საზოგადოება

კიევის და ჩერნიგოვის მიმართულებით სამხედრო აქტივობებს კარდინალურად ვამცირებთ — რუსეთი

29 მარტი, 2022 • 2426
კიევის და ჩერნიგოვის მიმართულებით სამხედრო აქტივობებს კარდინალურად ვამცირებთ — რუსეთი

სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ რუსეთის დელეგაციის წარმომაგენელმა ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებებმა კონსტრუქციულ რეჟიმში ჩაიარა.

„უკრაინული მხარისგან განსახილველად გადმოგვეცა წინადადადებები, გასაგებად ჩამოყალიბებული პოზიციები შეთანხმებაში გასათვალსწინებლად. ეს წინადადებები გადაეცემა პრეზიდენტს [პუტინს] და უახლოეს პერიოდში გაეცემა პასუხი“, — განაცხადა მედინსკიმ.

მედინსკიმ ასევე თქვა, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა შესაძლებელია მაშინ, როცა ხელმოსაწერად მზად იქნება მომლაპარაკებლებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების შემუშავებული შეთანხმება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა მოლაპარაკებებზე, ალექსანდრე ფომინმა განაცხადა, რომ ორმხრივი ნდობის, შემდგომი მოლაპარაკებების გაგრძელებისა და საბოლოო შეთანხმების მიღწევის მიზნით, მიღებულია გადაწყვეტილება სამხედრო აქტოვობების კარდინალური ზომებით შემცირებაზე კიევის და ჩერნიგოვის მიმართულებებით.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა მანამდე განაცხადა, რომ რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინაში „თავდასხმის მიზნების” შესრულება და ამ დროისთვის შეინიშნება კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებიდან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გარკვეული ნაწილების გაყვანა, თუმცა რუსეთის მხრიდან კვლავ არსებობს უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის მაღალი რისკი.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა დედაქალაქის მიმართულებით წინ ვერ წაიწია და უკრაინელები კიევის ოლქში კონტრშეტევებზე გადავიდნენ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ პირველადი ამოცანები შესრულებულია და ამიერიდან დონბასზე იქნებიან კონცენტრირებული.

უკრაინულმა ძალებმა 28 მარტს დაიბრუნეს ირპინი, კიევის ჩრდილო-დასავლეთით.

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი, შესაძლოა, დღეს საღამოსვე ან ხვალ გაიმართოს.

ცნობილია, რა შესთავაზა უკრაინამ რუსეთს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი