საზოგადოება

შსს-ს თქმით, იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც კატებს ხატავდა შენობებზე

23 აპრილი, 2022 • 4203
შსს-ს თქმით, იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც კატებს ხატავდა შენობებზე

შსს-ს თანახმად, პირი იდენტიფიცირებულია და ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს თბილისში გავრცელებულ სტენსილებზე, რომელთაც არაერთ თეორიას დაუდეს საფუძველი.

“გიდასტურებთ, პირი იდენტიფიცირებულია, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა, დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება, საქმე სარეაგირებოდ გადაეცემა შესაბამის სამსახურს”, — ამბობენ შსს-ში.

უწყების თქმით, “ასევე იდენტიფიცირებულია არასრულწლოვანი პირი, რომელიც ფალიაშვილის გამზირზე არსებულ წარწერებს საღებავით ღებავდა”. ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, საუბარია უკვე არსებული სტენსილების შეღებვაზე.

ბოლო რამდენიმე დღეა თბილისში კონკრეტული ფიგურის გამოსახულებიანი სტენსილები ვრცელდება. მოქალაქეთა ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ქუჩის მხატვრების ნახელავია და გარკვეული კამპანიის სახე აქვს, ნაწილის აზრით, შესაძლოა საქმე გვქონდეს  სარეკლამო, მარკეტინგულ კამპანიასთან, ხოლო ბევრი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, ამ ნახატებში რუსეთის დივერსანტების ხელი ერიოს.

მოქალაქეების ჯგუფმა სტენსილებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც მიმართა საკითხის შესწავლის თხოვნით.

მიმდინარე კვირაში სუს-ში აღნიშნეს, რომ “სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის ინტერესის სფეროში აღნიშნული საკითხი შესაძლოა მოხვდეს, თუმცა ამ ეტაპზე გამოძიება არ მიმდინარეობს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი