საზოგადოება

აგრესორი მეზობლის ხელით საქართველოს თავისი წილი კოშმარი აქვს გამოვლილი — აშშ-ის საელჩო

9 აპრილი, 2022 • 1484
აგრესორი მეზობლის ხელით საქართველოს თავისი წილი კოშმარი აქვს გამოვლილი — აშშ-ის საელჩო

9 აპრილის დარბევის 33 წლისთავთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს. უწყების თქმით, საქართველოში განსაკუთრებით განიცდიან რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ, ვინაიდან ადამიანებს ახსოვთ ძალადობისა და ოკუპაციის ისტორია რუსეთთან.

“საქართველოში განსაკუთრებული სიმძაფრით განიცდიან რუსეთის მიერ წინასწარგანზრახულ და არაპროვოცირებულ ომს უკრაინაში, ვინაიდან ხალხს კარგად ახსოვს გატეხილი პირობების, ძალადობისა და ოკუპაციის ისტორია რუსეთთან.

ამის გამოა, რომ ათობით ათასი ადამიანი გამოდის აქციებზე, აგროვებს ჰუმანიტარულ დახმარებას, მასპინძლობს და გვერდში უდგას უკრაინელ ლტოლვილებს. სამწუხაროდ, რუსული არმიის სისასტიკე საუკუნეებს ითვლის და აგრესორი მეზობლის ხელით საქართველოს თავისი წილი კოშმარი აქვს გამოვლილი.

1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ძალების მიერ დამოუკიდებლობის მხარდამჭერ დემონსტრანტებზე თავდასხმისა და მათი დახოცვის სასტიკი ქმედება მწარე მოგონებად სამუდამოდ დარჩება”, — აღნიშნავს საელჩო.

თუმცა, ის ხაზს უსვამს, რომ “რუსული სისასტიკე ამ დღის სიმბოლო არასოდეს იქნება, ვინაიდან 9 აპრილი ეკუთვნით ქართველებს, რომლებმაც თავისი ქვეყნის თავისუფლების სურვილით არნახული სიმამაცე გამოიჩინეს და საქართველოს დამოუკიდებლობისკენ გაუკვალეს გზა”.

1989 წლის 9 აპრილს, ღამის 4 საათზე, საბჭოთა კავშირის ჯარმა მხუთავი აირის, ორლესული ნიჩბებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაარბია თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია.

შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 16 ადგილზე გარდაიცვალა, 4 – მოგვიანებით, საავადმყოფოში, ერთი, გია ქარსელაძე კი კომენდანტის საათის გამოცხადების შემდეგ,ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ასობით ადამიანი დაჭრეს და დაასახიჩრეს, ათასობით კი მოიწამლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი