საზოგადოება

ბლინკენი: რუსეთის ტაქტიკა უკრაინაში იგივეა, რაც საქართველოში 2008-ში იყო

18 მარტი, 2022 • 2229
ბლინკენი: რუსეთის ტაქტიკა უკრაინაში იგივეა, რაც საქართველოში 2008-ში იყო

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რუსეთის მოქმედებები უკრაინაში შეადარა რუსეთის თავდასხმას საქართველოზე  2008 წელს.

მისი განცხადებით, რუსეთი უკრაინაში ისე მოქმედებს, როგორც მანამდე, 2008 წელს საქართველოში.

„მოვლენების დადგმა და გენოციდის ყალბი ნარატივების შექმნა, რათა გაამართლონ გადაჭარბებული სამხედრო ძალის გამოყენება, არის ტაქტიკა, რომელიც რუსეთმა მანამდე უკვე გამოიყენა, მათ შორის, საქართველოში“, – განაცხადა ბლინკენმა.

ბლინკენის თანახმად, მოსკოვი უკრაინაშიც შეეცდება ერთგვარი „ეკონომიკური მხარდაჭერის“ პროგრამების შექმნას, როგორც ეს საქართველოში (ოკუპირებულ ტერიტორიებზე) გააკეთა.

„უკრაინული ქალაქების განადგურების შემდეგ, მოსკოვმა, შესაძლოა, რუსეთიდან ჩამოიყვანოს საჯარო მოხელეები, რათა უკრაინაში ადგილობრივ დონეებზე დანიშნოს და დაიწყონ პროცესი, რომელსაც თავად აღწერენ, როგორც „ეკონომიკური მხარდაჭერა“, რათა ხალხი გადარჩენისთვის მოსკოვზე დამოკიდებულნი გახადონ. ეს იგივეა, რაც რუსეთმა საქართველოში გააკეთა“, – განაცხადა ბლინკენმა.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობებში მაღალჩინოსანთა ნაწილი წარსულში მუშაობდნენ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო უწყებებში.

ასევე, დე ფაქტო რესპუბლიკებში რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ე.წ. „სოციო-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამებს“, რათა „ხელი შეუწყოს მათ სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას“.

მასალების გადაბეჭდვის წესი