საზოგადოება

UK უკრაინას ახალ ანტისაჰაერო კომპლექსებს ჩუქნის – რა შეუძლია Starstreak-ს

9 მარტი, 2022 • 51240
UK უკრაინას ახალ ანტისაჰაერო კომპლექსებს ჩუქნის – რა შეუძლია Starstreak-ს

გაერთიანებული სამეფო გეგმავს, უკრაინა მოამარაგოს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსით, „სტარსტრიკებით“ (Starstreak).

ინფორმაცია ამის შესახებ თავდაცვის მდივანმა, ბენ უოლესმა გაავრცელა და განაცხადა, რომ „სტარსტრიკი“ „თავდაცვითი იარაღის“ განმარტებაში ჯდება.

უოლესის თქმით, უკრაინის თხოვნაზე პასუხად, ბრიტანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, განიხილოს „სტარსტრიკების“ „დონაციის შესაძლებლობა“.

ბენ უოლესი, ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი

„სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ უკრაინამ შეინარჩუნოს შესაძლებლობა … ჩაახშოს რუსული საჰაერო თავდასხმა“, – განაცხადა უოლესმა.

თავდაცვის მდივნის განცხადებით, მთავრობა ახლა მუშაობს გზებზე, თუ როგორ მიაწოდოს ეს იარაღი უკრაინელებს და როგორ გაწვრთნას უკრაინელი ძალები, რათა ამ იარაღის გამოყენება შეძლონ.

რა არის Starstreak?

ეს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი ბრიტანული კომპანია Thales-ის წარმოებისაა და ბელფასტში, ჩრდილოეთ ირლანდიაში იწარმოება.

სამხედრო ანალიტიკოსისა და შეიარაღების სპეციალისტის, გიგა ინაშვილის თანახმად, Starstreak „მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო საზენიტო სისტემაა“ დაბალ სიმაღლეებზე მფრენი ვერტმფრენების და თვითმფრინავების ჩამოსაგდებად.

სტარსტრიკი

გიგა ინაშვილის თქმით, 14 კგ-იანი რაკეტის სიჩქარე, – რომელიც ლაზერული არხით SACLOS (Semi-automatic command to line of sight) რეჟიმში იმართება, – 3,5 მახია, რაც „ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია“.

„საბრძოლო ნაწილი ამ რაკეტას ძალიან სპეციფიკური აქვს და შედგება სამი ცალი განცალკევებადი ვოლფრამის 900- გრამიანი, 396 მმ სიგრძის და 22 მმ დიამეტრის ჯავშანგამტანი ფეთქებადი ისრისგან, რომელიც სამიზნეზე მოხვედრისას ჯავშანს ხვრეტს, შიგნით აღწევს და იქ ფეთქდება, რის გამოც საფრენ აპარატს გადარჩენის თითქმის არანაირი შანსი არ რჩება“, – ამბობს ანალიტიკოსი.

ანალიტიკოსის თანახმად, თითოეულ ისარში PBX-98 ტიპის 450 გრამი ფეთქებადი ნივთიერებაა მოთავსებული.

გიგა ინაშვილი, სამხედრო ექსპერტი

რაკეტის მოქმედების სიმაღლე 5 კმ-ია, მოქმედების მანძილი კი – 7 კმ. ეს ნიშნავს, რომ „სტარსტრეიკს“ 5 კმ-ის სიმაღლეზე მფრინავი ობიექტის ჩამოგდება 7 კმ-ის მანძილზე შეუძლია.

„დამიზნების პრინციპიდან გამომდინარე (ლაზერული/SACLOS), Starstreak-ის რაკეტების წინააღმდეგ რუსულ ვერტმფრენებზე და მოიერიშეებზე დამონტაჟებული საბორტე დაცვის სისტემა Витебск სრულიად ქმედითუუნაროა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის რუსული ავიაციის დანაკარგებს“, – წერს გიგა ინაშვილი.


ბრიტანეთს უკრაინისთვის აქამდე უკვე ჰქონდა გაგზავნილი თავდაცვითი იარაღი.

CNN-ის ცნობით, უკრაინამ ნატოსგან და მოკავშირეებისგან მიიღო 17 000-მდე ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და 2000 „სტინგერი“ – ამერიკული წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი.

„სტინგერის“ მოქმედების სიმაღლე 3 კმ-ია, ხოლო „სტასტრიკის“ – 5 კმ.

რუსეთის ფედერაცია უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ უკრაინის ქალაქებს უტევს როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით.

რუკა ასახავს რუსეთის შეჭრას უკრაინაში 8 მარტის მდგომარეობით © ISW

საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთს პასუხად მკაცრი სანქციები დაუწესა.

პარალელურად, მოკავშირეებმა უკრაინას თავდაცვითი იარაღი მიაწოდეს,  ნაწილი კი კვლავ ჰპირდება დამატებით დახმარებას.

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების კუთხით მდგომარეობის შესახებ გირჩევთ წაიკითხოთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი