საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს, 5 აპრილს უპასუხა უკრაინის სამხედრო დაზვერვის ბრალდებებს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ხელისუფლება რუსეთს ეხმარება, შექმნას კონტრაბანდული გზები სანქციებისგან თავის ასარიდებლად.
სუსი აცხადებს, რომ ქმედება, რომლის ჩადენაშიც უკრაინა საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს, სისხლის სამართლის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულია.
„მოვუწოდებთ უკრაინულ მხარეს, დაუყოვნებლივ მოგვაწოდონ ამ ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მათზე სამართლებრივი რეაგირების მიზნით. საქართველოს ხელისუფლება იქნება უკომპრომისო ამგვარი დანაშაულის ნებისმიერ შესაძლო შემთხვევასთან დაკავშირებით“, — აცხადებს სუსი.
სუსისვე ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით უწყების წარმომადგენლები შეხვდნენ საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენლებს. სუსმა უკრაინული მხარისგან მოითხოვა დეტალური ინფორმაციის გაზიარება ბრალდებებთან დაკავშირებით.
„შევახსენებთ უკრაინულ მხარეს, რომ ასეთი ინფორმაციის ურთიერთგაცვლა არაერთი სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებით არის განსაზღვრული.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ გავრცელებული განცხადება წინასწარგანზრახული დეზინფორმაციაა, წარმოადგენს უკიდურესად არამეგობრულ და პროვოკაციულ ნაბიჯს და მიზნად ისახავს საქართველოში შიდა არეულობის პროვოცირებას, რომელიც, ნებსით თუ უნებლიეთ, ემსახურება მხოლოდ საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ძალების ინტერესებს“, — აცხადებს სუს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვამ 4 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთი სანქცირებული პროდუქტის ქვეყანაში შეტანას საქართველოს გავლით, კონტრაბანდის სახით გეგმავს. საქართველოს “პოლიტიკური ხელმძღვანელობა” კი ხელს აფარებს კონტრაბანდისტების საქმიანობას.