საზოგადოება

“პეტერბურგის სინდისი” — ვინ არის მოხუცი ქალი, რომელიც 20 წელია, პუტინის პოლიტიკას აპროტესტებს

16 მარტი, 2022 • 8860
“პეტერბურგის სინდისი” — ვინ არის მოხუცი ქალი, რომელიც 20 წელია, პუტინის პოლიტიკას აპროტესტებს

რუსი აქტივისტების თანახმად, გასულ კვირას ქალაქ სანქტ-პეტერბურგში, ომის გასაპროტესტებლად გამართულ აქციაზე, პოლიციამ კვლავ დააკავა 77 წლის მხატვარი ელენა ოსიპოვა. როგორც ყოველთვის, ქალს ამჯერადაც მის მიერ მომზადებული პლაკატები ეჭირა ხელში.

ეს მინიმუმ მეორე შემთხვევაა მიმდინარე თვეში, როცა ხელოვანსა და ვეტერან აქტივისტს უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის გაპროტესტებისთვის პოლიციასთან პრობლემები ექმნება. ის 2 მარტსაც დააკავეს, რისი ამსახველი ვიდეოც ფართოდ გავრცელდა სოციალურ მედიაში.

მსგავსი სიტუაციები ელენა ოსიპოვასთვის უცხო არ არის. ის დიდი ხანია ხატავს, აპროტესტებს და იდევნება.

როგორ დაიწყო ისტორია — “ნორდ-ოსტი”

ფაქტობრივად შეუძლებელია სანქტ-პეტერბურგის უახლოესი წარსულის საპროტესტო მოძრაობებზე საუბარი ელენა ოსიპოვას ხსენების გარეშე: მარტო თუ სხვებთან ერთად, მზიან თუ თოვლიან ამინდში, თავისი ნახატებით ხელში აპროტესტებდა ყველაფერს, რაც არ მოსწონდა.

ოსიპოვას ცხოვრება სამოქალაქო აქტივიზმით არ დაწყებულა, თუმცა უსამართლობას ვერც იმ საქმეში ეგუებოდა, რომელსაც 30 წელზე მეტი შეალია. ის სახვითი ხელოვნების სხვადასხვა დარგს ასწავლიდა ბავშვთა სახელოვნებო სკოლაში.

“იქ მუშაობა აღარ შემეძლო მას შემდეგ, რაც მიუღებელი პროცესები განვითარდა: ბავშვების ნახატების გაყიდვა დაიწყეს. ბავშვს იმის დროც არ ჰქონდა, რომ ნამუშევარი დაესრულებინა, პირდაპირი მნიშვნელობით ხელიდან გლეჯდნენ, სიტყვებით: “ეს იყიდება”.

თავიდან ამას იმით ასაბუთებდნენ, რომ სკოლას თანხები სჭირდებოდა, შემდეგ კი ბიზნესის კეთება დაიწყეს. ვეღარ გავძელი და წამოვედი: შემრცხვა”, — უთხრა მან გაზეთ “ბუმაგას” 2014 წელს.

“სირცხვილია პროდუქტების განადგურება ქალაქში, რომელიც ბლოკადას გადაურჩა”, — ასე გამოეხმაურა ელენა ოსიპოვა რუსეთის ხელისუფლების მიერ დიდი ოდენობით საკვები პროდუქტის დემონსტრაციულად განადგურებას. საუბარია დასავლეთში წარმოებულ პროდუქციაზე, რომლის იმპორტიც რუსეთმა მისთვის დაწესებული სანქციების საპასუხოდ აკრძალა. (2015 წ.) ფოტო: ვალენტინ ნიკიტჩენკო

ელენა ოსიპოვას პირველი პროტესტი ე.წ. ნორდ-ოსტის ტრაგედიას — მოსკოვის დუბროვკის თეატრის ტერორისტულ აქტს — უკავშირდება, რომლის დროსაც ჩეჩენი შეიარაღებულების ჯგუფმა ასობით ადამიანი მძევლად აიყვანა ჩეჩნეთიდან რუსეთის ჯარების გაყვანის მოთხოვნით.

იმ დროს ვლადიმერ პუტინი ახალი მოსული იყო ხელისუფლებაში, ჩეჩნეთზე კი, სადაც კვლავ გრძელდებოდა შეიარაღებული კონფლიქტი, მოსკოვის პირდაპირი მმართველობა ვრცელდებოდა.

3 დღის შემდეგ, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სპეცოპერაცია დაიწყო, რომელიც თეატრის შენობაში ძლიერმოქმედი მომწამვლელი ნივთიერების გაშვებით დასრულდა.

თავდამსხმელებთან ერთად 120 მძევალი დაიღუპა — მათი უმეტესობა არა თავდამსხმელების მოქმედებებმა, არამედ მომწამვლელმა აირმა შეიწირა.

მომხდარით შოკირებული მხატვარი მიხვდა, რომ სახლში ვერ დარჩებოდა. სპონტანურად მომზადებული, ხელნაწერი პლაკატით ხელში სანქტ-პეტერბურგის ცენტრალურ მოედანზე გავიდა. “ბატონო პრეზიდენტო, სასწრაფოდ შეცვალეთ გზა” — ეწერა მის პირველ პლაკატზე.

“უბრალოდ არ მესმოდა, რატომ არავინ გამოდიოდა გარეთ, რატომ დუმდა ყველა”, — აღნიშნავდა ოსიპოვა თავისი პირველი, ერთკაციანი საპროტესტო აქციის გახსენებისას.

“საჭირო იყო ომის დამთავრების საკითხის დაყენება. ხალხი კვდებოდა, მაგრამ საჯაროდ არავინ საუბრობდა”, – ამბობს კიდევ ერთ ინტერვიუში.

ელენა ოსიპოვა უკრაინაში ომის წინააღმდეგ(2014 წ.). ერთ-ერთ პლაკატზე წერია: “დედებო და ცოლებო, შეაჩერეთ ომი. არ დაუშვათ რუსული ჯარების შეჭრა უკრაინაში”. ფოტო: ვალენტინ ნიკიტჩენკო

ასე დაიწყო ელენა ოსიპოვას 20-წლიანი გზა სამოქალაქო აქტივიზმში:

თავისივე პლაკატებით აპროტესტებდა ბესლანის ტრაგედიას, დაპატიმრებებს პოლიტიკური ნიშნით, ოპოზიციური წრეების წარმომადგენელთა დაკავებებს, ომებს სირიასა და უკრაინაში, პეტერბურგის ისტორიული კათედრალის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემის მცდელობას…

მხატვრის ყურადღების მიღმა არც რუსეთს გარეთ მომხდარი პროცესები რჩებოდა:

ერაყის ომი იმ ქვეყნების საკონსულოებთან გააპროტესტა, რომელთაც მხარი დაუჭირეს სამხედრო კამპანიას, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ კი დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად პლაკატი მოამზადა და აშშ-ის საკონსულოს შენობასთან მიიტანა.

პროტესტი, დაკავება, ისევ პროტესტი

თავისი აქტივიზმის დასაწყისში ელენა ოსიპოვას ზურგს ბევრი არავინ უმაგრებდა. მარტო იდგა როგორც “ნორდ-ოსტის” შემდეგ, ისე ბესლანის ტრაგედიის წლისთავზე.

თუმცა, წლიდან წლამდე ვითარება იცვლებოდა. დღეს ელენა ოსიპოვა მარტო აღარ არის: აქტივიზმის ორი დეკადის მანძილზე მან არაერთი თანამოაზრე გაიცნო და ახლა მათთან ერთად აპროტესტებს ომებს, ავტორიტარიზმსა და სხვა საკითხებს, რომლებიც აწუხებს.

მეორე მხრივ, ოსიპოვას ცხოვრებაში გაჩნდა ადგილი, რომელში მოხვედრაც, ფაქტობრივად, ნებისმიერი “პროვოკაციული” პერფორმანსის მოწყობის პირდაპირპროპორციულია: პოლიციის განყოფილება.

მხატვარი მრავალჯერაა დაკავებული და დაჯარიმებული. არქივში მოიძებნება არაერთი კადრი, რომელიც ერთსა და იმავე სცენას ასახავს: როგორც მიჰყავს ერთ/რამდენიმე პოლიციელს ელენა ოსიპოვა, თავისი ნახატებით ხელში.

ელენა ოსიპოვა პოლიციის მანქანისკენ მიჰყავთ. ფოტო: ვალენტინ ნიკიტჩენკო

როგორც ამბობს, დაკავებებზე ნაკლებად დარდობს, თუმცა აწუხებს იმ პლაკატების ბედი, რომელთაც ართმევენ. ძალოვანი უწყებების ხელში გაუჩინარებული არაერთი პლაკატი მხოლოდ ფოტოებზეა შემორჩენილი.

“ხშირად ვყოფილვარ პოლიციის სხვადასხვა განყოფილებაში. პოლიციამ ჩემ შესახებ უკვე ყველაფერი იცის. ჩივიან კიდეც, თითქოს რამის გაკეთება შემეძლოს.

…პირველ ხანებში, როცა მაკავებდნენ, მათი ხელფასები ძალიან დაბალი იყო, ხალხი [იქ] 3 უმაღლესი განათლებით მუშაობდა. პერესტროიკის შემდეგ არსად ჰქონდათ წასასვლელი, რომ ემუშავათ.

იქ ბევრი კარგი ხალხია. თავად ამბობენ, რომ უწინ მოსახლეობა უნდა დაეცვათ, ახლა კი — ხელისუფალნი მოსახლეობისგან. მაგრამ არიან ისინიც, ვისაც ძალის გამოყენება უყვარს”, — უთხრა მხატვარმა “რადიო თავისუფლების” რუსულ სამსახურს მიმდინარე წლის თებერვალში.

როგორც ჰყვება, პოლიციასთან ურთიერთობისას იყო ასეთი შემთხვევაც:

“მახსოვს, [ერაყის] ომის საწინააღმდეგო პლაკატებით ვიდექი სხვადასხვა საკონსულოსთან და პოლიციის უფროსი მომიახლოვდა. საუბარი დავიწყეთ. ვუთხარი: “დიახ, ეს ყველაფერი უსარგებლოა, არანაირი რეაქცია არ არის”. მან მიპასუხა: “არა, ნუ ფიქრობთ, რომ ეს უსარგებლოა”. შეიძლება ითქვას, მხარი დამიჭირა”.

“ფუნჯი ტერორიზმის წინააღმდეგ. დიდება მამაცი ფრანგი ჟურნალისტების, მხატვრების ხსოვნას” — ელენა ოსიპოვას პროტესტი ჟურნალ “შარლი ებდოს” წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტის შემდეგ. (2015 წ.) ფოტო: ვალენტინ ნიკიტჩენკო. 

ელენა ოსიპოვა პატარა, კომუნალურ ბინაში ცხოვრობს, მისივე ნამუშევრებით დაფარული კედლების გარემოცვაში. მათ შორის მოიძებნება როგორც პეიზაჟები, ისე მხატვრის მიერ ბოლო 20 წლის მანძილზე შექმნილი, პოლიტიკური შინაარსის პლაკატები.

სამართლებრივი დევნის გარდა, ახლა უკვე ვეტერან აქტივისტს აგრესიული თანამოქალაქეების მხრიდან შეურაცხყოფაც არაერთგზის აუტანია. ინტერვიუებში იხსენებს, მაგალითად, თავისი აქტივიზმის პირველ დღეს, როცა “ნორდ-ოსტის” ტრაგედიის შემდეგ ჩეჩნეთის ომის დასრულების მოთხოვნით გავიდა გარეთ:

“ჩემთან მოვიდნენ ახალგაზრდა ქალები, რომელთა ქმრებიც ჩეჩნეთში იბრძოდნენ და კინაღამ სახეში შემაფურთხეს. არ ესმოდათ, რომ მე მათი ქმრების სახლში დაბრუნების მომხრე ვიყავი”.

2017 წლის 9 მაისი, როცა ელენა ოსიპოვას პროტესტს ზოგიერთი მოქალაქე აგრესიით შეხვდა. 

აგრესიის კიდევ ერთი შემთხვევა კადრებზეც აისახა: მხატვარს 2017 წლის 9 მაისს, მაშინ დაუპირისპირდნენ, როცა სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ ქუჩაზე პლაკატებით გამოვიდა სირიასა და უკრაინაში წარმოებული ომების წინააღმდეგ.

“ნუ იქცევით საზარბაზნე ხორცად” — ეწერა ერთ-ერთ პლაკატზე.

“როგორ არ გრცხვენიათ, ის[პუტინი] ჩვენი პრეზიდენტია! რატომ ცხოვრობთ რუსეთში?!” — მიმართავდნენ მას, თუმცა ოსიპოვას იქაურობა არ დაუტოვებია. თავისი პლაკატებით ხელში იჯდა, იღიმოდა და მშვიდად პასუხობდა აგრესიულ შეძახილებს.

“სანქტ-პეტერბურგის სინდისი”

პენსიონერ მხატვარს პეტერბურგელი აქტივისტები უკვე კარგად იცნობენ. მისი საქმიანობის შესახებ წიგნი გამოიცა, 2015 წელს კი, 70 წლის იუბილეზე, ელენა ოსიპოვას ორგანიზაცია “ღია რუსეთმა” პერსონალური გამოფენა მოუწყო.

იყო შემთხვევაც, როცა პოლიციის მიერ გამოწერილი ჯარიმების თანხა ოსიპოვას საზოგადოებამ შეუგროვა, სოციალურ ქსელში კი შეიქმნა ჯგუფი, სახელწოდებით: “საქნტ-პეტერბურგის სინდისი — მხატვარი ელენა ოსიპოვა”.

ოსიპოვას შეუპოვრობაზე საუბრისას, პეტერბურგელმა აქტივისტმა ხავა ხაზბიევამ “რადიო თავისუფლების” რუსულ ბიუროსთან საუბრისას გაიხსენა “დედობრივი მრისხანების მარში”, რომელიც ქალაქში 2019 წლის წლის თებერვალში გაიმართა.

ელენა ოსიპოვა აპროტესტებს რუსეთის სამხედრო კამპანიას სირიაში და ტაჯიკი ბავშვის, 5 თვის უმარალის გარდაცვალებას, რომელიც მანამდე სანქტ-პეტერბურგის პოლიციამ მიგრაციის კანონების დარღვევის ბრალდებით დაკავებული დედისაგან გააცალკევა. (2015 წ.) ფოტო: ვალენტინ ნიკიტჩენკო

მაშინ მოქალაქეებმა გააპროტესტეს ფაქტი, როცა ორგანიზაცია “ღია რუსეთის” წევრობის გამო შინაპატიმრობაში მყოფ აქტივისტ ქალს მძიმე მდგომარეობაში მყოფი შვილის მონახულების საშუალება მხოლოდ მის გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე მისცეს.

“ეს [ოსიპოვა] ფენომენია, რომელიც აქ და ახლა, ჩვენ გვერდით არის. ელენა ანდრეევნას ყველა აქციაზე ვხედავ, მაგრამ “დედობრივი მრისხანების მარშის”დროს დავახლოვდით…

[მან] არაჩვეულებრივი ნახატი შექმნა და ასე გამოვიდა [გარეთ]. ღმერთო, რა დღე იყო, ცივი, მოლიპული, წვიმიანი… ჯერაც ვორჭოფობდი, წავსულიყავი თუ არა, მაგრამ ელენა ანდრეევნა დროულად მოვიდა, ის ვერაფერმა შეაჩერა”, — დასძენს ხაზბიევა.

ელენა ოსიპოვას პოლიცია აკავებს ომის საწინააღმდეგო აქციაზე სანქტ-პეტერბურგში. 02.03.22 

ელენა ოსიპოვას აქტივიზმის 20 წლის განმავლობაში რუსეთში თავისუფლებების კუთხით მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდა. ახლა კი, როცა პუტინის ხელისუფლება უკრაინის წინააღმდეგ ღია ომს აწარმოებს, 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება ყველას, ვინც რუსეთის არმიაზე “ყალბ ინფორმაციას” გაავრცელებს.

ორგანიზაცია OVD-info-ს მიხედვით, რუსეთის ქალაქებში ომის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციებზე, ჯამში, 15 000-მდე ადამიანია დაკავებული.

“ანშლუსი დაიწყო, ის გაგრძელდება. გიხაროდეთ, ვისაც გეხალისებათ. მეტი ჭამეთ, ნავთობი და გაზი თქვენს თაობას ეყოფა”, — ასე აფასებდა ელენა ოსიპოვა ომამდე რამდენიმე დღით ადრე შექმნილ ვითარებას.

ის მედიას ეუბნებოდა, რომ ხშირად ავადმყოფობს და ხანდახან მხოლოდ მაღაზიაში გასვლას ახერხებს. მიუხედავად ამისა, სანქტ-პეტერბურგში ომის საწინააღმდეგო დემონსტრაციებს ოსიპოვას გარეშე არ ჩაუვლია.

ელენა ოსიპოვას უკრაინის წინააღმდეგ ომის გაპროტესტებისთვის აკავებენ სანქტ-პეტერბურგში. 14.03.22 ფოტო: Facebook/Avtivacia.org

მარტის დასაწყისში სოციალურ მედიაში ფართოდ გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ აკავებს პოლიცია აქციაზე გამოსულ მხატვარს. მას ხელში ბირთვული შეიარაღების საწინააღმდეგო პლაკატები ეჭირა.

რუსი აქტივისტების თანახმად, ელენა ოსიპოვა კიდევ ერთხელ 13 მარტს დააკავეს. ერთ-ერთ პლაკატზე, რომელიც პოლიციის გარემოცვაში მყოფ მხატვარს უჭირავს, ვკითხულობთ:

“პუტინი ომია. ჩვენ არ გვინდა, აღმოვჩნდეთ სამოთხეში, მოვკვდეთ პუტინის გამო”.

მასალების გადაბეჭდვის წესი