საზოგადოება

რუსული არმიის 64-კილომეტრიანი კოლონის ნაწილი ტყეში გადამალეს, ნაწილი გაიფანტა

12 მარტი, 2022 • 11244
რუსული არმიის 64-კილომეტრიანი კოლონის ნაწილი ტყეში გადამალეს, ნაწილი გაიფანტა

კომპანია  MAXAR-მა დაახლოებით ერთი კვირის წინ გაავრცელა სატელიტით გადაღებული ფოტოები, რომელზეც აღბეჭდილი იყო რუსული არმიის 64-კილომეტრიანი კოლონა.

ჯავშანტრანსპორტიორების, სამხედრო მანქანებისა და საარტილერიო მოწყობილობების 64-კილომეტრიანი კოლონა კიევისკენ მიემართებოდა. სატელიტის ახალი, 10 მარტს გადაღებული ფოტოები აჩვენებს, რომ აღნიშნული კოლონა დაიშალა.

რუსული არმიის სამხედრო ტექნიკის ნაწილი მიმდებარე ტყეებსა და საცხოვრებელ ზონებშია გადამალული, რათა, ერთი შეხედვით, შეუმჩნეველი დარჩეს.

როგორც BBC იტყობინება, ამის მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ კიევზე წარუმატებელი პირდაპირი იერიშის შემდეგ რუსულმა არმიამ ტაქტიკის შეცვლა გადაწყვიტა, გადააადგილა სამხედრო ნაწილები და შესაძლოა, უახლოეს დღეებში კიევს ახალი ძალით შეუტიოს.

აღნიშნული კოლონის ნაწილები ამჟამად კიევიდან 17-20 კილომეტრშია განთავსებული და ჯერჯერობით წინ არ მიიწევენ.

რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს, გამთენიისას წამოიწყო და მას შემდეგ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი