საზოგადოება

ახლო აღმოსავლეთიდან 16 ათასმა მოხალისემ მოინდომა უკრაინაში წასვლა – შოიგუ

11 მარტი, 2022 • 7040
ახლო აღმოსავლეთიდან 16 ათასმა მოხალისემ მოინდომა უკრაინაში წასვლა – შოიგუ

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს თქმით, ახლო აღმოსავლეთიდან 16 000-მა მოხალისემ მოინდომა უკრაინაში მიმდინარე „სპეცოპერაციაში“ ჩართვა.

შოიგუმ პუტინს მიმართა წინადადებით, დაუშვან მოხალისეები საბრძოლო მოქმედებების ზონაში, რაზეც რუსეთის პრეზიდენტმა თანხმობა განაცხადა.

„თუ ფიქრობთ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მოხალისეობრივად, ფულის გარეშე სურთ წავიდნენ და აღმოუჩინონ დახმარება ადამიანებს, რომლებიც დონბასში ცხოვრობენ, კარგი, უნდა შევხვდეთ მათ და დავეხმაროთ, ჩავიდნენ საბრძოლო მოქმედებების ზონაში“ ,– თქვა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ უკრაინის ქალაქებს უტევს როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით. რუსეთი განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

ახლო აღმოსავლეთში, რუსეთი ძირითადად ორ ქვეყანაში ცდილობს საკუთარი ინტერესების გამოხატვას, მათ შორის, სამხედრო ჩართულობით ან კონფლიქტის რომელიმე მხარის დახმარებით. საუბარია სირიასა და ლიბიაზე.

სირიაში კრემლი მხარს უჭერს ბაშარ ალ ასადის რეჟიმს, რომელმაც რუსეთის მხარდაჭერით შეძლო ძალაუფლების შენარჩუნება და იმ ჯგუფების შევიწროება, რომელთა ნაწილიც თურქეთის მიერ მხარდაჭერილ ძალებად ითვლებიან.

ლიბიაში რუსეთი მხარს უჭერს ტობრუკის მთავრობას, რომელიც ლიბიის დიდ ნაწილს აკონტროლებს და ამ შემთხვევაშიც ებრძვის თურქეთის მიერ მხარდაჭერილ ძალებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი