საზოგადოება

რუსეთი დათმობებზე სამხედრო დანაკარგების შესაბამისად წავა — ანალიზი

29 მარტი, 2022 • 2364
რუსეთი დათმობებზე სამხედრო დანაკარგების შესაბამისად წავა — ანალიზი

საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსების აზრით, რუსეთი და უკრაინა სამშვიდობო შეთანხმებისგან შორს არიან, თუმცა შესამჩნევია მოსკოვის მხრიდან ტონის შერბილება, ხოლო პოლიტიკურ მოლაპარაკებებში შემდგომი დათმობები ბრძოლის ველზე წარუმატებლობის პირდაპირპორპორციული იქნება.

29 მარტს, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ ორმხრივი ნდობის და შეთანხმების მიღწევის მიზნით, მიღებულია გადაწყვეტილება კიევის და ჩერნიგოვის (ჩერნიჰივი – უკრ.) მიმართულებებით სამხედრო აქტოვობების კარდინალურად შემცირებაზე.

„თავისთავად ის, რომ მინისტრის მოადგილემ ან სხვა ვინმემ თქვა სამხედრო აქტივობების შემცირების შესახებ, არ გვაძლევს სიმშვიდის და დადასტურებული მოლოდინის საშუალებას, რომ მართლაც ასე მოხდება, ვინაიდან ბევრჯერ გვინახავს რუსეთის მიერ არა მხოლოდ ნათქვამის გადათქმა, არამედ თავზე გადახეული საერთაშორისო ხელშეკრულებები. ამიტომ მათი სიტყვის ფასი ძალიან დაბალია“, — ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი.

„სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ პირველადი ამოცანების შესრულებისა და ამიერიდან დონბასზე კონცენტრირების შესახებ საუბარი მოსკოვმა მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქის მიმართულებით წინ ვერ წაიწიეს და უკრაინელები კიევის ოლქში კონტრშეტევებზე გადავიდნენ.

„კიევის მიმართულებით სამხედრო აქტივობების შემცირება თუ მართლაც მოხდა, გამოწვეული იქნება არა იმით, რომ [რუსები] უცებ სამშვიდობო განწყობებზე დადგნენ. ეს კიდევ უფრო მეტად ადასტურებს ეჭვს, რომ მართალია ყველა ის ინფორმაცია, რაც ვრცელდება მათი სამხედრო დანაკარგების უპრეცედენტოდ დიდ რაოდენობასთან დაკავშირებით.  თუ ეს ინფორმაციები სინამდვილეს შეესაბამება, მაშინ უნდა ველოდოთ, რომ ხვალ და ზეგ რუსეთი კიდევ უფრო მეტ “დათმობაზე” წავა კატასტროფული მარცხის სხვანაირად გაფორმების მოტივივაციით. რუსეთის პოზიცია მნიშვნელოვნად დამოკიდებული იქნება არა მარტო სამხედრო წარუმატებლობაზე, არამედ დანაკარგების რაოდენობაზე, რადგან რესურსი, საბოლოო ჯამში, ამოწურვადია“, — უთხრა „ნეტგაზეთს“ ხიდაშელმა.

სამხედრო წარუმატებლობასა და მოლაპარაკებებში დათმობებს შორის პირდაპირ კავშირს უსვამს ხაზს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძეც.

„რასაც ვუყურებთ, არის რუსეთის რიტორიკის დარბილება. პირველ შეხვედრაზე მოსკოვი ულტიმატუმის ენით საუბრობდა და კიევისკენ იღებდა გეზს. ახლა დონბასისკენ მიმართავს ძალებს, იმიტომ, რომ ნახა, კიევს ვეღარ იღებს და სჭირდება რაღაც, რასაც გამარჯვებად გაასაღებს. ამიტომ სამხედრო ოპერაციაც განიცდის ტრანსფორმაციას და ნაკლებად ამბიციური ხდება. თუმცა, მიუხედავად მოსკოვის რიტორიკის დარბილებისა, ის მაინც შორს არის კონსტრუქციულობისგან. მოლაპარაკებების შედეგი ყოველთვის პირდაპირპროპორციული იქნება უკრაინის წარმატებისა საბრძოლო ოპერაციებში. რადგან დღეს უკრაინას პატარა წარმატება აქვს, რუსული რიტორიკა დარბილდა. რაც მეტ გამარჯვებას მიაღწევენ უკრიანელები და რაც მეტად გაძლიერდება ზეწოლა დასავლეთის მხრიდან, რუსეთის პოზიცია მით უფრო დამყოლი გახდება“, — ამბობს ფხალაძე.

სტამბულში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინულმა დელეგაციამ დაასახელა თავისი პირობები, რომლის ფარგლებშიც შეთანხმებას ხედავს. უბლოკო და არაბირთვული სახელმწიფოს სტატუსი არის თითქმის ერთადერთი საკითხი, რომელზეც უკრაინულმა მხარემ ომის დაწყების დღიდან კომპრომისების შესაძლებლობა დაუშვა. თუმცა კიევი ამბობს, რომ ამ კომპრომისზე მხოლოდ წავა მესამე ქვეყნებისგან მიღებული, ნატოს მე-5 პუნქტის მსგავსი უსაფრთხოების რეალური და ხელშესახები გარანტიების სანაცვლოდ.

„მე ვფიქრობ, უსაფრთხოების გარანტიები ყველაზე რთული თემაა იმიტომ, რომ როგორც ამას ხედავს რუსეთი, განსხვავებულია იმისგან, როგორც ხედავს უკრაინა. ნეიტრალიტეტი, რაზეც რუსეთი საუბრობს, მის წარმოდგენაში ნიშნავს, რომ უკრაინა არის მარტო და ის ხდება ადვილი ლუკმა. უკრაინა ამბობს, — მე შეიძლება განვიხილო ნატო-ში არგაწევრიანების თემა, თუ მექნება მე-5 მუხლის მსგავსი გარანტიები, —  რაც ნიშნავს, რომ აგრესია და ომი უკრაინასთან ავტომატურად გულისხმობს აგრესიას და ომს გარანტორთან მიმართებაში. ეს ნეიტრალიტეტის ფორმულასთან შეუთავსებელია. უკრაინის უბლოკო სტატუსი, მაგრამ ორმხრივი უსაფრთხოების გარანტია რომელიმე სხვა ქვეყანასთან არ არის ნეიტრალიტეტი, როგორსაც ამას მოსკოვი ითხოვს“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ ფხალაძემ.

მისივე თქმით, აუცილებელია, უსაფრთხოების გარანტიები „მკაფიო და არაორაზროვანი“ იყოს და არ დარჩეს ბუდაპეშტის მემორანდუმის მსგავს არაეფექტურ შეთანხმებად.

„გარანტიებში ეწეროს ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლის მსგავსი დათქმა, რომ უკრაინაზე დამუქრება ნიშნავს გარანტორ სახელმწიფოზე დამუქრებას და გაწერილი იყოს ჩარევის ვალდებულება. თუ ამის მექანიზმი არ ჩაიდო, რუსეთის ხელისუფლების სიტყვაზე ნდობა ნამდვილად არ შეიძლება“, — ამბობს ფხალაძე.

ნატო-ს დამფუძნებელი ხელშეკრულების საკვანძო, მე-5 მუხლი კოლექტიური თავდაცვის უფლების შესახებ გულისხმობს, რომ ალიანსის წევრ ერთ სახელმწიფოზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა აღიქმება ყველას წინააღმდეგ თავდასხმად. ასეთ შემთხვევაში, გაერო-ს წესდების 51-ე მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური თუ კოლექტიური თავდაცვის უფლების საფუძველზე, მხარეები დახმარებას უწევენ საფრთხის ქვეშ მყოფ მხარეს და ახორციელებენ ყველა საჭირო ქმედებას, მათ შორის, სამხედრო ძალის გამოყენებას, ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოების აღდგენისა და შენარჩუნების მიზნით.

უკრაინული მხარის მიერ შეთავაზებული მექანიზმი, დავით არახამიას თქმით, უფრო მკაფიოც კი არის, ვინაიდან საპასუხო ნაბიჯებთან დაკავშირებით კონკულტაციების ვადები 3 დღით არის შემოფარგლული. რაც შეეხება იმას, თუ რისი გაკეთების ვალდებულება ექნებათ პოტენციურ გარანტორებს, დავით არახამია აცხადებს, რომ ეს არის უკრაინის თავზე ცის დახურვა და შეიარაღების მიწოდება.

უკრაინა შესაძლო გარანტორებს შორის განიხილავს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედ წევრებს (აშშ, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, ჩინეთი და რუსეთის ფედერაცია, თუმცა ამ უკანასკნელზე „ცალკე სასაუბროა“), თურქეთს, გერმანიას, კანადას, იტალიას, პოლონეთსა და ისრაელს. შეთანხმების პროექტი ითვალისწინებს სხვა გარანტორი ქვეყნების თავისუფალ მიერთებასაც.

ხიდაშელი ამბობს, რომ რუსეთის გარდა, არცერთ ჩამოთვლილ ქვეყანას, ჩინეთის ჩათვლით, არ უყურებს სკეპტიკურად და ფიქრობს, არანაირი პრობლემა არ იქნება, ისინი უკრაინას გარანტორებად დაუდგნენ, თუმცა მთავარი პრობლემა იქნება, როგორ მოხდება გარანტიების უზრუნველყოფა.

„ბუდაპეშტის ხელშეკრულებით ხელმომწერმა ქვეყნებმაც ითავეს გარანტორობა, მაგრამ ვერ უზრუნველყვეს“, — დასძენს ხიდაშელი.

1994 წელს ბუდაპეშტის მემორანდუმით უსაფრთხოების გარანტიების შესახებ უკრაინა მიუერთდა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას. მემორანდუმის მხარეებმა — შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა და ბრიტანეთმა — აიღეს ვალდებულება „პატივი სცენ უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და არსებულ საზღვრებს“ და „თავი შეიკავონ ქვეყნის წინააღმდეგ მუქარისგან ან ძალის გამოყენებისგან“. ამ გარანტიებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა უკრაინის მთავრობის დარწმუნებაში, დაეთმო მსოფლიოს სიდიდით მესამე ბირთვული არსენალი, რომელიც  დაახლოებით 1900 სტრატეგიული ბირთვული ქობინისგან შედგებოდა. რუსეთმა ეს მემორანდუმი ჯერ კიდევ 2014 წელს დაარღვია ყირიმის ანექსიით.

ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ რუსეთს არაერთხელ დაუდია შეთანხმება ძალის არგამოყენებისა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემასთან დაკავშირებით, მათ შორის უკრაინასთან, მაგრამ გაფორმებისთანავე დაურღვევია ის. ამიტომ ფიქრობენ, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება და საჭიროა რეალური და ეფექტიანი მექანიზმები ნებისმიერი მომავალი შეთანხმების იმპლემენტაციისთვის.

3 მთავარი აქცენტი უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი