საზოგადოება

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში რთავს დაქირავებულებს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან — უკრაინა

13 მარტი, 2022 • 6381
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში რთავს დაქირავებულებს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან — უკრაინა

“შეტევის წარუმატებელი მცდელობის გამო, ოკუპანტები იძულებულნი გახდნენ, ტაქტიკა შეეცვალათ”, — აღნიშნავს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 12 მარტის განცხადებაში და იქვე დასძენს, რომ რუსეთის ძალები ბრძოლებში რთავენ დაქირავებულებს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან.

გენერალური შტაბის მიხედვით, რუსულ მხარეს ლოჯისტიკასა და მომარაგებაში მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს, რის გამოც თავის ქვედანაყოფებს საწვავს, საკვებსა თუ საბრძოლო მასალას სათანადოდ ვერ აწვდის.

“[ეს] ოკუპანტებს უბიძგებს, მიმართონ ადგილობრივი [მოსახლეობის], მაღაზიების, აფთიაქებისა და სხვათა ძარცვას. გარდა ამისა, ოკუპანტების ქმედებებს თან ახლავს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი მძიმე დანაშაულის არაერთი შემთხვევა”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

გენერალური შტაბის განცხადებით, პერსონალის მძიმე საბრძოლო დანაკარგებისა და სარეზერვო ნაწილების დაკომპლექტების პრობლემის ფონზე, რუსეთის შეიარაღებული ძალების სარდლობა უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში რთავს ე.წ. „წვევამდელებს“ დონეცკისა და ლუგანსკის ცალკეული რაიონებიდან, ისევე როგორც “დაქირავებულებს აფხაზეთიდან, სამხრეთ ოსეთიდან და პატიმრებს რუსეთის ფედერაციის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან”.

ამავე განცხადების მიხედვით, “მტერი აგრძელებს სარაკეტო და დაბომბვას კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, საცხოვრებელ უბნებსა და აეროდრომებზე, ცინიკურად უგულებელყოფს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წესებს”.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. მოსკოვი საჯარო განცხადებებში უარყოფს სამოქალაქო ობიექტების მიზანში ამოღებას.

გაეროს მონაცემებით, უკრაინა უკვე დატოვა 2.5 მილიონმა ადამიანმა.

11 მარტს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, რომ ახლო აღმოსავლეთიდან 16 000-მა მოხალისემ მოინდომა უკრაინაში მიმდინარე „სპეცოპერაციაში“ ჩართვა.

შოიგუმ პუტინს მიმართა წინადადებით, დაუშვან მოხალისეები საბრძოლო მოქმედებების ზონაში, რაზეც რუსეთის პრეზიდენტმა თანხმობა განაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი