საზოგადოება

მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენების ცნობებს აშშ და ბრიტანეთი სწავლობენ

12 აპრილი, 2022 • 2280
მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენების ცნობებს აშშ და ბრიტანეთი სწავლობენ

მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენებას ამერიკული და ბრიტანული მხარეები ჯერჯერობით ვერ ადასტურებენ, თუმცა ამოწმებენ აღნიშნულ ცნობებს და ცდილობენ მტკიცებულებების მოძიებას.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა თქვა, რომ პარტნიორებთან ერთად დეტალების შემოწმება მიმდინარეობს და დასძინა, რომ „ასეთი იარაღის ნებისმიერი გამოყენება იქნება ამ კონფლიქტის უმოწყალო ესკალაცია და პუტინს და მის რეჟიმს პასუხისგებაში მივცემთ“.

ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ მონიტორინგს აგრძელებს ამერიკის შეერთებული შტატებიც. პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ქიმიური იარაღის გამოყენებას “ამ დროისთვის ვერ დაადასტურებს”.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეშფოთება გამოთქვა იმის შესახებ, რომ რუსეთის ძალებს შეუძლიათ გამოიყენონ ქიმიური იარაღი უკრაინაში, მაგრამ არ დაადასტურა, გამოიყენეს თუ არა მარიუპოლში.

„დღეს ოკუპანტებმა ახალი განცხადება გაავრცელეს, რაც მოწმობს მათ მომზადებას უკრაინისა და ჩვენი დამცველების წინააღმდეგ ტერორის ახალი ეტაპისთვის. ოკუპანტების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათ შეეძლოთ ქიმიური იარაღის გამოყენება მარიუპოლის მცველების წინააღმდეგ. ჩვენ ამას მაქსიმალურად სერიოზულად ვეკიდებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

„აზოვის პოლკი“, რომელიც ამჟამად მარიუპოლს იცავს, აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა ქალაქში ქიმიური იარაღი გამოიყენეს.

პოლკი იუწყება, რომ ქიმიური იარაღი 11 აპრილს, გვიან ღამით გამოიყენეს როგორც სამხედროების, ასევე, მშვიდობიანი მოქალაქის წინააღმდეგ.

„დაშავებულებს აღენიშნებათ სუნთქვის უკმარისობა, ატაქსიის სინდრომი [კუნთებზე კონტროლის დაკარგვა]. ამ ეტაპისთვის ზუსტდება უცნობი ქიმიური იარაღით მიყენებული ზიანიც“, – წერს „აზოვის“ პოლკი ტელეგრამზე.

აქვე ნათქვამია, რომ რუსმა სამხედროებმა ნივთიერება საფრენი აპარატის მეშვეობით ჩამოაგდეს.

ჯერჯერობით არ გაკეთებულია ოფიციალური განმარტებები. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლმა, ოლექსიი არესტოვიჩმა ინსტაგრამზე დაწერა, რომ ინფორმაცია უცნობი ქიმიური ნივთიერების შესახებ მოწმდება.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო ქვეყნის წინააღმდეგ. ამის შემდეგ, 40 დღეზე მეტია, რუსეთის ძალები ბომბავენ როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

მსხვერპლის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა, რაც უკრაინელებმა რუსების მიერ ოკუპირებული ქალაქები გაათავისუფლეს. კიევთან ახლოს მდებარე ქალაქ ბუჩაზე უკრაინელმა სამხედროებმა კონტროლი რამდენიმე დღის წინ დაიბრუნეს. ქალაქში შესულ ჟურნალისტებს და სამხედროებს ქუჩებში ასობით მოკლული ადამიანის ცხედარი დახვდათ. მათ ნაწილს ხელები ჰქონდა შეკრული.

მოკლულ მშვიდობიან მოსახლეობას შორის იყვნენ ქალები და ბავშვებიც. მანამდე, რამდენიმე კვირის განმავლობაში, ეს ქალაქი რუსი სამხედროების ხელში იყო. კიევის ოლქში მდებარე ქალაქ ბუჩაში სამოქალაქო პირების მკვლელობების ფაქტი მსოფლიოს არაერთმა ლიდერმა დაგმო და დაადანაშაულა რუსეთი ომის დანაშაულების ჩადენაში.

გარდა მსხვერპლისა, უკრაინული მხარე საუბრობს ასევე მოქალაქეთა წამებისა და გაუპატიურების შემთხვევებზე – მათ შორის, არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი