საზოგადოება

„აზოვი“ სავარაუდო ქიმიურ თავდასხმაზე დამატებით ცნობებს ავრცელებს

12 აპრილი, 2022 • 1885
„აზოვი“ სავარაუდო ქიმიურ თავდასხმაზე დამატებით ცნობებს ავრცელებს

„აზოვის“ პოლკის ცნობით, მარიუპოლში უცნობი წარმოშობის მომწამვლელი ნივთიერების გავრცელების შედეგად დაზარალებულთა მდგომარეობა შედარებით დამაკმაყოფილებელია.

„მშვიდობიანი მოსახლეობის კონტაქტი ნივთიერებასთან მინიმალური იყო, რადგან დაზიანების ეპიცენტრი ხალხის ადგილსამყოფელიდან დაშორებით მდებარეობდა“, — წერს აზოვის პოლკი.

აზოვის პოლკი ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ჩანს კაცი, რომმელიც მოწამვლის შესახებ ჰყვება.

„დავინახეთ თეთრი კვამლი ქარხანაზე. მალევე ცუდად გავხდით — ყურებში ხმაური, ტაქიკარდია და სისუსტე ვიგრძენით. ძლივს გამოვირბინე 10 წუთის სავალი. დედამ გონება დაკარგა. იქ ორნი ვიყავით და აქ დედაც ცუდად გახდა. ყველას ერთნაირი სიმპტომები გვაქვს“, — ამბობს იგი.

„გუშინ ოკუპანტებმა გაუშვეს დაუდგენელი შემადგენლობის მომწამვლელი ნივთიერება მარიუპოლში. თავდასხმის ეპიცენტრი ხალხთან ახლოს არ იყო, შესაბამისად, [მომწავლელ] ნივთიერებასთან კონტაქტი მინიმალური აღმოჩნდა, რამაც მათი სოცოცხლე გადაარჩინა. ამ დროისთვის შეუძლებელია ანალიზი, რა ნივთიერებამ მოწამლა ადამიანები, რადგან ვიმყოფებით ბლოკადაში, თავდასხმის ეპიცენტრი კი რუსული ცეცხლის ქვეშ არის. მათ მტკიცებულებების წაშლა სურთ. გასაკვირია, რომ მიუხედავად რუსების მიერ მარიუპოლში მოკლული ათასობით მშვიდობიანი მოქალაქისა, ჩვენზე ყველა ალაპარაკდა მხოლოდ ქიმიური თავდასხმის შემდეგ. ქალაქი ყოველდღიურად არის თავდასხმის ობიექტი ჰაერიდან, ზღვიდან, ცეცხლსატყორცნი სისტემებიდან, არტილერიით თუ ფოსფორით“, — განაცხადა „აზოვის“ პოლკის მეთაურმა დენის პროკოპენკომ.

სამხედრო ჰოსპიტლის ანესთეზიოლოგი „აზოვის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჰყვება, რომ მათ ჰყავთ დაზარალებულები ქიმიური ნივთიერების ზემოქმედების ნიშნებით. პაციენტებს აღენიშნებათ ჰიპერემია, მაღალი წნევა, საყლაპავი გზების სიმშრალე და ანთებითი პროცესები.

„აზოვის პოლკი“, რომელიც ამჟამად მარიუპოლს იცავს, აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა ქალაქში ქიმიური იარაღი გამოიყენეს.

პოლკი იუწყება, რომ ქიმიური იარაღი 11 აპრილს, გვიან ღამით გამოიყენეს როგორც სამხედროების, ასევე მშვიდობიანი მოქალაქის წინააღმდეგ.

„დაშავებულებს აღენიშნებათ სუნთქვითი უკმარისობა, ატაქსიის სინდრომი [კუნთებზე კონტროლის დაკარგვა]. ამ ეტაპისთვის ზუსტდება უცნობი ქიმიური იარაღით მიყენებული ზიანიც“, – წერს „აზოვის“ პოლკი ტელეგრამზე.

აქვე ნათქვამია, რომ რუსმა სამხედროებმა ნივთიერება საფრენი აპარატის მეშვეობით ჩამოაგდეს.

ჯერჯერობით არ გაკეთებულია ოფიციალური განმარტებები. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლმა, ოლექსიი არესტოვიჩმა ინსტაგრამზე დაწერა, რომ ინფორმაცია უცნობი ქიმიური ნივთიერების შესახებ მოწმდება.

მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენებას ჯერჯერობით ვერ ადასტურებენ ამერიკული და ბრიტანული მხარეები, თუმცა ამოწმებენ აღნიშნულ ცნობებს და ცდილობენ მტკიცებულებების მოძიებას.

მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენების ცნობებს აშშ და ბრიტანეთი სწავლობენ

მასალების გადაბეჭდვის წესი