საზოგადოება

უკრაინაში ომის ერთი თვის შედეგები

24 მარტი, 2022 • 3546
უკრაინაში ომის ერთი თვის შედეგები

20 000-მდე დაღუპული, 10 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირი და განადგურებული ინფრასტრუქტურა — ეს არის უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ერთი თვის შედეგი. ჯერჯერობით არც პოლიტიკური მოლაპარაკებების ფორმატში და არც ბრძოლის ველზე უახლოეს დღეებში ომის დასრულების პერსპექტივა არ ჩანს.

ომი უკრაინაში

რუსეთმა 2021 წლის გაზაფხულზე დაიწყო, ოქტომბრიდან კი მნიშვნელოვნად გაააქტიურა სამხედრო ძალების თავმოყრა უკრაინის საზღვართან ისე, რომ ბოლო მომენტამდე უარყოფდა თავდასხმის გეგმას. შანტაჟის მიუხედავად, მოსკოვმა დასავლეთისგან უარი მიიღო უსაფრთხოების ახალ გარანტიებზე შეთანხმებასთან დაკავშირებით, რაც ითვალისწინებდა ნატო-ს აღმოსავლეთით არგაფართოების პირობას და მისი ძალების 1997 წლის მდგომარეობამდე დაბრუნებას. 2022 წლის 22 თებერვალს მოსკოვმა ცნო მის მიერ მხარდაჭერილი დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, 24 თებერვალს გამთენიისას კი უკრაინაში შეიჭრა როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებებიდან, ისე ჩრდილოეთიდან, ბელარუსის რესპუბლიკიდან. რუსეთი „დემილიტარიზაციის და დენაციფიკაციის სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს ომს, რომელიც ევროპაში ყველაზე მასშტაბურია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

ომის ერთი თვის თავზე, ჩრდილოეთის ფრონტზე, რუსეთი აკონტროლებს ჩერნიჰივის (რუს. ჩერნიგოვი), სუმისა და ხარკოვის ოლქების ჩრდილოეთ ნაწილს, თუმცა ქალაქები მაინც უკრაინული კონტროლის ქვეშ რჩება.

აღმოსავლეთ ფრონტზე საოკუპაციო ძალებმა შეძლეს ლუგანსკის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილის ოკუპაცია. ასევე, დაიკავეს დონეცკის ოლქის სამხრეთ ნაწილი და ალყაში მოაქციეს ქალაქი მარიუპოლი. დონეცკის ოლქის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილებს კვლავ უკრაინული მხარე აკონტროლებს. მარიუპოლს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მისი აღების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, რუსეთის ფედერაცია სახმელეთო გზით დაუკავშირდეს ანექსირებული ყირიმისა და ქერჩის ნახევარკუნძულებს.

რუსეთმა მხოლოდ სამხრეთის ფრონტზე შეძლო შედარებით დიდი საქალაქო ცენტრების დაკავება, მათ შორის – ხერსონის, მელიტოპოლის, ბერდიანსკის. ასევე, დაიკავა ქალაქი ენერგოდარი, სადაც განთავსებულია უკრაინის ყველაზე დიდი ბირთვული ელექტროსადგური და ექვსი ბირთვული რეაქტორი. შედეგად, საოკუპაციო ძალები ამჟამად აკონტროლებენ ხერსონისა და ზაპოროჟიის ოლქების სამხრეთ ნაწილს. ასევე, მიკოლაევის ოლქის სამხრეთ-აღმოსავლეთს.

ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის ჯარების წინსვლა შეფერხებულია და უკრაინის შეიარაღებული ძალები მცირე ზომის კონტრშეტევებზე გადადიან.

ნატოს მაღალი რანგის ოფიცრის განცხადებით, ალიანსის დაანგარიშებით, საერთო ჯამში, 40 000-მდე რუსი ჯარისკაცი დაიჭრა, ტყვედ ჩავარდა, დაიკარგა ან გარდაიცვალა. ამათგან 7 000-დან 15 000-მდე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსული არმიის დანაკარგი 15 800 ადამიანია.

თავად რუსეთმა ბოლოს 2 მარტს დაადასტურა თავისი 498 ჯარისკაცის გარდაცვალება, თუმცა რუსულმა Комсомольская правда-მ ჯერ გაავრცელა, შემდეგ კი წაშალა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 20 მარტისთვის უკრაინაში 9 871 სამხედრო დაიღუპა, 16 153 კი დაიჭრა.

კიევმა ბოლოს 12 მარტს დაადასტურა 1 300 უკრაინელი ჯარისკაცის დაღუპვა. აშშ-ის 9 მარტის მონაცემებით, დაღუპულ უკრაინელ ჯარისკაცთა რიცხვი 2-დან 4 ათასამდე იყო.

რაც შეეხება მსხვერპლს მშვიდობიან მოსახლეობას შორის, გაეროს მონაცემებით, დაიღუპა, სულ მცირე, 1 035 და დაშავდა 1 650 მშვიდობიანი მოქალაქე. უკრაინული მხარის ცნობით, ეს რიცხვი გაცილებით მაღალია და მხოლოდ ალყაშემორტყმულ მარიუპოლში 2 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა.

დევნილები და ლტოლვილები

უკრაინაში ომმა გამოიწვია მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება, რამაც მოქალაქეები აიძულა, დაეტოვებინათ საკუთარი საცხოვრებელი სახლები და გადადგილებულიყვნენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვრებს გარეთ. გაეროს ლტოლვილთა კომისარიატის ცნობით, 10 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა, აქედან 3 674 952-მა ქვეყანა დატოვა, მათ შორის 90% ქალი და ბავშვია. 18-დან 60 წლამდე მამაკაცებს უკრაინის დატოვება ეკრძალებათ. Unicef-ის თანახმად, მათ შორის, ვინც გაიქცა საზღვარგარეთ, 1.5 მილიონზე მეტი ბავშვია, რომელთაც ტრეფიკინგის გაზრდილი რისკი ემუქრებათ. უკრაინელი ლტოლვილების ნახევარზე მეტი პოლონეთმა შეიფარა.

უკრაინელი ლტოლვილები პოლონეთის საზღვარზე; ფოტო: EPA

გაეროს მონაცემებით, 21-დან 23 თებერვლამდე დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებიდან რუსეთის ფედერაციაში დამატებით 113 000 ადამიანი გადავიდა. ყველაზე მასშტაბური ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა რუსეთის ბლოკადაში მყოფი ქალაქი მარიუპოლი, სადაც ომის დაწყებამდე 445 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. რუსეთის თავდასხმების შედეგად ქალაქში მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია, საკვები და წყალი. მარიუპოლში რუსეთმა დაბომბა სამშობიარო და თეატრის შენობა, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებდნენ თავს. მარიუპოლში დაღუპულებს საერთო საფლავებში ან ხშირად ვერც მარხავენ. უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა რამდენიმე ათასი ადამიანი იძულებით გაასახლეს რუსეთში. მოსკოვი უარყოფს იძულებას და ამბობს, რომ ლტოლვილები მიდიან როგორც დასავლეთის ქვეყნებში, ისე რუსეთში.

სანქციები

უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს უპრეცედენტო სანქციები დაუწესეს ევროკავშირმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ, სამხრეთ კორეამ, იაპონიამ, ავსტრალიამ და სხვა.

დასავლეთის ქვეყნებმა გაყინეს რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივები და შეუზღუდეს რუსეთს წვდომა 630 მილიარდი დოლარის უცხოური ვალუტის რეზერვების გამოყენებაზე. ამან გამოიწვია რუბლის კურსის 22%-იანი ვარდნა, 14%-იანი ინფლაცია და გაიზარდა იმპორტირებული საქონლის ფასი.

რუსეთის რვა ბანკი SWIFT-ის სისტემიდან გაითიშა. ჯამში, ევროკავშირის სანქციების სამიზნეა რუსეთის საბანკო ბაზრის 70% და უდიდესი სახელმწიფო კომპანიები — მათ შორის ისინიც, რომლებიც თავდაცვის სფეროში ფუნქციონირებენ.

სანქციები დაუწესდა 1000-ზე მეტ რუს ფიზიკურ პირსა და ბიზნესს, მათ შორის, პოლიტიკური თანამდებობის პირებს და ოლიგარქებს. შემზღუდველი ზომები ითვალისწინებს სანქცირებულ პირთა აქტივების გაყინვას და დასავლეთის ქვეყნებში მოგზაურობის უფლების ჩამორთმევას.

ევროკავშირმა დაკეტა საჰაერო სივრცე რუსული თვითმფრინავებისთვის.

აშშ-მა აკრძალა რუსეთის ნავთობისა და გაზის იმპორტი, ხოლო დიდი ბრიტანეთი 2022 წლის ბოლომდე ეტაპობრივად შეწყვეტს რუსეთიდან ნავთობის შესყიდვას.

გერმანიამ შეაჩერა გაზსადენი “ჩრდილოეთის ნაკადი 2” (Nord Stream 2).

სულ უფრო მზარდია საერთაშორისო კომპანიების რაოდენობა, რომლებმაც რუსეთის ბაზარი დატოვეს.

ევროკავშირმა თავის ტერიტორიაზე რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებების —  Sputnik-ისა და RT/Russia Today-ის  სამაუწყებლო საქმიანობა შეაჩერა.

პოლიტიკური მოლაპარაკებები

ომის პარალელურად, მოლაპარაკებები მიმდინარეობს უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე. ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების სამი რაუნდი გაიმართა ბელარუსში, ასევე, ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება ონლაინ-დისკუსიები. უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს შეხვდნენ თურქეთში. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის არმიამ ერთი თვის თავზეც ვერ მიაღწია დასახულ მიზნებს, კრემლი აცხადებს, რომ მოთხოვნები უცვლელია: უკრაინის დემილიტარიზაცია, ნეიტრალიტეტის გამოცხადება, ნაციონალისტებისგან გათავისუფლება, ყირიმის — რუსეთის ნაწილად და დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება. ეს მოთხოვნები კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ბოლოს 22 მარტს CNN-თან ინტერვიუში ჩამოთვალა, სადაც აღიარა, რომ პუტინმა ჯერ ვერ მიაღწია მიზნებს, თუმცა თქვა, რომ სწრაფი ოპერაციის მოლოდინი არავის ჰქონია.

კიევი განიხილავს ნეიტრალიტეტს უსაფრთხოების გარანტიებით. უკრაინასთან მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა, რომ კიევმა წარმოადგინა ავსტრიული ან შვედური ნეიტრალური სტატუსის ვარიანტები, საკუთარი არმიით და ფლოტით. უკრაინის მომლაპარაკებელ მიხაილო პოდოლიაკის თქმით, მოდელი შეიძლება იყოს მხოლოდ უკრაინული და მხოლოდ იურიდიულად დამოწმებული უსაფრთხოების გარანტიებით. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთთან კომპრომისის ფორმატებზე საბოლოო გადაწყვეტილება რეფერენდუმის გზით იქნება მიღებული. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებას ცნობით, უკრაინა უსაფრთხოების გარანტიების ირგვლივ მოლაპარაკებებს აწარმოებს 5 ქვეყანასთან: აშშ-თან, გაერთიანებულ სამეფოსთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან და თურქეთთან.

ახალი გეოპოლიტიკური რეალობა

მიუხედავად იმისა, როდის და როგორ დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი, ის უკვე გახდა ახალი გეოპოლიტიკური რეალობის დასაწყისი. ბევრი ანალიტიკოსი საუბრობს რკინის ფარდის ჩამოფარაბაზე ცივილიზებულ სამყაროსა და რუსეთს შორის. ეკონომისტების თანახმად, სანქციების დღესვე მოხსნის შემთხვევაშიც მათი ეფექტი რუსეთზე წლების განმავლობაში გაგრძელდება.

ევროკავშირმა, როგორც ორგანიზაციამ და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა ცალ-ცალკე, ასევე, ნეიტრალურმა ფინეთმა და შვედეთმა, თავდაცვის შესაძლებელობის და ბიუჯეტის გაზრდის შესახებ განაცხადეს.

რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელს განიხილავენ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო და გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოები. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სამხედრო დამნაშავე უწოდა.

ომში მყოფმა უკრაინამ 28 თებერვალს ოფიციალურად შეიტანა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. 3 მარტს იგივე გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამ. 10 მარტს ვერსალში გამართულ შეხვედრაზე ევროპულმა საბჭომ აღიარა უკრაინის ევროპული მისწრაფებები და ევროპული არჩევანი. მოსალოდნელია, რომ უკრაინა უახლოეს თვეებში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის ქვეყნის სტატუსს მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი