ახალი ამბები

არახამია: მზად ვართ, განვიხილოთ უსაფრთხოების მოდელები NATO-ს მიღმა

7 მარტი, 2022 • 4484
არახამია: მზად ვართ, განვიხილოთ უსაფრთხოების მოდელები NATO-ს მიღმა

უკრაინა მზადაა, NATO-ს წევრობის გარდა, უსაფრთხოების სხვა მოდელებიც განიხილოს. ამის შესახებ მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის წევრმა დავით არახამიამ FOX News-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც Ukrinform იუწყება, არახამიას თქმით, NATO უკრაინის ალიანსში მიღებას უახლოესი 5-10 წლის განმავლობაში არ გეგმავს, უკრაინული მხარე კი შედეგზეა ორიენტირებული და არა პროცესზე:

„მზად ვართ, განვიხილოთ გარკვეული მოდელები, რომელიც NATO-ს არ უკავშირდება. მაგალითად, შესაძლოა პირდაპირი მოლაპარაკებები უსაფრთხოებაზე ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა აშშ, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, შესაძლოა, გერმანია და საფრანგეთიც. ღია ვართ უფრო ფართო განხილვისთვის პარტნიორებთან და არამხოლოდ ერთი-ერთზე რუსეთთან“, – აცხადებს დავით არახამია.

ამასთან, არახამია აღნიშნავს, რომ საკითხი, რომელსაც უკრაინა მოლაპარაკებებზე არ დათმობს, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობაა. მისი თქმით, უკრაინას შეუძლია საკუთარი საზღვრები დაიცვას, თუმცა ამისთვის საჭიროა, რუსული ავიაცია ცაში არ დომინირებდეს, ამისთვის კი, უკრაინის ცის არასაფრენ ზონად გამოცხადება, რაც ბევრი ადამიანის სიცოცხლეს იხსნის.

მე-11 დღეა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთმა დაბომბა ქალაქებიც, დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ძირითადად ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით ქვეყანა დატოვა 1.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა. ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური და სწრაფი ლტოლვილთა კრიზისი.

მასალების გადაბეჭდვის წესი