საზოგადოება

მომდევნო 10 ნაბიჯი EU-ში გაწევრიანების გზაზე – სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა

18 მარტი, 2022 • 1334
მომდევნო 10 ნაბიჯი EU-ში გაწევრიანების გზაზე – სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა

30-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკური განვითარება პოლიტიკური აქტორებისთვის კონსოლიდირების და პოლარიზების დასრულების წინაპირობა უნდა გახდეს და მზადყოფნას გამოთქვამს, აღნიშნულ პროცესში აქტიურად ჩაერთოს.

საქართველომ 3 მარტს გააკეთა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი, 10 მარტს საფრანგეთში გამართულ ევროპის კავშირის ლიდერთა სამიტზე ევროკომისიას შეფასების მომზადება ეთხოვა საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით.

„მიგვაჩნია, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავება და წევრობა საქართველოსთვის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვისა და სოციალური სიკეთეების და უსაფრთხოების გაძლიერების წინაპირობებს შექმნის. უკრაინაში მიმდინარე ომმა ევროპეიზაციის პროცესის უპირობო მნიშნელობა აჩვენა არა მხოლოდ პოლიტიკური, სამართლებრივი და სოციალური განვითარების მნიშვნელობით, არამედ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების კუთხითაც“, — აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს ხელისუფლებას სთავაზობენ, გადადგას შემდეგი ნაბიჯები:

  1. შეიმუშაოს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრების ეროვნული სტრატეგია და შექმნას მისი მონიტორინგის ქმედითი მექანიზმი, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა იქნება უზრუნველყოფილი;
  2. განახორციელოს 2021 წლის 19 აპრილს შეთანხმებით „მომავლის გზა საქართველოსთვის“ გათვალისწინებული დემოკრატიული რეფორმები;
  3. გააძლიეროს დიპლომატიური ძალისხმევა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ახალი დღის წესრიგის დროულად მისაღებად და დაიწყოს მისი ეფექტიანი იმპლემენტაცია;
  4. გაწიოს სათანადო დიპლომატიური ძალისხმევა, ევროკომისიის მხრიდან ევროპის კავშირის კანდიდატის სტატუსის შეფასების კითხვარის მიღების დასაჩქარებლად;
  5. მობილიზება გაუკეთოს შესაბამის ადამიანურ, ფინანსურ და ტექნიკურ რესურსს (მათ შორის, შექმნას შესაბამისი უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი და/ან შესაბამისი უწყება), რათა მოხდეს კანდიდატის სტატუსის შეფასების კითხვარის დროული და სრულყოფილი შევსება და ევროკავშირისთვის წარდგენა;
  6. ახალი რეალობის გათვალისწინებით ცვლილებები შეიტანოს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის დებულებაში, გაააქტიუროს და უფრო ეფექტიანი გახადოს მისი მუშაობა, რაც კითხვარზე პასუხების მომზადების პროცესში სამუშაო ჯგუფების აქტიურ ჩართვას ითვალისწინებს;
  7. გახადოს პროცესი გამჭვირვალე და ინკლუზიური. ჩამოაყალიბოს ევროპის კავშირში გაწევრების ეროვნული საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ სფეროს ექსპერტები და ექნება საკონსულტაციო ორგანოს სტატუსი. საბჭო ხელს შეუწყობს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრების პროცესის კოორდინაციასა და მონიტორინგს;
  8. განიხილოს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, ადამიანის უფლებების, იურიდიულ და საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეების, ასევე, ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის პოსტების ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ დაკავების შესაძლებლობა, რათა გაიზარდოს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრების პროცესზე საპარლამენტო ზედამხედველობა;
  9. პეტრას ციხის (ასოცირების ტრიო – მოლდოვა, საქართველო, უკრაინა) დეკლარაციის შესაბამისად, ქმედითი ნაბიჯები გადადგას, რათა, ერთი მხრივ, გაძლიერდეს ტრიოს თანამშრომლობის ფორმატი, დარეგულირდეს ურთიერთობები უკრაინასთან და მეორე მხრივ, ჩამოყალიბდეს ტრიოსა და ევროკავშირის ერთობლივი სამიტი;
  10. უზრუნველყოს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრების პროცესთან დაკავშირებული მოლოდინების მართვა და აწარმოოს შესაბამისი შიდა და საგარეო კომუნიკაცია.

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:

  • ღია საზოგადოების ფონდი
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  • ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ასოციაცია (ISFED)
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო
  • აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD)
  • უფლებები საქართველო
  • საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი (GISS)
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  • მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის(WEG)
  • მშვიდობის, დამოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (CIPDD)
  • რონდელის ფონდი
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  • საფარი
  • წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)
  • თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT)
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • ლიბერალური აკადემია თბილისი (LAT)
  • დემოკრატიის ინდექსი – საქართველო
  • მმართველობის მონიტორინგის ცენტრი
  • სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილია
  • საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  • საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP)
  • ღია სივრცე კავკასია (COS)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტა ასოციაცია (GYLA)
  • სამოქალაქო იდეა
  • მწვანე ალტერნატივა
  • მედიის ინსტიტუტი

მასალების გადაბეჭდვის წესი