საზოგადოება

საქართველო ევროკომისიას შევსებული კითხვარის პირველ ნაწილს 2 მაისს გადასცემს

29 აპრილი, 2022 • 1661
საქართველო ევროკომისიას შევსებული კითხვარის პირველ ნაწილს 2 მაისს გადასცემს

საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების თვითშეფასების კითხვარის პირველ ნაწილზე მუშაობა დაასრულა და პასუხებს ევროკომისიას 2 მაისს დაუბრუნებს.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა დღეს, 29 აპრილს განაცხადა.

„კითხვარის პირველი ნაწილი მომზადდა. საქართველოს მთავრობა ორშაბათს ევროკომისიას გადასცემს კითხვარის პირველ ნაწილს, რომელიც გადმოგვეცა დასამუშავებლად“, — განაცხადა დარჩიაშვილმა.

ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილი, რომელიც ქართულმა მხარემ გაასაჯაროვა, 369 კითხვისგან შედგება. მეორე, სექტორული ნაწილი, დარჩიაშვილის თქმით, დაახლოებით  2 300 კითხვისგან შედგება.

„აღნიშნულ დოკუმენტზე მუშაობა დაწყებული აქვს ყველა სახელმწიფო უწყებას. დოკუმენტის ევროპელ პარნტიორებთან გაზიარების დადგენილი ვადები არის 13 მაისი და შევეცდებით, რაც შეიძლება მალე დავასრულოთ მუშაობა“, — განაცხადა დარჩიაშვილმა.


საქართველომ და მოლდოვამ 3 მარტს, უკრაინის კვალდაკვალ, გააკეთეს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. მანამდე „ქართულ ოცნებას“ გაცხადებული ჰქონდა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანა 2024 წელს, ხოლო კანდიდატის სტატუსს 2030 წლამდე ელოდა.

უკრაინას უკვე – 8 აპრილს, საქართველოსა და მოლდოვას კი 11 აპრილს, გადაეცა ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარი. კანდიდატის სტატუსის შეფასების კითხვარი (Questionnaire) წარმოადგენს ევროკომისიის ოფიციალურ დოკუმენტს, რომლის გამოყენებითაც ხდება გაწევრების მსურველი ქვეყნის შეფასება კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. კითხვარზე აპლიკანტი სახელმწიფოსგან მიღებული პასუხების შემდეგ ევროკომისია ამზადებს ანგარიშს და იძლევა რეკომენდაციას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას საბჭო იღებს და ადგენს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების თარიღს.

როგორც წესი, კითხვარის შევსების და კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცედურა წლები გრძელდება, თუმცა ამჯერად პროცესი დაჩქარებულად მიმდინარეობს და ქვეყნებს კითხვარის შესავსებად ერთთვიანი ვადა მიეცათ, ევროკომისიის შეფასება კი, სავარაუდოდ, ივნისში იქნება მზად.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი