საზოგადოება

რას მოიცავს აშშ-ის ახალი სამხედრო დახმარება და კიდევ რა სჭირდება უკრაინას

14 აპრილი, 2022 • 2365
რას მოიცავს აშშ-ის ახალი სამხედრო დახმარება და კიდევ რა სჭირდება უკრაინას

აშშ უკრაინას დამატებით 800-მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გაუწევს. პენტაგონის თანახმად, სამხედრო დახმარების პაკეტში შედის:

  • 18 ერთეული 155 მმ-იანი ჰაუბიცა და 40 000 საარტილერიო ჭურვი;
  • ათი AN/TPQ-36 საარტილერიო რადარი;
  • ორი AN/MPQ-64 Sentinel-ის ტიპის საჰაერო სათვალთვალო რადარი;
  • 300 Switchblade-ის ტაქტიკური უპილოტო დრონი;
  • 500 ჯაველინის რაკეტა და ათასობით სხვა ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემა;
  • 200 ერთეული M113 ჯავშანტრანსპორტიორი;
  • 100 ჯავშანტექნიკა — მაღალი მობილობის მრავალფუნქციური ბორბლიანი მანქანა (ჰამერი);
  • 11 ერთეული Mi-17-ის ტიპის ვერტმფრენი;
  • უპილოტო სანაპირო თავდაცვის ხომალდები;
  • ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური, ბირთვული დამცავი მოწყობილობა;
  • სამედიცინო აღჭურვილობა;
  • 30 000 კომპლექტი ჯავშანი და ჩაფხუტი;
  • 2 000-ზე მეტი ოპტიკური და ლაზერული მანძილსაზომი;
  • C-4 ასაფეთქებელი ნივთიერებები და დანგრევის მოწყობილობა დაბრკოლებების გაწმენდისთვის;
  • M18A1 Claymore-ის ტიპის ქვეითსაწინააღმდეგო საბრძოლო მასალა, რომელიც შეესაბამება ოტავის კონვენციას.

პენტაგონის ცნობით, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი უკრაინაში უახლოეს დღეებში გაიგზავნება.

სამხედრო ექსპერტი და შეიარაღების სპეციალისტი გიგა ინაშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ M109 პალადინის ტიპის ჰაუბიცები, რომელსაც უკრაინა მიიღებს, გაცილებით ეფექტურია, ვიდრე საბჭოთა მოძველებული არტილერია. ის იძლევა 30-40 კმ მანძილზე სხვადასხვა ჭურვებით დარტყმების საშუალებას და შესაძლებელს გახდის მაღალი ღირებულების სამიზნეებსა და სამხედრო კოლონებზე სწრაფი დარტყმების განხორციელებას. ინაშვილის თქმით, აშშ-ის მიერ გამოყოფილი სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი კარგია, თუმცა უკრაინისთვის მეტია საჭირო.

„მთლიანი მასშტაბით საბრძოლო მოქმედებების თეატრში სურათი რომ შეცვალოს, ამ შეიარაღების რაოდენობა უნდა იყოს დიდი. პირველ ეტაპზე 18 ერთეული ჰაუბიცა კარგად იმუშავებს, თუმცა ეს არ არის ის რაოდენობა, რომელიც სეიროზულად შეცვლიდა სურათს. ამისთვის საჭიროა, 100-ზე ცოტა მეტი მაინც იყოს“, — ამბობს ინაშვილი.

MI-17-ის ტიპის ვერტმფრენები, რომელსაც უკრაინა მიიღებს, არის საბჭოთა MI-8 ტიპის ვერტმფრენის მოდერნიზებული ვარიანტი.

„Mი-17-ები შეერთებულმა შტატებმა იყიდა ავღანეთისთვის, თუმცა ვერ მოესწრო გაგზავნა და დასაწყობებული იყო ერთ-ერთ ლოჯისტიკურ ცენტრში. ეს არის მრავალფუნქციური ვერტმფრენი და მისი ძირითადი დანიშნულება არის პირადი შემადგენლობის ტრანსპორტირება. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია საბრძოლო მასალის გადასატანად და უმართავი რაკეტების სასროლად გამოყენება“, — ამბობს ინაშვილი.

AN/TPQ-36 საარტილერიო რადარი, ინაშვილის განმარტებით, არის კონტრბატარიული რადარი, რომლის დანიშნულებაა მოწინააღმდეგის მიერ გამოსროლილი საარტილერიო ჭურვების და რაკეტების ტრაექტორიის გამოთვლა და ამის საფუძველზე მათი გაშვების პოზიციის დაფიქსირება.

„კოორდინატები გადაეცემა საკუთარ საარტილერიო ბატარეას და ხდება გაშვების პოზიციების დამუქრება“, — ამბობს ინაშვილი.

ინაშვილის თქმით, მაღალტექნოლოგიური საჰარეო თავდაცვის მობილურ რადარებს განეკუთვნება AN/MPQ-64 Sentinel-ის ტიპის საჰაერო სათვალთვალო რადარი, რომელსაც უკრაინა 2 ერთეულს მიიღებს.

რა შეიარაღება სჭირდება უკრაინას?

გიგა ინაშვილის თქმით, ორივე მხარის მიერ გახმიანდა შესაძლებლობა, აშშ-მა უკრაინას მიაწოდოს მრავალფუნქციური მოდულური სარაკეტო სისტემები: M-270 ან HIMARS, რაც თვისებრივად ახალ შესაძლებლობებს მისცემდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.

„ამ ორივე სისტემას შეუძლია გამოიყენოს რამდენიმე ტიპის სხვადასხვა რაკეტა, ძირითადად, 227 მმ-იანი M26 ტიპის უმართავი რაკეტები ან M30/31 GMLRS სერიის მართვადი კორექტირებადი რაკეტები, რომელსაც 70-80-120 კმ-ზე, ხოლო უახლოეს მოდიფიკაციებში, გაზრდილი მანძილის GMLRS რაკეტებით 150კმ მანძილზეც კი შეუძლია დაახლოებით 10-15 მეტრი სიზუსტით მიზანზე მოხვედრა, რაც დღესდღეობით საარტილერიო სისტემებში ყველაზე მაღალტექნოლოგიურ საშუალებად ითვლება. ასევე, ამ სისტემებს შეუძლიათ გაუშვან ოპერატიულ-ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტები, რომელიც 300 კილომეტრამდე რადიუსში მოქმედებს.

ეს სისტემები უკვე საშუალებას მისცემს უკრაინელ სამხედროებს, რომ ოპერატიულ სიღრმეებში მოახდინონ უზუსტესი დარტყმები რუსული საბრძოლო ნაწილების თავმოყრის პუნქტებზე, მომარაგების პუნქტებზე, სარაკეტო სისტემების პოზიციებზე. ასევე, შეიძლება დაარტყან რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ აეროდრომებს, სამეთაურო საშტაბო პუნქტებს და მთელი რიგი მაღალი ღირებულების მნიშვნელოვან სამიზნეებს, რომელსაც ამ ეტაპზე ვერ სწვდება 120 კმ-ით შემოსაზღვრული უკრაინული არტილერია და სარაკეტო სისტემები. M-270-ები და HIMARS-ები, 2-3 ერთეულიც კი სერიოზულ უპირატესობას მისცემდა უკრაინულ მხარეს და ზოგიერთ მიმართულებებზე შეიძლება, საერთოდ ვერც დაიწყოს საბრძოლო ოპერაციები რუსეთმა, რადგან წინასწარ მოხდეს მათი პოზიციების დამუშავება“, — ამბობს ინაშვილი.

ასევე, ის ელის შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის 120-150 კმ-ზე მანძილზე მოქმედი „ჰარპუნის“ ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების გადაცემას.

„უკრაინული ანალოგია „ნეპტუნი“, რომლითაც კრეისერი “მასკვა” დააზიანეს, თუმცა მათი დამზადება ბოლო წლებში დაიწყო და უკრაინას არც ისე დიდი რაოდენობით აქვს ისინი. ამიტომ სერიოზული შედეგების დასადებად და შავ ზღვაში რუსული ხომალდების მასობრივად გასანადგურებლად „ჰარპუნის” ტიპის სისტემები სჭირდებათ, რომელიც საზღვაო, საავიაციო და სახმელეთო გაშვების არსებობს. „ჰარპუნი“ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ხომალდსაწინააღმდეგო სისტემად ითვლება“, — განაცხადა გიგა ინაშვილმა.

ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უსაფრთხოებისთვის 3,2 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გამოუყო, მათ შორის, დაახლოებით 2,6 მილიარდი რუსეთის შეჭრის დღიდან (24 თებერვალი). აშშ აცხადებს, რომ გააგრძელებს უკრაინის შეიარაღებას.

ამავე თემაზე:

ზელენსკიმ ჩამოთვალა შეიარაღება, რომელიც უკრაინას გამარჯვებისთვის სჭირდება

მასალების გადაბეჭდვის წესი