადამიანის უფლებების განუხრელ დაცვასთან ვაიგივებთ. თავისუფალი რუსეთის დროშა დემონსტრაციულად აცხადებს უარს სამხედრო ექსპანსიაზე და აბსურდულად მიიჩნევს უცხო სახელმწიფოების ტერიტორიების დასაკუთრებას ისტორიული პრეტენზიების საფარქვეშ.

    მომავლის რუსეთში მიუღებელია იმპერიალიზმი, ავტოკრატია, მილიტარიზმი, ძალადობა და სისხლისღვრა. ჩვენ ახალი გვერდიდან ვაგრძელებთ რუსეთის ისტორიას – ომის კულტის გარეშე.

  2. თეთრ-ლაჟვარდოვან-თეთრი დროშა გვახსენებს ნოვგოროდის რესპუბლიკის დროშას და ისტორიული ნოვგოროდის თანამედროვე სიმბოლიკას. ისტორიული ნოვგოროდი იყო ჩრდილოეთ რუსეთის ცენტრი, ერთადერთი და რეალური დემოკრატია რუსეთის ისტორიაში.

    აქცია თბილისში. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

  3. თეთრ-ლაჟვარდოვან-თეთრი ფერის დროშა ჰგავს თავისუფალი ბელარუსის თეთრი-წითელ-თეთრ დროშას. ჩვენ სოლიდარობას ვაცხადებთ ბელარუსი ხალხის მიმართ, რომელიც, ასევე, იბრძვის არალეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ.

  4. 1991 – 1993 წლებში ლაჟვარდოვანი ფერი დატანილი იყო რუსეთის დროშაზე, რომელიც მოგვიანებით ლურჯმა ჩაანაცვლა.

  5. თეთრი მშვიდობის, სიწმინდისა და კეთილგონიერების სიმბოლოა, ლაჟვარდოვანი კი – სიმართლისა და სამართლიანობის.

  6. ახალი დროშა რუსეთის მომავლის სიმბოლოა, რომელიც წარსულის სიმბოლოებს არ რყვნის. თავისუფალი რუსეთის დროშა არ ასოცირდება იმპერიალიზმთან, მილიტარიზმთან და ჩვენი ქვეყნის ავტორიტარულ ლიდერებთან.

მიტია მიიჩნევს, რომ ეს “ხალხის დროშაა”, მისი გავრცელების სპეციფიკიდან გამომდინარე. როგორც ამბობს, ეს არის ადამიანების ინიციატივა, რომლის უკანაც არ დგას კონკრეტული ორგანიზაცია, განსაზღვრული ბიუჯეტით.

“ჩვენ არ გვინდა, ვიყოთ მილიტარისტული საზოგადოება და მილიტარისტული ქვეყანა. ჩვენ გვინდა, ვიცხოვროთ მშვიდობაში. არ გვსურს, ვინმე დავიპყროთ. გვინდა, მშვიდად ვიცხოვროთ ჩვენს მეზობლებთან, ვივაჭროთ მათთან, პატივი ვცეთ [მათ] მთავრობებს, იდენტობას…

ხალხის დიდი ნაწილი, ვინც [მიიღო] ეს დროშა, იზიარებს მშვიდობის, შემოქმედებითობის, პატივისცემისა და მრავალფეროვნების ამ საერთო იდეებსა და ღირებულებებს”, — დასძენს ის.

დროშის ვიზუალს ომის ყველა მოწინააღმდეგე არ იზიარებს. “მედუზა” ციტირებს “ტვიტერის” მომხმარებელს, რომლის აზრითაც, რუსეთის ამჟამინდელ დროშაზე წითელი ფერიც მნიშვნელოვანია და ის  “ყველა იმ რევოლუციონერისა და სხვა ადამიანის სისხლის სიმბოლოა, რომელთაც თავი გაწირეს რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების აშენებისთვის”.

მათ, ვისაც მოსწონს ამჟამინდელი დროშა და მასზე არაფრის შეცვლა სურს, მიტია მოროვოვ-შეინერის ვებგვერდი ასე პასუხობს:

“ძალიანაც კარგი. მაშ, ნუ გამოიყენებთ თეთრ-ლაჟვარდოვან-თეთრ დროშას, ან გამოიყენეთ ის, როგორც ომის საწინააღმდეგო მოძრაობის სიმბოლო. ეს არ არის სახელმწიფო დროშის შეცვლის პროექტი. ეს დროშა ადამიანთა ერთობის სიმბოლოს წარმოადგენს”.

დროშა და პროტესტი — რა ხდება რუსეთის შიგნით?

აქტივისტი კაი კატონინა არ ფიქრობს, რომ ახალი დროშა რუსეთში პოპულარული იქნება.

კატონინას სიტყვებით, რუსეთში მოქალაქის მიერ ცარიელი ფურცლის მაღლა აწევაც საკმარისია მის დასაკავებლად. OVD-Info-ს თანახმად, რომელიც რუსეთის პოლიციის ქმედებებს აკვირდება, ომის საწინააღმდეგო დროშა უკვე გახდა დაკავების მიზეზი მოსკოვში.

24 თებერვლიდან დღემდე, რუსეთში არაერთგზის გააპროტესტეს ომი, თუმცა, არა იმ მასშტაბებით, როგორც ეს 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის დროს ხდებოდა. მაშინ ათობით ათასი ადამიანი გამოდიოდა ქუჩაში. რა შეიცვალა ახლა?

ქართულ სოციალურ მედიაში დისკუსიისას არაერთგზის ისმის მსგავსი კითხვები, მათ შორის, რატომ არ იმართება მრავალათასიანი აქციები რუსეთში, თუ საზოგადოების ნაწილში ომისადმი პროტესტი არსებობს?

 სანქტ-პეტერბურგში აკავებენ ომის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეს. ფოტო: EPA

ეს კითხვები მიტია მოროვოვ-შეინერსაც ჰქონდა ომის პირველ დღეებში, თუმცა შემდეგ, როგორც ამბობს, გაახსენდა თავისი მდგომარეობა რუსეთში ცხოვრების პერიოდში.

“ჩემი აზრით, თუ ადამიანს აქვს განცდა, რომ აქციაზე გასვლის შემთხვევაში სხვა მილიონი ადამიანიც ამავეს იზამს, ეს იმუშავებს. მაგრამ რუსეთის საზოგადოებაში ამჟამად არ არის ასეთი განცდა”, — დასძენს ის.

მისივე სიტყვებით, ყირიმის კრიზისის დროს გამართული აქციების “ყველა ორგანიზატორი ან ქვეყნიდან გააძევეს, ან დააპატიმრეს, ან მოკლეს”. მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ დაპატიმრებული, დაჯარიმებული, სამსახურიდან გათავისუფლებული აქტივისტებიც:

“ადამიანებისთვის რუსეთში ნათელი გახდა, რომ პროტესტი, რეალურად, ვერ გაიმარჯვებს… გასულ 8-10 წელიწადში მთავრობამ შექმნა შიდა არმია, “როსგვარდია”… ისინი ბევრს არ ფიქრობენ: სცემენ ადამიანებს, აპატიმრებენ, აწამებენ…”

მიტია ასევე ხაზს უსვამს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ტაქტიკა შეცვალა და ახლა ქუჩაში გასული დემონსტრანტების ნაწილს ადგილზე არ სჯის, თუმცა დღეების შემდეგ სახლებში აკითხავს და აკავებს.

OVD-Info-ს მიხედვით, 15 000-ს გადააჭარბა ომის საწინააღმდეგო პროტესტისას დაკავებულთა რიცხვმა, რუსეთის სახელმწიფო დუმამ კი მიიღო კანონი, რომელიც 15 წლამდე პატიმრობით ემუქრება რუსეთის არმიაზე “ყალბი ინფორმაციის გამავრცელებლებს”.

მძიმე ვითარების მიუხედავად, მიტიასთვის თეთრ-ლურჯ-თეთრი დროშა უკეთესი მომავლის იმედისა და მასთან დაკავშირებული ოცნებების  სიმბოლოდ რჩება.

“ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რომ ომი უნდა შეჩერდეს. რაც შეეხება მომავალს, ვფიქრობ, 2 სცენარია: ან ყველაფერი ხელახლა დატრიალდება და [რუსეთი] კვლავ ტოტალიტარული სახელმწიფო იქნება, ან ის სხვა გზით წავა და იქნება ფედერალური, საპარლამენტო, დემოკრატიული ქვეყანა.

არ ვიცი. ისიც არ ვიცით, რამდენიმე წლის შემდეგ რუსეთი იარსებებს თუ არა იმ ფორმით, როგორითაც ახლა არსებობს. ეს უბრალოდ იმედი და ოცნებაა, ჩემი და ზოგიერთი სხვა ადამიანისა, რომელიც, ვიმედოვნებთ, რომ ახდება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი