საზოგადოება

კიევი და მოსკოვი შესაძლო კომპრომისებზე საუბრობენ

16 მარტი, 2022 •
კიევი და მოსკოვი შესაძლო კომპრომისებზე საუბრობენ

რუსეთ-უკრაინის ომის მე-20 დღეს კიევსა და მოსკოვში საუბრობენ მოლაპარაკებებში  კომპრომისის შესაძლებლობაზე უკრაინის ნეიტრალიტეტის საკითხზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებში კომპრომისის იმედი არის.

„ორიენტაციას ავიღებ ჩვენი მომლაპარაკებლების შეფასებებზე. ისინი აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები ადვილად არ მიმდინარეობს გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, არის გარკვეული კომპრომისის იმედი“, — განაცხადა მან ტელეკომპანია РБК-სთან ინტერვიუში.

მისი თქმით, „იგივე შეფასებას იძლევა უკრაინის დელეგაციის ზოგიერთი წარმომადგენელი“.

„პრეზიდენტმა ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ თავად გააკეთა არაერთი საინტერესო განცხადება“, — თქვა ლავროვმა და ამ კონტექსტში გაიხსენა ზელენსკის განცხადება, რომ მოლაპრაკებებზე მხარეების პოზიციები უფრო რეალისტური გახდა.

„ეს უფრო რეალისტური შეფასებაა ზელენსკის მხრიდან იმისა, რაც ხდება. მანამდე საკმაოდ კონფრონტაციულ განცხადებებს აკეთებდა“, — თქვა ლავროვმა.

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს უნდა გაიმართოს.

„ხვალ გავაგრძელებთ. ძალიან რთული და ბლანტი მოლაპარაკების პროცესია. არსებობს ფუნდამენტური წინააღმდეგობები. მაგრამ, რა თქმა უნდა, არის კომპრომისის ადგილი. შესვენებაზე მუშაობა ქვეჯგუფებში გაგრძელდება“, — დაწერა 15 მარტს Twitter-ზე უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა.

უკრაინასთან მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა, რომ კიევმა წარმოადგინა ნეიტრალური სტატუსის ვარიანტები, თუმცა, საკუთარი არმიით და ფლოტით.

„განიხილება მთელი კომპლექსი საკითხების, რომელიც უკავშირდება უკრაინის არმიის ზომას. უკრაინის შეთავაზებაა ავსტრიული ან შვედური ვარიანტი ნეიტრალური, დემილიტარიზებული სახელმწიფოსი, რომელსაც, ამავდროულად, ჰყავს საკუთარი არმია და სამხედრო-საზღვაო ძალები. ყველა ეს საკითხი განიხილება. ჩვენთვის საკვანძო საკითხია ყირიმის და დონბასის სტატუსი; მთელი რიგი ჰუმანიტარული საკითხები, მათ შორის, დენაციფიკაცია, რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებები, რუსული ენის მდგომარეობა და სხვა“, — თქვა მედინსკიმ და დასძინა, რომ რუსეთის მიზანი მოლაპარაკებებზე იგივეა, რაც „სპეცოპერაციის“ დაწყებისას.

„ჩვენ გვჭირდება მშვიდობიანი, თავისუფალი, დამოუკიდებელი უკრაინა, ნეიტრალური, რომელიც არ არის სამხედრო ბლოკების წევრი, რომელიც არის ჩვენი მეგობარი, მეზობელი, რომელთან ერთადაცა ვაშენებთ ჩვენს მომავალს და არ არის ჩვენს ქვეყანაზე სამხედრო და ეკონომიკური თავდასხმის პლაცდარმი“, — აღნიშნა მან.

მანამდე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებებში ერთ-ერთი საკვანძო საკითხია სანქციების თემა.

„მთელი ეს არანორმალური სიტუაცია ეკონომიკური სანქციებით, რომელიც გვაგონებს არა სანქციებს, არამედ სრულმასშტაბიან, სრულფასოვან, უპრეცედენტო ეკონომიკურ ომს რუსეთის წინააღმდეგ — ეს პოზიცია არის ერთ-ერთი მთავარი მოლაპარაკების თემა ჩვენს თითოეულ შეხვედრაზე“, — განაცხადა მედინსკიმ.

კრემლის პრესპიკერ დიმიტრი პესკოვის თქმით, „გარკვეულ კომპრომისად“ შეიძლება ჩაითვალოს უკრაინის შვედური ან ავსტრიული მოდელით უკრაინის „დემილიტარიზაცია“.

რა ნიშნავს შვედური ან ავსტრიული მოდელი?

ავსტრიული ან შვედური ნეიტრალიტეტის მოდელი, ძირითადად, სამხედრო ბლოკში არგაწევრიანებაში გამოიხატება.

საბჭოთა კავშირი და დასავლეთის ქვეყნები ავსტრიის პოლიტიკური სტატუსის შესახებ 1955 წელს შეთანხმდნენ და გაიყვანეს საკუთარი ჯარები ავსტრიიდან. დღეისთვის ავსტრიის ნეიტრალიტეტი უზრუნველყოფილია 1955 წლის ხელშეკრულებით და კონსტიტუციით, რომელიც კრძალავს სამხედრო ალიანსებში შესვლას და ავსტრიის ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო ბაზების შექმნას. ავსტრიისგან განსხვავებით, შვედეთის ნეიტრალიტეტის პოლიტიკა უფრო ისტორიულ ტრადიციას ემყარება და არა — საერთაშორისო ხელშეკრულებას. ამასთან, შვედეთს, ფინეთთან ერთად, მჭიდრო პარტნიორობა აქვს ნატო-სთან.

2022 წლის სამხედრო სიძლიერის რეიტინგში ავსტრია 142 ქვეყანას შორის 52-ე ადგილზეა, შვედეთი კი — 25-ზე.

უკრაინული მოდელი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ კიევი რეალურად ითხოვს არა  პროტოკოლურ ან ბუდაპეშტის მემორანდუმის მსგავს არაფექტურ, არამედ რეალური უსაფრთხოების გარანტიებს უკრაინული მოდელის მიხედვით.

„ჩვენ გვესმის ჩვენი პარტნიორების მცდელობა, დარჩნენ ინიციატორ მხარედ მოლაპარაკების პროცესში. აქედან მოდის სიტყვები ნეიტრალიტეტის შვედური ან ავსტრიული მოდელის შესახებ. მაგრამ უკრაინა ახლა პირდაპირ ომშია რუსეთთან. აქედან გამომდინარე, მოდელი შეიძლება იყოს მხოლოდ უკრაინული და მხოლოდ იურიდიულად დამოწმებული უსაფრთხოების გარანტიების შესახებ და არა სხვა მოდელები და ვარიანტები. რას ნიშნავს? პირველ რიგში ესაა უსაფრთხოების აბსოლუტური გარანტიები. ეფექტური და არა — პროტოკოლი ან “ბუდაპეშტური”. ეს ნიშნავს, რომ გარანტიების ხელმომწერები განზე არ დგანან უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში, როგორც დღეს, არამედ აქტიურად მონაწილეობენ კონფლიქტში უკრაინის მხარეს და დაუყოვნებლივ გვაწვდიან იარაღის საჭირო ოდენობას. და მეორეც, უკრაინას აღარ სურს დამოკიდებული იყოს ბიუროკრატიულ პროცედურებზე, რომლებიც ცის დახურვის საშუალებას იძლევა ან არ იძლევა. ჩვენ გვჭირდება პირდაპირი და მყარი გარანტიები, რომ ცა აუცილებლად დაიკეტება“, — აცხადებს პოდოლიაკი და დასძენს, რომ უკრაინა არასოდეს ყოფილა მილიტარისტული სახელმწიფო, რომელიც თავს ესხმის ან გეგმავს თავდასხმას მეზობლებზე.

1994 წელს ბუდაპეშტის მემორანდუმით უსაფრთხოების გარანტიების შესახებ უკრაინა მიუერთდა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებას. მემორანდუმის მხარეებმა — შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა და ბრიტანეთმა — აიღეს ვალდებულება „პატივი სცენ უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და არსებულ საზღვრებს“ და „თავი შეიკავონ ქვეყნის წინააღმდეგ მუქარისგან ან ძალის გამოყენებისგან“. ამ გარანტიებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა უკრაინის მთავრობის დარწმუნებაში, დაეთმო მსოფლიოს სიდიდით მესამე ბირთვულ არსენალი, რომელიც შედგებოდა დაახლოებით 1900 სტრატეგიული ბირთვული ქობინისგან. თუმცა რუსეთმა ეს მემორანდუმი ჯერ კიდევ 2014 წელს დაარღვია ყირიმის ანექსიით.

ცნობისთვის, 2010 წელს, პრეზიდენტი იანუკოვიჩის დროს, უკრაინამ კანონმდებლობით განსაზღვრა უბლოკო სტატუსი. მიუხედავად ამისა, 2014 წელს რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, მანამდე კი წინააღმდეგობა გაუწია უკრაინის მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას. მაიდნის მოვლენების შედეგად ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2014 წლის დეკემბერში უკრაინამ უბლოკო სტატუსზე უარი თქვა.

ამავე თემაზე:

არახამია: მზად ვართ, განვიხილოთ უსაფრთხოების მოდელები NATO-ს მიღმა

ჩვენ უკვე გავიგეთ, რომ ნატოში ვერ შევალთ და საჭიროა ამის აღიარება — ზელენსკი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი