საზოგადოება

ვადგენთ ფინანსური და სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს — ჯონსონი ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ

9 აპრილი, 2022 • 1759
ვადგენთ ფინანსური და სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს — ჯონსონი ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ “ტვიტერზე” დაწერა, რომ მისი ქვეყანა ფინანსური და სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ადგენს უკრაინის დასახმარებლად.

ჯონსონსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა 9 აპრილს, კიევში შედგა.

“დღეს მე შევხვდი ჩემს მეგობარს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, უკრაინელი ხალხისადმი ჩვენი ურყევი მხარდაჭერის საჩვენებლად.

ჩვენ ვადგენთ ფინანსური და სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს, რომელიც ადასტურებს ჩვენს ერთგულებას მისი ქვეყნის[უკრაინის] ბრძოლისადმი რუსეთის ბარბაროსული კამპანიის წინააღმდეგ”, — წერს ბორის ჯონსონი.

შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 ჯავშანმანქანასა და ახალ ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას გაუგზავნის.

ამასთან, ითქვა, რომ ლონდონი კიევს დამატებით $500 მილიონიანი სასესხო გარანტიებით უზრუნველყოფს მსოფლიო ბანკში. ამ უკანასკნელს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თანხმობა სჭირდება.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შესახებ ზელენსკიმაც დაწერა სოციალურ ქსელში:

“დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი არის რუსეთის შემოჭრის ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული მოწინააღმდეგე, ლიდერი რუსეთზე სანქციებით ზეწოლისა და უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის საკითხებში. კეთილი იყოს შენი მობრძანება კიევში, ჩემო მეგობარო!”

ვლადიმერ პუტინის ხელისუფლების მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს არაერთი სანქცია დაუწესა, რომლებიც შეეხო როგორც რუსულ ბანკებსა და სახელმწიფო უწყებებს, ისე ინდივიდუალურ პირებსა და რიგ ორგანიზაციებს.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო ქვეყნის წინააღმდეგ. ამის შემდეგ, 40 დღეზე მეტია, რუსეთის ძალები ბომბავენ როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი