საზოგადოება

უკრაინა საქართველოსგან ელის მტკიცებულებებს, რომ რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში არ ეხმარება

6 აპრილი, 2022 • 2240
უკრაინა საქართველოსგან ელის მტკიცებულებებს, რომ რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში არ ეხმარება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას თქმით, უკრაინა საქართველოსგან ელოდება მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს, რომ ის არ ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში.

„თუ ეს მტკიცებულებები და არგუმენტები საკმარისად დამაჯერებელი არ იქნება, შემდეგ გადავწყვეტთ, რა ზომები მივიღოთ“, — განაცხადა კულებამ, censor.net-ის ინფორმაციით, ერთიანი ტელემარათონის ეთერში.

მისი თქმით, უკრაინა მუშაობს სხვა ქვეყნებთან, რომ ისინი არ დაეხმარონ რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში.

„ჩვენ რომ არ მოგვეხდინა გავლენა საქართველოზე, სხვა ქვეყნებზე, რომელთა მეშვეობითაც რუსები ცდილობენ სანქციების გვერდის ავლას, ამას დიდი ხნის წინ გააკეთებდნენ და რუსეთზე სანქციების გავლენა მინიმუმამდე იქნებოდა დაყვანილი. ეს ჩვენი ყოველდღიური ამოცანაა. ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან. თუ ჩვენ არ გვაქვს გავლენა ქვეყანაზე, ვპოულობთ ქვეყანას, რომელსაც აქვს მასზე გავლენა და ასე ვმუშაობთ, რომ ისინი არ დაეხმარონ რუსეთის ფედერაციას სანქციების გვერდის ავლაში“, — განაცხადა კულებამ.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით,  სანქცირებული სამხედრო, ორმაგი დანიშნულების და სამოქალაქო საქონლის მისაღებად რუსეთი კონტრაბანდულ არხებს ქმნის, რომელიც, საქართველოს ტერიტორიაზე გადის.

ქართული მხარე „ყოვლად დაუსაბუთებელს და აბსურდულს“ უწოდებს ბრალდებას და უკრაინისგან მტკიცებულებების წარდგენას ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი