მე-17 დღეა, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს. აქ ნახავთ, რა ხდებოდა გასულ ღამეს, 12 მარტის მონაცემებით:
- უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ დილის საათებში გავრცელებული ცნობით, ხარკოვის ოლქში მაშველებმა იპოვეს ხუთი ადამიანის, მათ შორის, ორი ბავშვის ცხედარი. უწყების თანახმად, ისინი სოფელ სლობოჟანსკეში, რუსეთის ძალების მიერ საცხოვრებელი შენობის დაბომბვისას დაიღუპნენ;
- Kyiv Independent-ის ინფორმაციით, გასულ ღამეს რუსეთის ძალებმა კიევის ოლქზე თავდასხმები განახორციელეს, რასაც რამდენიმე ხანძარი მოჰყვა. დედაქალაქიდან 36 კმ-ში მდებარე ქალაქ ვასილკივში ნავთობის საცავი იწვის, სოფელ კვიტნევეში კი ცეცხლი გაყინული პროდუქტების საწყობს მოედო;
- უკრაინა რუსეთს კვლავ ადანაშაულებს ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქ მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაციის პროცესისათვის ხელის შეშლაში. რუსეთის ძალებით გარშემორტყმულ ქალაქში საცხოვრებელი პირობები მეტად მძიმეა;
- პარალელურად, ადგილობრივი ოფიციალური პირის ცნობით, ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ სუმიდან მოსახლეობის ევაკუაციისათვის ჰუმანიტარულ დერეფანთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია;
- აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კვლავ ამბობს, რომ მისი ქვეყანა არ აპირებს სამხედრო ჩარევას ომში, თუმცა გააფართოვებს რუს ოლიგარქთა სიას, რომელთაც სანქციები უნდა დაუწესდეთ;
- კომპანია MAXAR-მა დაახლოებით ერთი კვირის წინ გაავრცელა სატელიტით გადაღებული ფოტოები, რომელზეც აღბეჭდილი იყო რუსული არმიის 64-კილომეტრიანი კოლონა. ის კიევისკენ მიდიოდა. სატელიტის ახალი, 10 მარტს გადაღებული ფოტოები აჩვენებს, რომ აღნიშნული კოლონა დაიშალა.
- უკრაინული მედიის ცნობით, შაბათს, დილის საათებში, ცენტრალური უკრაინის ქალაქ დნიპროში ისევ გაისმა აფეთქებების ხმა. ქალაქის მერის თქმით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა წარმატებით მოიგერიეს თავდასხმა და მსხვერპლი არ არის.
- უკრაინა ელის, რომ ბელარუსი მომდევნო საათებში ჩაერთვება რუსეთის მიერ წარმოებულ ომში. უკრაინის თავდაცვის მინისტრი 11 მარტს ამბობდა, რომ რუსეთი უკრაინა-ბელარუსის საზღვართან, ბელარუსულ დასახლებებზე საავიაციო თავდასხმას და შემდგომ ამის უკრაინისთვის დაბრალებას გეგმავს.
მთავარი ფოტო: ხანძარი კიევის ოლქში, გაყინული საკვების საწყობში. © SES