საზოგადოება

უდიდეს გულისტკივილს იწვევს ომი, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში — ილია მეორე

24 აპრილი, 2022 •
უდიდეს გულისტკივილს იწვევს ომი, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში — ილია მეორე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორის თქმით, გულისტკივილს იწვევს ომი უკრაინაში, სადაც “ადგილი აქვს შემზარავ ფაქტებსა და უმძიმეს სიასტიკეს”. აღნიშნულის შესახებ ტრადიციულ სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი.

“დიდი უბედურების მომტანია ქვეყნებს შორის ომი, რადგან იგი ათასობით ადამიანის სიცოცხლეს იწირავს. ფეხქვეშ თელავს ყოველგვარ კანონს, ზნეობას, ღირებულებას, მოაქვს ნგრევა და მატერიალური-კულტურული ზიანი, თესავს სისასტიკესა და საყოველთაო სიძულვილს, რაც, რა თქმა უნდა სულიერადაც მეტად მძიმე ვითარებას ქმნის.

ასეთ გარემოში მნიშვნელოვანია და აუცილებელი თანალმობისა და სიკეთის გამოჩენა ომის მსხვერპლთა მიმართ, დაჭრილების, ტყვეების, მშიერ-მწყურვალთა, ბავშვების, ქალების, მოხუცების, სნეულთა და სხვათადმი, რათა დაიძლიოს ბოროტება.

უდიდეს გულისტკივილს იწვევს დღეს მსოფლიოში მიმდინარე ომები, განსაკუთრებით ჩვენს მეზობლად, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში, სადაც ადგილი აქვს შემზარავ ფაქტებსა და უმძიმეს სისასტიკეს. ამიტომაც ყველას გვმართებს განსაკუთრებული ლოცვა და ძალისხმევა მშვიდობისთვის.

ამჟამად არსებული მდგომარეობა კი ისეთია, როდესაც აღარავინ იცის ხვალინდელი დღე რას მოიტანს და მოვლენები როგორ განვითარდება. პროცესები შეიძლება მალე დასრულდეს ან ხანგრძლივ დაპირისპირებაში გადაიზარდოს, ან შეიძლება ყველანი გლობალური კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდეთ, რაც, ბუნებრივია, საყოველთაო შიშს ბადებს.

მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ურთულესი ვითარებისგან უფალს მრავალჯერ დაუხსნია კაცობრიობა. მთავარია, უმძიმეს მდგომარეობაშიც არ დავკარგოთ ადამიანური ღირსებები, არ დავკარგოთ რწმენა და სასოება შემოქმედისა”, — ნათქვამია ეპისტოლეში.

2 თვეა, რუსეთი სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ. იბომბება როგორც სამხედრო ობიექტები, ისე მშვიდობიანი მოსახლეობა.

მიწასთანაა გასწორებული არაერთი ქალაქი, დაღუპულია ათასობით ადამიანი, მათ შორის, ბავშვები.

მასალების გადაბეჭდვის წესი