საზოგადოება

თავისუფლების დასასრული უკრაინაში ნიშნავს თავისუფლების იმედის გაქრობას საქართველოში, მოლდოვაში – ჯონსონი

19 მარტი, 2022 •
თავისუფლების დასასრული უკრაინაში ნიშნავს თავისუფლების იმედის გაქრობას საქართველოში, მოლდოვაში – ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, თუ უკრაინაში რუსეთის შეჭრა ვლადიმერ პუტინისთვის სასურველი გზით წავა, ის მხოლოდ ამ ქვეყანაზე არ გაჩერდება. აღნიშნულ კონტექსტში ჯონსონმა მოლდოვა და საქართველო ახსენა.

როგორც მან დიდი ბრიტანეთის “კონსერვატიული პარტიის” საგაზაფხულო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, “აშკარაა, რომ პუტინმა კატასტროფული შეცდომა დაუშვა” უკრაინაში შეჭრით.

მისივე თქმით, რეალურად, პუტინს არ სჯეროდა, რომ უკრაინა ახლო მომავალში ნატო-ში გაწევრიანდებოდა, ისევე როგორც არ სჯეროდა “ნახევრად მისტიური უაზრობისა”, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა “რუსი ხალხის წარმოშობის” შესახებ საუბრისას გააჟღერა.

ბორის ჯონსონის თქმით, ვლადიმერ პუტინის შეჭრა უკრაინაში რეალურად განპირობებული იყო შიშით, რუსეთის მეზობლად თავისუფალი, დემოკრატიული ერის ყოფნასთან დაკავშირებით.

“მას ეშინოდა უკრაინის, რადგან უკრაინაში აქვთ თავისუფალი პრესა, უკრაინაში აქვთ თავისუფალი არჩევნები და ყოველ წელს, როცა უკრაინა წინ მიიწევდა… მას ეშინოდა უკრაინის მაგალითის.

…ზუსტად იმიტომ, რომ უკრაინა და რუსეთი ისტორიულად ასე ახლოს იყვნენ, [პუტინს] ეშინოდა უკრაინული მოდელის გავლენისა მასსა და რუსეთზე”, – დასძინა ჯონსონმა და განაგრძო:

“ის [პუტინი] იყო სრულ პანიკაში ე.წ. ფერად რევოლუციასთან დაკავშირებით მოსკოვში და ამიტომაც ცდილობს ასე სასტიკად, ჩააქროს თავისუფლების ცეცხლი უკრაინაში და ამიტომ არის ასე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ ის ჩაფლავდეს, რადგან გამარჯვებული პუტინი უკრაინაში არ გაჩერდება და თავისუფლების დასასრული უკრაინაში ნიშნავს თავისუფლების ყოველგვარი იმედის გაქრობას საქართველოში და შემდეგ მოლდოვაში”.

“ეს ნიშნავს დაშინების ახალი ეპოქის დაწყებას აღმოსავლეთ ევროპაში, ბალტიისპირეთიდან შავ ზღვამდე”, – დასძინა ჯონსონმა.

ჯონსონის სიტყვებით, დიდმა ბრიტანეთმა ახლა უნდა გადადგას “გაბედული ნაბიჯები”, რათა დაასრულოს მისი დამოკიდებულება რუსეთის ნავთობსა და გაზზე.

“დროა, დავიბრუნოთ კონტროლი ჩვენს ენერგომომარაგებაზე”, თქვა ჯონსონმა და აღნიშნა, რომ ამას “ფასი” აქვს, მაგრამ “არაფრის გაკეთების საფასური ბევრად უფრო მაღალი იქნება”.

ვლადიმერ პუტინის ხელისუფლების მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს არაერთი სანქცია დაუწესა, რომლებიც შეეხო როგორც რუსულ ბანკებსა და სახელმწიფო უწყებებს, ისე ინდივიდუალურ პირებსა და რიგ ორგანიზაციებს.

ცნობილია, რომ ქვეყანა 2022 წლის ბოლომდე ეტაპობრივად შეწყვეტს რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი