საზოგადოება

რუსეთი ამბობს, რომ უკრაინაში ჰიპერბგერითი რაკეტები გამოიყენა

19 მარტი, 2022 •
რუსეთი ამბობს, რომ უკრაინაში ჰიპერბგერითი რაკეტები გამოიყენა

მოსკოვის განცხადებით, დასავლეთ უკრაინაში მიწისქვეშა საცავის გასანადგურებლად რუსეთის ძალებმა ჰიპერბგერითი რაკეტები გამოიყენეს. აღნიშნულის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა 19 მარტს ისაუბრა.

თავდაცვის უწყების მტკიცებით, ხსენებული თავდასხმის შედეგად განადგურდა საწყობი ივანო-ფრანკოვსკის რეგიონის სოფელ დელიატინში, რომელშიც განთავსებული იყო რაკეტები და “უკრაინის ჯარების საავიაციო საბრძოლო მასალა”.

BBC-ის თანახმად, რუსეთს აქამდე არასოდეს დაუდასტურებია საბრძოლო მოქმედებებში ჰიპერბგერითი რაკეტების გამოყენება.

ტელეკომპანიის მიხედვით, ჰიპერბგერით რაკეტას შეიძლია ატმოსფეროში აფრენა ბგერის სიჩქარეზე ხუთჯერ სწრაფად. ის სხვა ტიპის რაკეტებთან შედარებით უკეთ ირიდებს საჰაერო თავდაცვით სისტემებს.

რუსეთის სამხედრო ძალების თქმით, „კინჟალის“ სარაკეტო სისტემას, რომელიც ხსენებული თავდასხმის დროს გამოიყენეს, სამიზნეებზე დარტყმა 2000 კმ-ზე მეტი მანძილიდან შეუძლია.

“კინჟალის” ჰიპერბგერითი რაკეტა. © Reuters

რუსეთმა გასულ წელს განაცხადა, რომ წარმატებით გამოსცადა ჰიპერბგერითი რაკეტა ფრეგატიდან თეთრ ზღვაში, მის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე.

BBC წერს, რომ რუსეთთან ერთად, ჩინეთი, აშშ და სულ მცირე ხუთი სხვა ქვეყანა მუშაობს ჰიპერბგერითი რაკეტების ტექნოლოგიაზე.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

გაეროს თანახმად, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინიდან უკვე 3 მილიონამდე ლტოლვილი და 2 მილიონამდე დევნილია. 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ მოწოდებას ახმიანებს და დასძენს, რომ ეს მოსკოვისთვის “ერთადერთი შანსია”, “შეამციროს თავისივე შეცდომებით გამოწვეული ზიანი”.

“წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის დანაკარგები იმხელა იქნება, რომ რამდენიმე თაობა არ იქნება საკმარისი მათ დასაძლევად”, – თქვა ზელენსკიმ.

გორდონ ბრაუნი მიიჩნევს, რომ პუტინი ნიურნბერგის მსგავსი სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი