საზოგადოება

“ნოვაია გაზეტა” დროებით აჩერებს მუშაობას

28 მარტი, 2022 • 1392
“ნოვაია გაზეტა” დროებით აჩერებს მუშაობას

რუსეთში მოქმედი ერთ-ერთი უკანასკნელი დამოუკიდებელი მედიასაშუალება “ნოვაია გაზეტა” დროებით წყვეტს მუშაობას. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია გამოცემის მიერ დღეს, 28 მარტს გავრცელებულ მოკლე განცხადებაში.

“ნოვაია გაზეტას” თანახმად, მიმდინარე წელს უკვე მეორე გაფრთხილება მიიღო რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოსგან, “როსკომნადზორისგან”, რაც  გამოცემას “ლიცენზიის გაუქმებით ემუქრება”.

“ამის შემდეგ ვწყვეტთ გაზეთის გამოქვეყნებას ვებ-გვერდზე, ქსელებსა და ქაღალდზე – „უკრაინის ტერიტორიაზე სპეციალური ოპერაციის“ დასრულებამდე”, — ნათქვამია რედაქტორების განცხადებაში.

“ნოვაია გაზეტას” ციტირებს რუსულ სახელმწიფო გამოცემა TASS-ს, რომელიც იტყობინება, რომ გაზეთისადმი გაცემული გაფრთხილების მიზეზი იყო რუსეთის ხელისუფლების მიერ უცხოეთის აგენტად გამოცხადებული ერთ-ერთი ორგანიზაციის მოხსენიება შესაბამისი სახელდების გარეშე.

რუსეთში მოქმედი კანონით, ხელისუფლებას შეუძლია, “უცხოეთის აგენტად” გამოაცხადოს ნებისმიერი პირი თუ ორგანიზაცია, რომელიც საერთაშორისო წყაროებიდან ფინანსდება, მედია კი ვალდებულია, ამ სტატუსის მქონე ფიზიკური თუ იურიდიული პირის მოხსენიებისას მიუთითოს აღნიშნული სახელდება.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებამ უფრო მეტად გააძლიერა დევნა როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ისე დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მიმართ.

მარტში მიიღეს კანონი, რომელიც “რუსული არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის”  რუსეთის მოქალაქეებს 15 წლამდე პატიმრობით ემუქრება.

ომის დაწყების შემდეგ არაერთმა კრიტიკულმა მედიასაშუალებამ — მათ შორის, “დოჟდმა” და “ეხო მასკვიმ” — მუშაობა შეაჩერა. 1993 წელს დაფუძნებული “ნოვაია გაზეტა” ერთ-ერთი ბოლო დამოუკიდებელი გამოცემა იყო, რომელიც, რთული პირობების მიუხედავად, მუშაობის გაგრძელებას ახერხებდა.

მთავარი ფოტო: Reuters

მასალების გადაბეჭდვის წესი