საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, კასიანოვის დაბარება უკავშირდება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
საგარეო სამინისტროს განცხადებით, უკრაინის წარმომადგენელთან შეხვედრაზე ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა უკრაინული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ საქართველოს სპეციალურ სამსახურებსა და რუსეთის ფედერაციის შესაბამის სამსახურებს შორის ფარული კავშირები არსებობს და სანქცირებული კონტრაბანდული ტვირთები საქართველოს გავლით გადაიზიდება.
მათივე განცხადებით, ქართული მხარის მოთხოვნაა შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა.
„ცალსახად აღინიშნა, რომ ხსენებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მსგავსი ტიპის განცხადებები ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს აზარალებს, ისევე, როგორც საფრთხის შემცველია საქართველოს უსაფრთხოებისთვის. შეხევდრაზე უკრაინელ დიპლომატს გადასცეს საქართველოს შესაბამისი უწყებების – უსაფრთხოების სასმსახურის და ფინანსთა სამინისტროს პოზიციები აღნიშნულთან დაკავშირებით. მათ შორის დიპლომატს გადაეცა ქართული მხარის მოთხოვნა შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე უკრაინულმა მხარემ ვერ წარმოადგინა რაიმე სახის მტკიცებულებები გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები უკრაინული დაზვერვის ინფორმაციას უარყოფენ და ამბობენ, რომ უკრაინამ მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, უკრაინული დაზვერვის მიერ აღნიშნული ინფორმაციის გარცელების შემდეგ, განაცხადა, რომ უკრაინის მხრიდან „ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთილია“, თუმცა საქართველოს მთავრობას არ აქვს უფლება, საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყენას დაუპირსპირდეს.
„ამას ანგარიში უნდა გავუწიოთ, თორემ ამდენ ალოგიკურ ნაბიჯზე რეაქცია უნდა ყოფილიყო, რაღაცა დემარში“, – განაცხადა კობახიძემ.