საზოგადოება

ვგმობთ “ოცნების” წარმომადგენლების განცხადებებს, რომელიც ძირს უთხრის უკრაინის ხელისუფლებას – ლიეტუვის სეიმის კომიტეტი

8 აპრილი, 2022 • 1634
ვგმობთ “ოცნების” წარმომადგენლების განცხადებებს, რომელიც ძირს უთხრის უკრაინის ხელისუფლებას – ლიეტუვის სეიმის კომიტეტი

ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 6 აპრილს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ვილნიუსი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და მისი ხალხისა და ხელისუფლების არჩევანს, რომ ქვეყანა გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ლიეტუვური მხარე საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, არ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც დაეხმარება ბელარუსსა და რუსეთს დაწესებული სანქციების თავიდან არიდებაში.

განცხადებაში დაგმობილია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმების ჩატარებაც. ასევე, დეპუტატები რუსეთს მოუწოდებენ, გაიყვანოს ჯარები საქართველოდან.

განცხადებაში წერია, რომ სეიმი „გმობს ამჟამინდელ ურთიერთობებს უკრაინისა და საქართველოს მთავრობებს შორის, ისევე როგორც ქართველი პოლიტიკოსებისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლების ზოგიერთ განცხადებას, რომელიც ძირს უთხრის უკრაინულ ხელისუფლებასა და მათ გმირულ ბრძოლას ევროპული თავისუფლებებისა და ღირებულებებისთვის“.

განცხადებაში საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, გამოუცხადონ უკრაინას სრული მხარდაჭერა და პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გადასცენ ევროპულ სახელმწიფოს მკურნალობის ჩასატარებლად.

განცხადების ავტორების აზრით, ეს ხელს შეუწყობს პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულებასა და რუსეთისა და მისი სატელიტების შიდა და საგარეო საქმეებში ჩარევის აღმოფხვრას.

განცხადება მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, ეროვნული ინტერესების დასაცავად გაერთიანდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი