უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ მოწოდებას ახმიანებს და დასძენს, რომ ეს მოსკოვისთვის “ერთადერთი შანსია”, “შეამციროს თავისივე შეცდომებით გამოწვეული ზიანი”.
როგორც ზელენსკიმ 18 მარტის ღამით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში თქვა, “საოკუპაციო ძალები თითქმის ყველა მიმართულებაზე არიან შეჩერებულნი” და “რუსეთის არმიის საწყისი გეგმა”, დაეპყროთ უკრაინა, “ჩავარდა”.
“ჩანს, რომ მათ არ იციან, კიდევ რა შეიძლება გაგვიკეთონ. როგორც ჩანს, მათი სამხედრო მეთაურები ვერაფერს სთავაზობენ თავიანთ პოლიტიკურ ლიდერებს, გარდა სასტიკი და მცდარი ტაქტიკებისა, რომ დაგვქანცონ, დაქანცონ უკრაინა; [ვერაფერს], გარდა მუდმივი დარტყმებისა მშვიდობიან მოსახლეობაზე, მშვიდობიან ქალაქებზე, ხალხზე, ბავშვებზე…” – დასძინა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, რუსეთის არმიის ეს ტაქტიკა მხოლოდ აუარესებს სიტუაციას მოსკოვისთვის, იწვევს ახალ-ახალ “დამანგრეველ სანქციებს” და “ხელს უწყობს ახალ წევრებს”, შეუერთდნენ “ომის საწინააღმდეგო კოალიციას”.
ამის შემდეგ, ზელენსკიმ სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ მოწოდება გაახმიანა.
“ამიტომ, მოლაპარაკებები მშვიდობაზე, უსაფრთხოებაზე ჩვენთვის, უკრაინისთვის – აზრიანი, სამართლიანი [მოლაპარაკებები], დაყოვნების გარეშე – არის ერთადერთი შანსი რუსეთისთვის, შეამციროს თავისივე შეცდომებით გამოწვეული ზიანი.
ჩვენ ყოველთვის ვითხოვდით მოლაპარაკებებს, ყოველთვის ვთავაზობდით დიალოგს…” – აღნიშნა მან და კიდევ ერთხელ მიმართა მოსკოვს:
“დროა შევხვდეთ, დროა ვისაუბროთ, დროა აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა და სამართლიანობა უკრაინისთვის.
წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის დანაკარგები იმხელა იქნება, რომ რამდენიმე თაობა არ იქნება საკმარისი მათ დასაძლევად”.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.
შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.
რუსეთსა და უკრაინას შორის ორმხრივი მოლაპარაკებები ომის დაწყების შემდეგ მიმდინარეობს, მნიშვნელოვანი გარღვევების გარეშე.