საზოგადოება

პირბადის ტარება სავალდებულო მხოლოდ საავადმყოფოებსა და ტრანსპორტში იქნება

2 მაისი, 2022 • 1747
პირბადის ტარება სავალდებულო მხოლოდ საავადმყოფოებსა და ტრანსპორტში იქნება

დღეიდან, 2 მაისიდან პირბადის ტარების ვალდებულება მოქალაქეებს მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ექნებათ.

ამის შესახებ განცხადება მთავრობის სხდომის დაწყებისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის მაჩვენებლები დასტაბილურდა, რაც აძლევს მთავრობას შესაძლებლობას, შეამსუბუქოს დარჩენილი რეგულაციები:

„ჩვენ გვქონდა მსჯელობა, ბატონი ზურაბ აზარაშვილი შეხვდა ჯანდაცვის ექსპერტებს, წარმომადგენლებს და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ დღეიდან პირბადეების სავალდებულო გამოყენება იქნება მხოლოდ დატოვებული სამედიცინო დაწესებულებებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ასე რომ, დღეიდან, 2 მაისიდან, სხვა დანარჩენი რეგულაციები მოიხსნება. ჩვენ გვაქვს ძალიან სტაბილური სურათი.

დღეს 51 შემთხვევა გვქონდა მხოლოდ და მშვიდი ვითარებაა ამ მიმართულებით. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ კიდევ უფრო შევამსუბუქოთ რეგულაციები და, როგორც უკვე მოგახსენეთ, დღეიდან პირბადის სავალდებულო ტარება მოიხსნება. მათ შორის, სკოლებში, რადგან ბავშვები განსაკუთრებით წუხან და არა მხოლოდ ბავშვები. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავაკვირდებით დინამიკას და შესაბამისად ვიმოქმედებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 4 638 ტესტით 2 მაისს ქვეყანაში კორონავირუსის 51 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 1.1% შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი