საზოგადოება

„მასკვაზე“ მყოფი წვევამდელი უგზოუკვლოდ დაკარგულად გამოაცხადეს – ოჯახი

18 აპრილი, 2022 • 11698
„მასკვაზე“ მყოფი წვევამდელი უგზოუკვლოდ დაკარგულად გამოაცხადეს – ოჯახი

იალტაში მცხოვრები წყვილი ამბობს, რომ მათი შვილი, ეგორ შკრებეცი, რომელიც წვევამდელი იყო, ხომალდ „მასკვაზე“ მსახურობდა, ხომალდის ჩაძირვის შემდეგ კი მათი შვილი „უგზოუკვლოდ დაკარგულთა“ სიას მიათვალეს. მშობლების ვარაუდით, იგი დაღუპულია.

ამასთან, რუსული გამოცემა „ნოვაია გაზეტა“ ესაუბრა გემზე მყოფი ერთ-ერთი პირის დედას, რომლის თანახმადაც, „40-მდე ადამიანი დაიღუპა, გაცილებით მეტი დაიკარგა და ბევრიც დაშავდა“.

ეგორ შკრებეცი

17 აპრილს რუსული სოციალური ქსელის, VKontakte-ს მომხმარებელმა, დმიტრი შკრებეცმა დაწერა, რომ მისი ვაჟი, ეგორი, კრეისერ „მოსკვაზე“ მსახურობდა:

„ჩემი წვევამდელი ვაჟი, როგორც კრეისერ „მასკვას“ უშუალო მეთაურებმა შემატყობინეს, დაღუპულთა და დაჭრილთა შორის არ არის და უგზოუკვლოდ დაკარგულთა სიაშია შეყვანილი. წვევამდელი, რომელსაც არ უნდა მიეღო მონაწილეობა საომარ მოქმედებებში, დაკარგულად ითვლება. ხალხნო, უგზოუკვლოდ ღია ზღვაში დაიკარგა“?!

წყარო: მედუზა

მამა, რომელიც, „ვკონტაქტეში“ მისი პოსტების თანახმად, რამდენიმე კვირის წინ უკრაინაში რუსეთის სამხედრო მოქმედებებს მხარს უჭერდა,  წერს, რომ შვილის შესახებ მონაცემების დაზუსტების მცდელობის შემდეგ კრეისერის მეთაურმა და მისმა მოადგილემ მასთან ურთიერთობა შეწყვიტეს:

„პირდაპირ ვკითხე, რატომ ხართ ცოცხლები თქვენ, ოფიცრები, ხოლო ჩემი ვაჟი, წვევამდელი, დაღუპული?!”

დმიტრი შკრებეცის თანახმად, ეგორ შკრებეცი გემზე კოკად (მზარეულად) მსახურობდა.

რუსულ გამოცემა „ინსაიდერთან“ (The Insider) საუბარში ეგორ შკრებეცის დედა ამბობს, რომ მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა ჰოსპიტალში, სადაც „მასკვაზე“ დაშავებულები გადაიყვანეს, თუმცა იქ მხოლოდ 200 ადამიანი იყო, მაშინ როდესაც ხომალდის ეკიპაჟი 500 მეზღვაურისგან შედგებოდა.

„ყველა დამწვარ ბავშვს დავხედეთ. ვერ გეტყვით, როგორ მძიმე იყო, მაგრამ ჩემი ვერ ვიპოვე. მხოლოდ ორასი იყვნენ, როდესაც გემზე 500-ზე მეტი იყო. სად არიან დანარჩენები? ვეძებეთ კრასნოდარშიც და ყველგან, სადაც შეიძლება, ყველგან დავრეკეთ, მაგრამ ვერ ვიპოვეთ“, – ამბობს ირინა შკრებეცი.

„მასკვას“ ჩაძირვა

უკრაინული მხარის ცნობით, 13 აპრილს „მასკვას“, – რომელიც შავ ზღვაში რუსული ფლოტის ფლაგმანი იყო, – უკრაინული წარმოების „ნეპტუნის“ რაკეტები მოარტყეს, რის გამოც ხომალდს ცეცხლი გაუჩნდა, საბოლოოდ კი, რამდენიმე დღეში, შტორმისა და წარუმატებელი საევაკუაციო სამუშაოების ფონზე, ჩაიძირა.

ხომალდზე თავდაპირველად ცეცხლის, შემდეგ კი ჩაძირვის შესახებ ინფორმაცია რუსულმა მხარემაც გაავრცელა, თუმცა უკრაინული თავდასხმა არ უხსენებია და ხომალდის ჩაძირვა შტორმსა და ხომალდზე „იარაღის აფეთქებას“ დაუკავშირა.

18 აპრილს ტვიტერის გვერდზე მომხმარებელმა OSINTtechnical-მა, რომელიც სამხედრო ჟურნალისტია, გამოაქვეყნდა ფოტოები, რომლებიც, სავარაუდოდ, „მასკვას“ დაზიანებას ასახავს.

რა ბედი ეწია ეკიპაჟს?

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ გემის დაზიანების შემდეგ ეკიპაჟის ევაკუაცია მოხდა და ისინი სხვა გემებზე გადასხეს.

რუსული გამოცემა „ნოვაია გაზეტას“ ევროპის ბიურო ესაუბრა გემზე მყოფი ერთ-ერთი პირის დედას, რომლის თანახმადაც „40-მდე ადამიანი დაიღუპა, გაცილებით მეტი დაიკარგა და ბევრიც დაშავდა“; მისი შვილი კი გადარჩა.

„ნოვაია გაზეტა“ მათ იდენტობას არ ასაჯაროვებს, თუმცა აცხადებს, რომ ცნობები გადაამოწმეს და სიმართლეს შეესაბამება.

ჯარისკაცის დედის ინფორმაციით, „მასკვას“ ხმელეთიდან ესროლეს, უკრაინული მხრიდან. ასევე:

„დაჭრილთა უმრავლესობამ კიდურები დაკარგა აფეთქებების შედეგად, რაც გამოიწვია როგორც რაკეტის მოხვედრამ, ასევე, ხომალდზე არსებული შეიარაღების დეტონაციამ“.

მისი განცხადებით, რუსეთის მთავრობა ამ ინფორმაციას მალავს, რადგან „თავდაცვის სამინისტროს არ სურს, რომ აღიაროს უკრაინასთან მარცხი. არ სურს, აღიაროს, რომ ასეთი ხომალდი ჩაუძირეს“.

უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის საზღვაო გვარდიის პრესმდივანი, ნატალია გუმენიუკი აცხადებს, რომ რუსულმა მხარემ სარაკეტო კრეისერ „მასკვადან“ ეკიპაჟის ევაკუაცია შტორმის გამო ვერ მოახერხა.

„ჩვენ ვადევნებდით თვალს, როგორ ცდილობდნენ სხვა ხომალდები [„მასკვას“] დახმარებას, მაგრამ ბუნების ძალაც კი უკრაინის მხარეს იყო. შტორმმა მათ არ მისცა არც სამაშველო ოპერაციის მშვიდად ჩატარების და არც ეკიპაჟის ევაკუაციის საშუალება“, – განაცხადა გუმენიუკმა 15 აპრილს გამართულ ბრიფინგზე.


უკრაინული Forbes-ის ცნობით, „მასკვას“ ღირებულება დაახლოებით 750 მილიონი დოლარია და ამ დროისთვის ყველაზე ძვირადღირებული ერთეული სამხედრო ტექნიკაა, რომელიც უკრაინულმა მხარემ ომში გაანეიტრალა.

ექსპერტების შეფასებით, რუსული სარაკეტო კრეისერის, „მასკვას“ დაზიანებას როგორც სიმბოლური, ისე სამხედრო ღირებულება აქვს.

2022 წლის 24 თებერვალს, როდესაც უკრაინის ზმეინის კუნძულს სწორედ ხომალდი „მასკვა“ მიადგა და დანებება მოსთხოვა, ზმეინის მცველებმა მას უპასუხეს: „რუსულო სამხედრო ხომალდო, იდი ნახუი“ [Русский военный корабль, иди на хуй]. ამის შემდეგ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კუნძული დაბომბეს და ყველა, ცამეტივე მათგანი დახოცეს.

ეს ფრაზა კადრების გავრცელების წამიდანვე იქცა ცნობილ მიმად, – უკრაინის წინააღმდეგობის ერთგვარ სიმბოლოდ, – რომელსაც რუსეთის სამხედრო აგრესიის მოწინააღმდეგეები იყენებენ.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა, რასაც ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 200-მდე ბავშვი. აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში ამ დრომდე ბრძოლები მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი